ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ამის შესახებ Meduza წერს.
მისი თქმით, მმართველმა „რეჟიმმა ბელარუსებს კვლავ აჩვენა, რომ ერთადერთი, რაც მას შეუძლია ძალადობაა“
„26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ბელარუსები ამ ნაბიჯს გადადგამენ, იმიტომ რომ მათ სიტყვა კანონია. კანონი, რომლის წართმევასაც ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ და ამაში ჩვენი მთავარი მშვიდობიანი იარაღი - სოლიდარობა დაგვეხმარება“, - წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში.
25 ოქტომბერს „სახალხო ულტიმატუმის“ ვადა ამოიწურა, რომელიც ტიხანოვსკაიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს წარუდგინა. ის მისგან პრეზიდენტის პოსტის დატოვებას და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტას ითხოვდა. ლუკაშენკომ პირობები არ შეასრულა და 25 ოქტომბერს მინსკში საპროტესტო აქცია „სახალხო ულტიმატუმი“ გაიმართა.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა სპეცსაშუალება გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებსა და დაკავებულების შესახებ.