დიდი მადლობა ბატონ ვაჟა შუბითიძეს, ჭეშმარიტად უანგარო და გულღადარა ქართველს და, რა თქმა უნდა, საიტის რედაქციას, იმისათვის, რომ მე, რუსეთში ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამშობლოს მოცილებულ ქართველ კაცს, მომცეს ტრიბუნა ამ შესანიშნავი საიტის საშუალებით პერიოდულად გამეზიარებინა ჩემი ნააზრევი თქვენთვის, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ქართული კულტურის, ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების შესახებ.
სტატიათა ციკლის ერთადერთი მიზანი და მისწრაფება იქნება ის, რომ როგორმე ჩვენი ერი, მოქცეული აზროვნების ნეგატიურ ფორმატში, თავისი სუნთქვით, თავისი აზროვნებით, თავისი მოღვაწეობით გადავიდეს აზროვნების პოზიტიურ ფორმატში, რაც, ჩემის ღრმა რწმენით, მისცემდა მას საშუალებას გამონთავისუფლებულიყო თავისი თავის თვითდამუხრუჭებისა და ნგრევის ჯადოდან და, ბოლოს და ბოლოს, თავისი თავის შინაგანი განვითარებისა და აღმშენებლობის რეჟიმში გადასულიყო.
როდესაც ერისათვის ისეთი სახის ფუნდამენტალურ საკითხებს სწევ წინა პლანზე, როგორიც არის ეროვნული სამოქალაქო იდეოლოგიის ჩამოყალიბება და მის მიხედვით ეროვნული საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობა, ბუნებრივია, გიხდება ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც, გინდა თუ არა, შეუბრალებლად ამხელენ ნაკლოვანებებს, გამჯდარს სისხლსა და ხორცში ჩვენი ერისა, თვითოეული ჩვენთაგანისა. წინდაწინვე ვუხდი ბოდიშს მათ, ვინც ამის გამო გარკვეულ დისკომფორტს იგრძნობს. არავის თავისი თავი მწვანე კიტრი არ ეგონოს უპირველესად ჩემი ჩათვლით. არავის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ვართ ავად – ვართ ავად ყველანი ერთად, მთელი ჩვენი გულსაკლავად დაცალიცალებული და ამით უმწეოდქმნილი საზოგადოება, რომლის საერთო მდგომარეობაც, რომლის ავიცა და კარგიც თითოეულ ჩვენთაგანზე, თითოეული ჩვენთაგანის პიროვნულ ცხოვრებაზე სხვა და სხვანაირად, მაგრამ აუცილებლად კი აისახება.
დიდი თემაა საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება ნაცების რეჟიმის სახით, მაგრამ უფრო დიდ თემად მიმაჩნია ჩვენი, ქართველი ერის დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ და მიმაჩნია, რომ ამ განსაცდელთან ჩვენი დამოკიდებულების განსაზღვრებაშია ჩვენი ერის როგორც ხსნის, ისე წარწყმედის შესაძლებლობა.
თუ ყველაზე ძალიან ის უბედური ქართველი არ შეგვებრალება, და არ შეგვებრალება გულწრფელად, სისხლის ცრემლების დანთხევით, რომელზე დაყრდნობითაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს უსახური იქედნე, დორბლიანი და საზიზღარი, ქართველთა სისხლს «სვამდა, ამღვრევდა, ღვრიდა, უღმერთოდ ჰრყვნიდა, უგულოდ ჰყიდდა», ჩვენს საკუთარ თავზე ამაღლებას, ჩვენს მუხლებიდან წამოდგომას არანაირი საშველი არ დაადგება.
იმის მაგივრად, რომ ღირსებით გაესწორებინა თვალი ერის თავზე მოვლენილი ამ საერთო განსაცდელისათვის ამ საცოდავს და დანარჩენ თანამოძმეებთან ერთად კაცურად გაეცა მისთვის საკადრისი პასუხი, ასე უგემურად წახდა, ასე უშნოდ დაეცა, წაახდინა თავისი გვარი, წაახდინა თავისი წინაპრების ნაღვაწი, წაახდინა თავისი ოჯახის – უფლით ამ მცირე ეკლესიის – სიწმინდე...
მის მიერ გამოჩენილი ზიზღით ნუ გავაიგივებთ მას მის მიერ ჩადენილ ცოდვასთან, უგუნურებით ნუ გავუყადრებთ იმის ცოდვას თავს და ამგვარად ცოდვაგაჯერებულ „სამართალს“ ცხოვრების წესად ნუ დავიკანონებთ.
ნუ „ვიპარპაშებთ“ ჩვენ, „აქეთა მხარეს“ აღმოჩენილები იმათსა ზედა, ვინც „იქით მხარეს“ აღმოჩნდა, იმათი დაცემით ჩვენს სიმაღლეს ნუ გამოვკვეთავთ, იმათი უარყოფით საბედისწერო შეცდომას ნუ ჩავიდენთ და ერს საბოლოოდ ნუ გადავჩეხავთ უფსკრულში და ნუ დავასამრებთ, რამეთუ ვაი, ჩვენს ერს ამდენი დაცემულისათვის და რა გვეშველება ჩვენ, თუ ისინი ფეხზე არ წამოდგებიან!
გზა მხოლოდ ერთია – ჩვენ უნდა ვაშენოთ და ვაშენოთ ყველამ ერთად.
ყველამ ერთად როგორმე უნდა გავუძლოთ თანამემამულეთა განსჯისა და გაწირვის ცდუნებას, წაქცეული წამოვაყენოთ, წინ მიმავალს ზურგი გავუმაგროთ, უკან მომავალს გზა გავუკვალოთ და ერთმანეთის სიყვარულით სულგანათებულებმა სულ ასე შენებ-შენებით ვიაროთ წინ...
ჯვარ–პატიოსანთა საზოგადოება – გზა ქართული კულტურის რენესანსისაკენ
თუ არ დაეცი, ისე ვერ აღსდგები
ჯვარ–პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიის ჩამოყალიბება და ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესად მისი დამკვიდრება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი – ჩვენ, ქართველმა ერმა ყოველი ღონე ვიხმაროთ, რათა ქართული კულტურის კრიზისი აუცილებლად ქართული კულტურის რენესანსად გადავაქციოთ.
ეს კაცი მთლად გადავიდა ჭკვიდანო, – ამ სიტყვების წაკითხვის შედეგად ვინ აღშფოთდება, ვის მწარედ გაეღიმება – რა დროს კულტურის რენესანსია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო.
სწორედ იმის გამო, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა, ჩემო კეთილო ხალხო, სწორედ იმის გამო, რომ ამ დღეში ჩავცვივდით!
შიმშილი აჩენს შიმშილის დაურვებისკენ სწრაფვას, ტკივილი აჩენს ტკივილის დაამებისკენ სწრაფვას, დანგრევა აჩენს აღმშენებლობისკენ სწრაფვას, დაცემა აჩენს აღდგომისაკენ სწრაფვას, დაშრეტვა აჩენს აღორძინებისკენ სწრაფვას.
სწრაფვა, გადათარგმნილი გონების ენაზე, არის იდეა, ხოლო სულიერი ძალების ენაზე გადათარგმნილი – არის ნება. ანუ უკმარისობა ბადებს ორ რამეს – მოცემული უკმარისობის შევსების იდეას და, შესაბამისად, იდეის ხორცშესხმისათვის აუცილებელ ნებას.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოების კეთილდღეობაა უპირველესი წინაპირობა ეროვნული კულტურის აღორძინებისათვის, ძალიან სცდება. არამც და არამც, გაზაფხულის ყვავილობა, როგორც წესი, ზამთრის სიმკაცრეს მოსდევს, ულამაზესი დილა – ბნელ ღამეს, კულტურის აღორძინება – დაშრეტვამდე მისულ ყოფას.
ვისაც ოდესმე აუღორძინებია ერში ჩამკვდარი სულიერება (მე ვგულისხმობ ქუჯი ერისთავსა და ფარნავაზ მეფეს, ვახტანგ გორგასალსა და აშოტ კურაპალატს, გრიგოლ ხანძთელს, დავით აღმაშენებელს, ჭყონდიდელს, ილია ჭავჭავაძესა და კიდევ სხვა მრავალთ), იმათ იციან თუ მშობელი ერის სულიერი აღორძინება რა უზარმაზარ ტკივილებზე გავლით არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი.
როდესაც ხოტბას ასხამენ თამარის ხანის ბრწყინვალებას, იხსენებენ ოპიზრებს, შავთელსა და რუსთაველს და საქართველოს ისტორიის იმ პერიოდს ქართულ რენესანსად მოიხსენიებენ, ავიწყდებათ, რომ ქართული კულტურის რენესანსს დავითის ეპოქის ტკივილებში ჩაეყარა საფუძველი.
სულიერი აღორძინება თავისი არსით არის ერის მიერ თავისი გაჭირვებული ყოფის დაძლევისათვის წარმატებით განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგი.
თუ არ არის გაჭირვება, მაშინ არ არის არც გაჭირვების დაძლევის წყურვილი და, საბოლოოდ, არ არის არც აღმავლობა.
ამიტომ, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, დიდად სამწუხაროა დღევანდელი გაჭირვებული ყოფა, რომელმაც ასეთი გულისგასახეთქი სისასტიკით გაგვიწამა და გაგვიტანჯა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენი მშობელი ერი და სამშობლო.
მაგრამ, მეორეს მხრივ, სწორედ აღნიშნული სამწუხარო ფაქტი არის ერთადერთი საფუძველი იმისათვის, რათა აღდგეს ჩვენი სულიერება ფერფლიდან, ვითარცა სფინქსი და შეუდგეს იგი თავისი აღმავლობის დიად გზას.
დიაღაც რომ, სწორედ სულიერ კრიზისშია ჩამარხული სულიერი აღმავლობის შესაძლებლობა.
სულიერი კრიზისის არსი – ხორცზე ზრუნვა
ამიტომ, იმისათვის, რათა სულიერ აღმავლობაზე ანუ ქართული კულტურის რენესანსის დადგომაზე ვისაუბროთ, საჭიროა ჯერ დავადგინოთ ვიმყოფებით თუ არა ჩვენ, ქართველი ერი, სულიერი კრიზისის მდგომარეობაში.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ყური მივუგდოთ ხმას გაჭირვებული ქართველი ადამიანისა, რომლის სახესაც თითოეული ჩვენთაგანი წარმოვადგენთ:
იგი ჩივის იმის შესახებ, რომ არა აქვს სამსახური და არა აქვს საკმარისი შემოსავალი, შესაბამისად, არა აქვს მატერიალური საშუალება არჩინოს ოჯახი – ჩააცვას, დაახუროს, აჭამოს, ასვას. არა ჰყოფნის პენსია, არა ჰყოფნის ხელფასი. სახელმწიფო არ უზრუნველჰყოფს მის ნორმალურ არსებობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აძლევს მას ხვალინდელი დღის სტაბილურობის განცდას და ასე შედეგ.
ესე იგი, იგი ჩივის იმის ნაკლებობას, რაც არის საჭირო იმისათვის, რომ იცხოვროს იმან მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობაში.
მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ კარგად დავუკვირდებით, იგი ხმასაც არ იღებს ერში იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტების მოშლის შესახებ, რომელთა ფუნქციონირებაც არის ერთადერთი საფუძველიცა და ერთადერთი საშუალებაც იმისა, რომ ერმა თავად წარმართოს თავისი ცხოვრება და თვითონვე შეიქმნას თავისი ღირსეული ყოფა–ცხოვრებისათვის აუცილებელი მატერიალური და სულიერი დოვლათი.
იგი არაფერს ამბობს თავის მიერ ერისა და ქვეყნის ცხოვრების წარმართვის იმ კულტურის დაკარგვის შესახებ, რომლის გარეშეც შეუძლებელია საერთოდ ერის კეთილდღეობა.
იგი არაფერს ამბობს იმ უშუალო პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მას აკისრია ყველა იმ მოვლენაზე, რაც კი ხდება ან შეიძლება მოხდეს ერში.
რა გამოდის – ჩვენ გვაღშფოთებს შედეგი (ანუ მატერიალური, გინდაც სულიერი გაჭირვება) და არა მიზეზი (ანუ ჩვენს მიერ ჩვენი ერისა და ქვეყნის მოვლა–პატრონობის სათანადო კულტურის დაკარგვა).
ჩვენ გვაღშფოთებს არა ჩვენი სიბრმავე, არამედ ჩვენი უმწეობა, რაც სიბრმავეს, როგორც ავადობას, ყოველთვის თან სდევს.
ჩვენ გვაღშფოთებს არა ერისა და ქვეყანის მართვაზე ჩვენი პასუხსიმგებლობის შეგნების დაკარგვა, რაც ერისა და ქვეყნის აღმავლობის ერთადერთი საფუძველია, არამედ ერისა და სახელმწიფოსაგან მიღებული სარგებელის სიმცირე, რაც ერსაც, ქვეყანასაც და ჩვენს თავსაც გვიწვრილმანებს და უსუსურ მდგომარეობაში გვაყენებს.
ვაი, უბედურებავ, რომ ჩვენ, ქართველი ერი, ტრადიციულად წმინდად მომსახურე უფლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მისდღემში შეადგენდა ჩვენი ღირსების საგანს, დღეს წვრილმან მომხმარებლებად ვიქეცით.
რამ დაგვაკნინა, რამ მიგვიყვანა აქამდე, რაში მდგომარეობს ჩვენი დეგრადირების მთავარი მიზეზი?
ქართველი ერის ზნეობრივი დაცემის მიზეზების შესახებ
მონღოლებიდან დღემდე ჩვენს მაგივრად ჩვენი ქვეყნის ბედს რომ სხვა ქვეყნის შვილი წყვეტდა, ხოლო ქართველ ადამიანს მხოლოდ ამ პირობებთან შეგუების უნარიღა დაგვიტოვეს ცხოვრების ერთადერთ იარაღად, აი, ამაშია ამ გულისგასახეთქი სულიერი დაკნინების მიზეზი.
გადაგვაჩვიეს ჩვენი დედა–სამშობლოს მსახურებისა და მშობლიური ქვეყნის მოვლა–პატრონობის წმინდა ვალდებულების განცდას, როგორც ყოველდღიური ცხოვრების უპირველეს მოტივაციას!
მიგვაჩვიეს არსებული რეჟიმების პირობებში როგორმე თავის გატანას, საოცრად თავანკარა ქართული სულიერება ლაქიის დამამცირებელ მდგომარეობას მიგვასადაგებინეს, საკუთარი სამშობლოს მომმსახურე დიადი, სულგანათლებული ერიდან გათითოკაცებულ, მხოლოდ თავის ხორციელ ვნებებს დამონებულ, ღირსებაწართმეულ, საოცრად ამბიციურ და უმწეო არსებათა სიმრავლედ გვაქციეს და ასე გვაცხოვრეს ძალიან დიდ ხანს – თითქმის რვაასი წელი.
შედეგად მივემაგრეთ ჩვენს ხორცსა და მასზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების ერთადერთ განმკარგველად დავიდგინეთ, ხორციელი კეთილდღეობა ვიქციეთ ჩვენი პიროვნული ცხოვრების წარმატებულობის საზომად და ჩვენი კაცობა ქონით გავპოხეთ, ღირსებას თვალი მოვუხუჭეთ და უცხო დამპყრობელის მიმართ ლაქუცობაში ჩამოვიყალიბეთ ნაცარქექიას სიბრძნე – კი არ იმსახურო, რათა ალალი ლუკმა ალალად მოიპოვო, არამედ მოხერხებულობით გაიტანო ლელო და ლუკმა–პური ისე იშოვო.
შედეგად ჩვენ დავშორდით უფალსა და ერისა და სამშობლოს წინაშე მსახურების სიწმინდის განცდა დავკარგეთ.
ხოლო სადაც ღმერთის რწმენა და სიწმინდის განცდა არ არის, აბა, იქ ან ზნეობას, ან კაცობას ან ქვეყნის წინაშე უანგარო მსახურებას რა უნდა!
ტკივილის განცდა – ჩვენი მშველელი
მეორეს მხრივ, მიუხედავად რვაასი წლის ვასალური მდგომარეობისა, ისე მაინც ვერ გადაგვაგვარეს, რომ გულის სიღრმემდე არა გვძრავდეს ჩვენ ჩვენი სამშობლოს სიყვარული.
ისე მაინც ვერ შეძლო ვერავინ ჩვენი დამახინჯება, რომ კაცობაზე წარმოდგენა შეეცვალა ჩვენთვის, სუნთქვა წაებილწა და კაცისა და ქალის ურთიერთობის სიწმინდე გაებათილებინა.
ჩვენ უნდა დავიჩოქოთ და ვილოცოთ ჩვენი წინაპრების სულებისათვის ჩვენი ეროვნული კულტურის იმ ფესვების გამო, რომელთა მიზეზითაც მიუხედავად ათასი გადამთიელის ათასი მცდელობისა ჩვენი ეროვნული ბერ–მუხა ისევ მყარადა დგას.
ხოლო იმას, რასაც ვერ ვუვლით, შეიძლება მთლად გაცნობიერებულიც ვერა გვაქვს, მაგრამ უმძაფრეს ხანჯლად კი გვაქვს გულში ტკივილად გარჭმული.
ტკივილი არის ჩვენი მშველელი. როდესაც აღარ გვეტკინება ის, რაც ერს გვირღვევს, აი, მაშინ შეიძლება იმისი თქმა, რომ ჩვენ გადაშენების გზას დავადექით.
ხოლო ახლა ჩვენ ყველას ერთნაირად გვტკივა ჩვენი ერის ავ–კარგიანი ყოფა და ეს არის უპირველესი საყრდენი.
ტკივილი იწვევს დაყუჩებისკენ სწრაფვას, სწრაფვა – იდეას და იდეის ხორცშესხმის წყურვილს.
რამდენადაც მეტია ტკივილის განცდა, იმდენად მეტია სწრაფვა და მაშასადამე, შესაძლებლობაც ამ ტკივილის დაძლევისა.
და ამაშია ჩამარხული ქართული კულტურის აღორძინებისა და ქართული სულიერების დაწმენდის ერთადერთი შესაძლებელობა.
უფლის რწმენა – ქართველი ერის ფეხზე წამოდგომის ერთადერთი საფუძველი
მუხლებიდან წამოდგომის იდეაცა და ამ იდეის ხორცშესხმისაკენ სწრაფვაც ერთ წინადადებაში შეგვიძლია გავაერთიანოთ – ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა შევიძლოთ და აღვიდგინოთ დაკარგული სულიერება, რაც არის ჭეშმარიტი თავისუფლების ერთადერთი საფუძველი.
უნდა შევიძლოთ და კვლავ დავიბრუნოთ საკუთარი ერისა და სამშობლოს წინაშე მსახურების სიწმინდის განცდის უნარი.
მაგრამ როგორ?
არის თუ არა შესაძლებელი ამ ამოცანის მიღწევა?
და, საერთოდ, არის თუ არა შესაძლებელი ქართველი ერის სულიერების აღორძინება, რაც არის საფუძველი ქართული კულტურის რენესანსისა?
ამგვარი სასწაულის მოხდენა მხოლოდ და მხოლოდ უფალს ძალუძს, რომლის წინაშე ვალდებულების წმინდა გრძნობასაც ჰქვია ზნეობა.
ზნეობა არის აბსოლუტურ ზე–არსთან ადამიანის წმინდა ვალდებულებათა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს როგორც თავად მისი, ადამიანის სახეს, ისე მისი ცხოვრების წესს.
თუ არ არის უფლის რწმენა, მაშინ არ არის ზნეობა, თუ არ არის ზნეობა, მაშინ არ არსებობს ხალხში კანონი, როგორც ზნეობრივად აუცილებლად აღსასრულებელი, ხოლო თუ არ არის კანონი, როგორც ზნეობრივად აუცილებლად ასასრულებელი, მაშინ არ არსებობს არც სახელმწიფო.
უფლის რწმენის გარეშე ცხოვრება ჰგავს ხიდჩაქცეულ გზას მრუმე ღამეში, რომელზე მავალი მგზავრის ერთადერთი ხვედრი უფსკრულში გადაჩახვაა.
ჩვენ უფალთან მისასვლელი გზა ხორცის მსახურებამ დაგვიქსაქსა და სანამ საკუთარი თავის მაამებლობას ვუდგევართ მსახურად, ვერც ვერასოდეს გავაგნებთ.
ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და როგორმე უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულიერებაში სიწმინდის განცდა და სიწმინდის შეგნება.
მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში მცხოვრებ ერს ძალუძს თავის რიგებში ნებისმიერი კაცი თავისი სამშობლოს მპატრონებელ გმირად და მეომრად იყოლიოს, ხოლო ქალი – ქართლის დედად – ამგვარი გმირების გამზრდელ ჭეშმარიტ მანდილოსნად და ერისა და სამშობლოს ღირსების დამცველ სულმაღალ დიასახლისად.
სანამ ჩვენი, ქართველი კაცების მსახურება ჩვენი ერისა და სამშობლოს მიმართ არ ავა სიწმინდის რანგში, სანამ ჩვენ, ქართველი კაცები არ ვაღიარებთ, რომ ერისა და სამშობლოს წინაშე მსახურება ღვთისმსახურების ტოლფასია, სანამ ჩვენ, ქართველი კაცები, აღვსილნი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ოჯახის, სოფლის, ქვეყანისა და ერის, ვით წმინდა ტაძრის მიმართ, არ შევუდგებით მათ მართვას იმ წესისა და კანონის მიხედვით, რომელიც ღმერთსა და ჩვენს წინაპრებს ჩვენთვის იმთავითვე დაუდგენიათ, მანამდე ვერც სამშობლოს ჭეშმარიტ ფასს გავიგებთ და ვერც ბოლომდე გავუსინჯავთ კაცობას გემოს.
როგორც ნაშრომიდან „ქართული კულტურის კრიტიკის შესახებ“ წარმოგიდგინეთ, ერის მიერ თავისი თავის მოვლა-პატრონობის უფალი იესო ქრისტეს მიერ დადებულ წესს ჩვენ ვუწოდეთ ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია.
ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიაში მდგომარეობს ერის მიერ თავისი თავის კოლექტიური მოვლა-პატრონობის სიბრძნე.
და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი, ქართველი ერისათვის ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია არის წინაპირობა არსებული კრიზისის დაძლევისაცა და სულიერი რენესანსის დაწყებისაც, რამეთუ მხოლოდ მსახურების სასწაულით სულიერად დაწმენდილი ერი არა ჩივის, რომ მას ცუდად ეპყრობიან, არამედ მუხლჩაუხრელად იღწვის იმის საკეთებლად, რაც ღმერთს მისთვის დაუვალებია.
ჯვარ-პატიოსნობით ჩვენი ერისათვის გაკვალული გზა ქართული კულტურის რენესანსისაკენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხორციელი ვნებების მონობისაგან განთავისუფლებაზე გადის და ეს არის ჩვენი ერისათვის ის ერთადერთი გზა, რომელიც ტაძრისაკენ მიემართება.
„მონური სულია სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი, შვილო დავით, და ორგვარი მონა არსებობს მონათა სახელმწიფოში ყოველთვის – ერთი დამმონებელი, მეორე დამონებული“ – არიგებს ჯერაც ყმაწვილ დავით აღმაშენებელს გიორგი ჭყონდიდელი რომანში „ჯვარ–პატიოსანი“ – არც ერთი არის ღვთისაგან და არც – მეორე, და ორნივე თავისი ხორცის მაამებლობა–გადარჩენის წყურვილით არიან შეპყრობილნი. ხვალინდელი დღე მონისა, მმსახურებლისა ხორცისა თვისისათვის, ლპობა და ხრწნაა თვისსავე ხორცსა შინა, ხოლო სამშობლო, შვილო დავით, მარადი ძეგლია თავისუფალი ერის უკვდავი სულისა, აგებული მისთვისვე სიცოცხლითა და სიკვდილით მომსახურე ერთგულ შვილთა მიერ. მხოლოდ შემოქმედება თავისუფალი ხალხისა, განმსჭვალულისა რწმენითა ღვთისა და მსახურებითა თვისისა ერისათვის, არის ულევი ძალა ქვეყანისა; მხოლოდ მას ძალუძს დღეს გაყრა თურქთა კიდეთაგან საქართველოისა! მხოლოდ მას ძალუძს მოხდენა სასწაულისა და აღდგენა და გაერთიანება შავ დღეში ჩავარდნილი და დაქუცმაცებული ქვეყნისა! და არა არის რა არსად ძალა მისი დამკავებელი. გინდა აღაშენო დიადი საქართველო? – აღაშენებინე იგი ქართველსა ხალხსა; აღაფრთოვანე იგი მაგალითით შენით და აღგაფრთოვანებს იგი საქციელით თვისით; აპატრონე იგი და უპატრონებ შენ; ამეფე იგი და იმეფებ შენ! ჩაუდგი მას სული შენი, შემოიდგი შენ ტანი მისი, იერთსისხლხორცეთ საქართველოსთვის და იქნება საქართველო!“
აი, ის სამშობლო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს!
აი, ის წინაპრები, რომელთა მემკვიდრეებიცა ვართ ჩვენ!
აი, ის ერთადერთი ჭეშმარიტი სამოქალაქო იდეოლოგია, რომელიც მარადის განსაზღვრავს ჩვენი ერის სულიერ აღმავლობას!
ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი და ყოველი თეორია, რომელსაც თქვენ ჯვარ-პატიოსანთა იდეოლოგიისა და, აგრეთვე, მის საფუძველზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისადმი მიძღვნილ წერილთა ამ ციკლში გაეცნობით, არის და იქნება მიმართული იქითკენ, რათა როგორმე გამონთავისუფლდეს ქართული სულიერება ხორციელი ვნებების ტყვეობისაგან და მომხმარებლის დაკნინებული მდგომარეობიდან უფლის ძლევამოსილი და ღირსებით აღსავსე მსახურების მდგომარეობამდე ამაღლდეს
P.S. შემდეგ თავში შევეცდები გასაგებ ენაზე, ზედმეტი ტერმინოლოგიური ჩახლართულობის გარეშე გადმოგცეთ ჩემი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ჩვენი, ქართველი ერის მიერ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის ისე წარმართვა, რომ მივიღოთ, (ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვანბობ!) ულტრათანამედროვე, გეოპოლიტიკურად უაქტუალურესი, შინაგანად ღრმად მოტივირებული სამოქალაქო საზოგადოების პატრონი ქართული სახელმწიფო!