„დამნაშავემ შეიძლება ყველაფერი მოირგოს, დამნაშავე მოირგებს სამხედრო ფორმასაც, იარაღსაც, ეს მისთვის იქნება კომუფლიაჟი, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცისთვის კი სამხედრო ფორმა არ არის კომუფლიაჟი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე.
რისი გაკეთება შეეძლო და ვერ შეძლო სახელმწიფომ ზუგდიდის ინციდენტისას და ამანაც ხომ არ შეუწყო ხელი გამტაცებლის რომანტიკულ საბურველში გახვევას ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან?
- მე არ ვიცი, დამნაშავის იდეალიზება როგორ უნდა მოხდეს, დამნაშავე დღეს თუ ბანკში შევარდა, ხვალ სახლებში შეუცვივდება მოსახლეობას და მერეც ხომ არ იქნება იდეალიზირებული? დამნაშავის იდეალიზება თავის მოტყუებაა, დამნაშავეს სენტიმენტები არ აქვს, კეთილი მხარე არ გააჩნია, ის არის დამნაშავე. საბანკო სისტემა თუ ჩამოიქცა ქვეყანაში, ჩათვალეთ, 90-იან წლებში რა უბედურებაც იყო, ის დატრიალდება. ის, რომ ამ სიდუხჭირის ფონზე კრიმინალიტეტი გაძლიერდა გინდა ბანკებთან, გინდა მაღაზიებთან მიმართებით, ეს ძალიან საშიშია. ამასთან ხუმრობა არ შეიძლება, ეს გამოიწვევს ქაოსს. არაფერი მანდ რომანტიკული არ არის. ჯერ ერთი, გამტაცებელმა ის თანხა ღარიბებს კი არ გაუყო, არამედ წაართვა ბანკს და წაიღო ფული. თუ იგი ვერ დაიჭირეს და არ მოხდა დამნაშავის დასჯა, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, აქ პირდაპირ ჩანს სახელმწიფოს სისუსტე დამნაშავეთა სამყაროს წინაშე. ამის ნათელი მაგალითია რუსეთი, სადაც კრიმინალური აზროვნება, კრიმინალური ურთიერთობებია და ამის გამო რუსეთი განუვითარებელია. არა მგონია, ჩვენთან ვინმეს უნდოდეს რუსეთის მაგალითის გადმოღება, რადგან ეს მერე მოუტრიალდება თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ სუბიექტს.
როგორც წესი, რთულია ასეთი ოპერაციის ჩატარება თანამზრახველთა გარეშე, ზოგიერთები მძევლებს შორის ეძებენ დამნაშავის თანამოაზრეებს. თქვენი აზრით, ეს თანამზრახველები უნდა ყოფილიყვნენ ბანკის შიგნით, თუ გარეთ?
- რა თქმა უნდა, რთულია, მარტომ ჩაატარო ასეთი ოპერაცია. მართალი გითხრათ, ისეთ ქვეყნებში, როგორც ისრაელია, ამერიკაა, დარწმუნებული ვარ, დამნაშავე ცოცხალი ვერ გავიდოდა ბანკიდან. მეტსაც გეტყვით, რომ არა საარჩევნო გარემო და არჩევნების გამო გამოჩენილი სიფრთხილე, დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლებაც მიიღებდა გადაწყვეტილებას და მის ლიკვიდაციას მოახდენდა. ამ კონკრეტულ დამნაშავეს რომ გაუმართლა, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენ დამნაშავეებსაც გაუმართლებთ. პროფესიონალიზმი ჩვენს სპეცდანაყოფებში ძალიან მაღალია. უბრალოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მოხდა მისი გაშვება, თორემ ის თავს ვერ დააღწევდა ამ სპეცოპერაციას, განსაკუთრებით, ბოლო ეტაპზე, ქუჩაში რომ გამოვიდა.
რაც შეეხება დეტალებს, ბევრი ფიქრობს, რომ ხელყუმბარა სათამაშო იყო.
- ხელყუმბარა სათამაშო იყო, არ იყო გახსნილი, თუ დასკოჩილი ჰქონდა, ეს უკვე ალბათობის თეორიებია. ფაქტია, მან მოახდინა და მოახერხა გადაწყვეტილების მიმღები პირების დაშინება. ვა-ბანკზე წავიდა, ბლეფი იყო, თუ რა იყო, ამ ყველაფერმა მიზანს მიაღწია.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მსოფლიო პრაქტიკით, ეს იყო წარმატებული სპეცოპერაცია გომელაურის უწყების მხრიდან.
- პირველი ფაზა, როცა მძევლები გათავისუფლდნენ და უმსხვერპლოდ დამთავრდა, წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ მთლიანად ეს ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. მე ველოდები მეორე-მესამე ფაზას. ანუ ეს სპეცოპერაცია შედგება სამი ფაზისგან, პირველია მძევალთა გათავისუფლება, მეორეა ბანკის ქონების დაცვა (ფული რომ გადაუხადეს და მან ფული წაიღო, ეს არ ნიშნავს წარმატებას) და მესამეა დამნაშავის დასჯა. თუ ფული არ დაბრუნდა და დამნაშავე არ დაისაჯა, მაშინ ეს იქნება პირდაპირ წარუმატებელი ოპერაცია და ეს იქნება სახელმწიფოს სირცხვილი, რაც ძალიან ცუდ შედეგს გამოიწვევს. ეს სხვებსაც წააქეზებს და ვნახეთ უკვე დანაშაულების როგორი ტალღა წამოვიდა, ეს უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევს, რადგან ასე ერთი ერთზე სიტუაცია არ დაჯდება. შეიძლება სხვანაირად განვითარდეს მოვლენები მომავალში და სავსებით უდანაშაულო ხალხი, ბანკში ან მაღაზიაში შესული ჩვეულებრივი მომხმარებლები, ან ბანკის და მაღაზიის თანამშრომლები აღმოჩნდნენ მსხვერპლნი. თვით დამყაჩაღებლებიც მსხვერპლის როლში გამოვლენ, რადგან შეუძლებელია, აპრიორშივე ვიძახი, ამას ვერ დათმობს სახელმწიფო, რადგან, თუკი სახელმწიფო ყველაფერს დათმობს, იგი ჩამოიშლება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს თავისი ამოცანა, დაიცვას თავისი მოქალაქეების სიცოცხლე, მათი ქონება და დასაჯოს დამნაშავეები.
როცა დეტალებზე გამახვილდა ყურადღება, ცალკეული ადამიანები ასკვნიდნენ, რომ დამნაშავე მოქმედებისას თავდაჯერებულობას ავლენდა და, სავარაუდოდ, ის იყო ავღანეთში ნამყოფი პირი. ომის ვეტერანების მიმართ არც ერთი ხელისუფლების დამოკიდებულება არ ყოფილა სამაგალითო, შეიძლება თუ არა ამ ადამიანის ქმედება ახსნადი იყოს და ვეტერანების დაუფასებლობით იყოს ნაკარნახევი?
- მე ვერ ვიტყვი, ეს ადამიანი ავღანეთში იყო წვრთნაგავლილი, ერაყში, რომელიმე ძალოვან სტრუქტურაში, თუ სპეციალური მომზადების კურსი ჰქონდა გავლილი. ფაქტია, რომ მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იყო, ნერვული სისტემა მყარ ფაზაში ჰქონდა და შენობით იყო იარაღთან, ანუ იარაღი მისთვის უცხო არ იყო. ტელევიზიით ნანახი რამდენიმე კადრით ვერ ვიტყვით, რამდენად მაღალი პროფესიონალიზმი გააჩნდა. კი, კარგად ეჭირა იარაღი, მძევლების დასაშინებლად აგრესიაც გამოხატა, უკვე ფსიქოლოგიური მომენტია, ვის ხაჭაპური აჭამა, ამაზე თუ წამოეგნენ ადამიანები, რომლებიც ამდენი ხანი შიშის ქვეშ ამყოფა, დამცირებული ახოხა, უყვირა, ავტომატი ისროლა, დააშინა, აგრესია გამოხატა და ამის მერე თუ ეს ადამიანები კმაყოფილები არიან, კიდევ უფრო ცუდად, მანიაკალურად რომ არ მოექცა, ეს უკვე არ ვიცი. ეს ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა, ამას ვერ შევაფასებ. მას ყველაფერი გაანგარიშებული ჰქონდა და მიზანსაც მიაღწია. რაც შეეხება დაუფასებელ ვეტერანებს, რანაირად ცუდადაც არ უნდა მოგექცეს შენი სახელმწიფო, ბიუროკრატია და სავარძლებზე მოკალათებული ვიღაც პერსონები, ეს შენ არ გაძლევს უფლებას, შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენო ის უნარ-ჩვევები, რასაც შენ შეიძენ, ეს იქნება ქვეყნის დაცვა, სპეცსამსახურებში წვრთნა თუ მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ უკვე აღარ ხარ შენი ქვეყნის ჯარისკაცი, პირიქით, შენ გამოდიხარ შენი ქვეყნის მტერი, შენი ქვეყნის მტრების სამსახურში მყოფი ჯარისკაცი. ეს არის განსხვავება დამნაშავის ფსიქოლოგიასა და ქვეყნის დამცველის ფსიქოლოგიას შორის. დამნაშავემ შეიძლება ყველაფერი მოირგოს, დამნაშავე მოირგებს და მოიხდენს ფორმასაც, იარაღსაც, ყველაფერსაც. ეს ყველაფერი დამნაშავისთვის შეიძლება იყოს კომუფლიაჟი, ქვეყნის დამცველი ერთგული ჯარისკაცისთვის კი სამხედრო ფორმა არ არის კომუფლიაჟი, მისთვის მთავარი პრინციპია, რისთვის ისწავლა მან ეს ყველაფერი, რომ სამშობლოს გამოსდგომოდა და არა სამშობლოს წინააღმდეგ გამოეყენებინა.
ასე ძალიან ბევრს შეუძლია თავისი კეთილდღეობა მოიწყოს. ძალიან ბევრი მსახურობს ჯარშიც, სპეცსამსახურებშიც, წარმოიდგინეთ, ყველას მენტალობა ისე შეიცვალოს, რომ პირადი გამდიდრების მიზნით ადამიანები მოიტაცონ, დააყაჩაღონ, მოკლან, აწამონ. ნუ გვავიწყდება ერთი რამ, ყველა სახელმწიფო საზოგადოების შეთანხმებაზე დგას. თუ ჩვენი საზოგადოება შეთანხმებას დაარღვევს, არ გადაიხდის გადასახადებს, ჩაეფლობა კორუფციაში, შავი ბიზნესით დაკავდება, იყაჩაღებს, იქურდებს, პირველ რიგში, ამით ავნებს სახელმწიფოს და საკუთარ თავს, შვილებს. ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ სახელმწიფოს, ერთმანეთის ქონებას, არ შეიძლება გაბოროტებულის პოზიციიდან ყურება. დღეს ისეთი სოციალური ფონია, ადამიანს ორი მობილური რომ ეჭიროს ხელში და ჩვეულებრივი მანქანა ჰყავდეს, ვიღაცას მდიდარი ჰგონია. ეს არ ნიშნავს, თუ მდიდარია ადამიანი, ე.ი. შენი მტერია. რაღაც ამას ვამჩნევ, რაც ვნახე კადრები, არასრულწლოვნები შეიჭრებიან სადღაც, ეს მავნებლობაა, ეს ყველაფერი მოგვიტრიალდება უკან. ასეთი საქართველოდან კაპიტალი გაედინება, ყველა ბიზნესი იქნება წარუმატებელი, ფულიანი ქართველები თავიანთ კაპიტალს გაიტანენ აქედან და ამით მივიღებთ 90-იანებს, უდენო, მშიერ-მწყურვალ, გაუტანელ ცხოვრებას. ვინც ნიჭიერი და წარმატებული იქნება, ყველა გაიქცევა ამ ქვეყნიდან.