რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 17,340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1,480,646 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1,119,251. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 283 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 25,525 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.