„როცა საინფორმაციო გამოშვება იწყება კრიმინალის გაშუქებით, ეს საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ კრიმინალმა იმატა და მათ განწყობას ცვლის“

„როცა საინფორმაციო გამოშვება იწყება კრიმინალის გაშუქებით, ეს საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ კრიმინალმა იმატა და მათ განწყობას ცვლის“

მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკურმა ძალებმა წინასაარჩევნოდ მომხდარი კრიმინალური ფაქტების პოლიტიზირება მოახდინონ და საზოგადოების ამ თემით მანიპულირება დაიწყონ? ზუგდიდში განვითარებული მოვლენები კვლავ მწვავე შეფასებების მიზეზია. ოპოზიცია გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს და ზუგდიდში მომხდარი შემთხვევის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს. ხელისუფლება კი ამბობს, რომ კრიმინალი კი არ გაიზარდა, არამედ იკლო და ამის ნათელი მაგალითი ის სტატისტიკაა, რომლის შედარებაც შესაძლებელია წინა წლებთან.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ საზოგადოებით მანიპულირება პირველ რიგში მედიასაშუალებებით ხდება, რომელთა საინფორმაციო გამოშვება კრიმინალურ ფაქტებზეა აწაყობილი. იმის მაგივრად, რომ მთავარი ნიუსი პოლიტიკა, სოცილური თემები და ეკონომიკა იყოს, შებრუნებით, კრიმინალის გაშუქებით იწყებენ, ეს კი საზოგადოების დაძაბვას და დეპრესიას იწვევს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი თემით მანიპულირება ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა და რელური სტატისტიკა არავის აინტერესებს. ასევე ხდება სამართალდამცველებისთვის მეტი პასუიხსმგებლობების მიცემა, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედის. ქვეყანას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ყველაფერი მათ პასუხისმგებლობაზე იყოს დამოკიდებული.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება არ მოხდა, ეს შემთხვევა პრეცედენტის სახეს მიიღებს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება: „აქამდე მიგვიყვანა უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ, პოლიციამ, სადაც პოლიციელს არ აძლევენ შესაძლებლობას, ებრძოლოს კრიმინალს. ორჯერ არის გაზრდილი კრიმინალის სტატისტიკა“.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს, მისი თქმით, ვახტანგ გომელაური ქართული სახელმწიფოს წინაშე შერცხვა:

„მისმა სტრუქტურამ ვერ შეასრულა მთავარი ამოცანა, დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის დაკავება. ქართული სახელმწიფო და ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები შერცხვნენ და დამცირდნენ ერთი ავტომატიანი და ყუმბარიანი კაცის წინაშე და წარმოიდგინეთ, 100-კაციანი ჯგუფი რომ შემოვიდეს, ან რომელიმე ქვეყნის ჯარი, რა დაგვემართება. შესაბამისად ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის და მორალის საკითხი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სტატისტიკით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თუმცა ადამიანები კარგად აანალიზებენ იმ რეალობას, რომელშიც მათ ცხოვრება უწევთ: „კრიმინალური ვითარება რეალურად პრობლემებს უქმნის უკვე ჩვენს უსაფრთხოებას“.

„კრიმინალის მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გადამოწმება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი ხდება, რასაც მთელი ევროპული ქვეყნები ებრძვიან. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა გამოძიებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„დღეში დაახლოებით 100-150 დანაშაული ხდება და თუ მედია ყველას გააშუქებს, მერწმუნეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა“, – ამის შესახებ კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით ათი თავით მაღლა დგას წინა ხელისუფლების პოლიციურ სისტემაზე. რაც შეეხება ზუგდიდში მომხდარ ფაქტს, სესიაშვილის განცხადებით, დამნაშავეს პოლიცია აუცილებლად დაიჭერს.

„ძალიან რთულია მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა ფაქტს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ.

გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში ვიმყოფებით და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ. მთლიანად, ამ წლების განმავლობაში ატარებენ ამ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, აპოკალიფსია, ეკონომიკა იღუპება და ა.შ. თუ მივყვებით სტატისტიკას, მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტებს, 2004 წლიდან 2012 წლამდე სულ გაშუქდა 15-20 ფაქტი მთელი 8 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ მთლიანად საინფორმაციო პოლიტიკას აკონტროლებდა წინა ხელისუფლება. თუ ყოველ მეორე და მესამე ნიუსად გავუშვებთ კრიმინალურ ფაქტებს, მაშინ მოსახლეობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ რეალურად კრიმინალი ქვეყანაში არ გაზრდილა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ბრიგადის გენერალი და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ კრიმინალი ყოველთვის იყო და არის, თუმცა საინფორმაციო გამოშვებების ნაწილს, რომლებიც წინა ხელისუფლებების დროსაც ფუნქციონირებდნენ, საინფორმაციო გამოშვებები სრულიად სხვა თანმიმდევრობით ჰქონდათ აწყობილი. პირველ ადგილას იდგა პოლიტიკა, შემდეგ სოციალური თემები, ეკონომიკა და სადღაც ბოლოში კრიმინალი იყო. ხოლო 2012 წლის შემდეგ, უკვე მათ საინფორმაციო ბადის თანმიმდევრობა შეცვალეს და საინფორმაციო გამოშვება იწყება კრიმინალის გაშუქებით. შემდგომ ეს საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ კრიმინალმა იმატა და მათ განწყობას ცვლის.

„ყველა წლებში დაწყებული საქართველოს დამოუკიდებლობიდან, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე საუკეთესო დროსაც კი საქართველოში, დღეში, მინიმუმ, 90 -100 სამართალდარღვევა ხდებოდა. გაუარესებელი სტატისტიკის პირობებში ეს მონაცემები 170-200-მდე ადის. ეს არის მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გაუპატიურება, გამოძალვა, ოჯახური დანაშაულებები და სხვა ეკონომიკური დანაშაულებები. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ოდნავი განათლება აქვს და ინტერნეტთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ორი სიტყვა აკრიფოს მხოლოდ „დანაშაულის სტატისტიკა“ და მოიძიოს ინფორმაციები, რომლებიც პოლიციის და საქსტატის საიტებზე დევს. ვისაც ამ ელამენტარული ინფორმაციის მოძიების უნარი აქვს, მარტივად მიხვდება ეს მონაცემები ზუსტია თუ არა, რაზეც ახლა ლაპარაკობენ.

ნებისმიერ სპეციალისტს რომ კითხოთ, პოლიციის გამოცდილ თანამშრომლებს ვგულისხმობ, ისინი დაგიდასტურებენ, რომ შეიძლება სტატისტიკა და სხვადასხვა მონაცემები წვრილმანი ხულიგნობის ხარჯზე შეალამაზო, მაგრამ არ და ვერ ყალბდება შემდეგი ტიპის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, განზრახ მკვლელობა ან მცდელობა, გაუპატიურება, მძევლად აყვანა და ა.შ. ამას იმიტომ არ ვადარებ, რომ წინა ხელისუფლებაზე ვილაპარაკო, არამედ საინფორმაციო პოლიტიკაა შეცვლილი და თუ მაშინ აბსოლუტურად სარედაქციო პოლიტიკა სწორად იყო აწყობილი, ახალა სულ ამოტრიალებულია. მსგავსი დანაშაულები იმ ხელისუფლების დროსაც ხდებოდა. ყველაზე უკეთესი წელი სტატისტიკურად გვაქვს 2010-2011 წლები, მაგრამ იმ დროსაც ყოველ მესამე დღეს მკვლელობა ხდებოდა“, - ამბობს ამირან სალუქვაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ მავნე საინფორმაციო პოლიტიკა. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ არკვიოს, ვის დროს უფრო ნაკლები დანაშული ხდებოდა, პრობლემაა არაა. ეს, უბრალოდ, მოსახლეობაში დეპრესიას იწვევს. ბრიგადის გენერალი ამბობს, რომ მუდმივად ნეგატივზე საუბარი, საზოგადოების განწყობას ამძიმებს და ეს ყველაფერზე მოქმედებს.

„იმის გამო, რომ ერთმანეთს ხელისუფლების შენარჩუნებაში ებრძოლონ, ექსპერიმენტებს ჩვენზე ატარებენ და ყოველ დღე ამას ვუყურებთ და ვუსმენთ. არჩევენ სამ, ოთხ კრიმინალს, რადგანაც იციან, რომ ეს საკმარისია და ადამიანის განწყობაზე ზეგავლენას მოახდენენ. წინა ხელისუფლების დროს ძალიან კარგი გადაცემა იყო „პატრული“. საღამოს შუქდებოდა პოლიცია როგორ მუშაობდა, პოლიციის იმიჯის აწევა ხდებოდა. ახლა ყველა მათ ესხმის თავს და სამართალდამცველების იმიჯს არყევს. ეს კი, თავის მხრივ, კრიმინალს აქეზებს. ერთი თვე არ გააშუქონ და ნახავენ საზოგადოების განწყობას, როგორც, მაგალითად, ამას წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ. ხალხს ამ კრიმინალის, ნეგატივის და სიცრუის ყურება ყელში ამოუვიდა. კრიტიკა რომ იყოს საქმიანი, უკეთესია. როცა ადამიანი უყურებს, რომ 10-დან 9 ამბავი სიცრუეა, იმ ერთი სიმართლისაც აღარ სჯერა“, - აბობს სალუქვაძე for.ge-სთან.

უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია კი for.ge-სთან ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა გარკვეული ესკალაცია მოახდინა. ასევე სამართალდამცველებიც და ხელისუფლებაც საარჩევნო საქმიანობაზეა გადასული, ეს კი კრიმინალებს ხელს აძლევს, რომ უფრო ღიად და დაუბრკოლებლად იმოქმედონ. მუხაშავრია, ამბობს, რომ ზუგდიდში მომხდარმა ფაქტმაც, კრიმინალებზე გარკევული სახის გავლენა მოახდინა და მათი ქცევა რადიკალურად შეცვალა. ასევე წინასაარჩევნოდ გარკვეული პოლიტიკური ძალებისგან ამ თემით მანიპულირებაც ხდება. მისი თქმით, კრიმინალი ყველა დროს იყო და იქნება, თუმცა რაღაცას უფრო მძაფრად ვიგებთ და რაღაცას არა.

„თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ძალიან მძიმე კრიზისულ და ეკონომიკურ პირობებში ვცხოვრობთ, კრიმინალის გააქტიურება გასაკვირი და მოულოდნელი არ უნდა იყოს. ამას პარალელურად წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა, როდესაც ყველა მხოლოდ ამაზეა გადართული და კრიმინალებმაც დრო იხელთეს. ასევე ზუგდიდში მომხდარმა ძარცვამაც, მათ მოტივაცია შეუმქნა და გარკვეული დაუსჯელობის სინდრომი შექმნა. ამიტომ, ეს ლოგიკური რომ იქნებოდა, ამაზე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს უნდა ეფიქრათ და ამისთვის გარკვეული ზომები მიეღოთ.

სამწუხაროდ, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები სხვა საქმეებით არიან დაკავებული. გარეთაც და შიგნითაც მტერს გაუმკლავდე, ამის რესურსი აღარ არის. ამის პარალელურად კი, საარჩევნო სუბიექტების მონიტორინგი ხდება. სამართალდამცველებს აღარ შესწევთ ძალა, რომ ამდენი რამ ერთდროულად აკეთონ. ისინი არიან იმ საქმით ხშირად დაკავებულები, რომელიც მათი კომპეტენცია საერთოდ არ არის. ამ დღეების განმავლობაში კი დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა“,-ამბობს მუხაშავრია for.ge-სთან.