„სააკაშვილი მერაბიშვილ როგორც განტევების ვაცს, ისევ გამოიყენებს“

„სააკაშვილი მერაბიშვილ როგორც განტევების ვაცს, ისევ გამოიყენებს“

მიუხედავად საჯარო დაგმობისა, პარტიის არც სიაში და არც მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მობილიზებაში ეხმარება და ახალციხეში მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და სამაგიეროდ, გამარჯვების შემთხვევაში, მათზე ზრუნვას პირდება.

ოპოზიციის ნაწილი სწორედ მერაბიშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ სააკაშვილს რეგიონებში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება მან გადააფიქრებინა და დაპირისპირების მთავარი მოტივატორი ის იყო.

ვინ ვისზე ახდენს გავლენას სააკაშვილი მერაბიშვილზე თუ პირიქით, ალბათ, ამას პარტიაში გაარჩევენ, თუმცა ანალიტიკოსები for.-ge-სთან ამბობენ, რომ სააკაშვილს მერაბიშვილის ფაქტორი დასჭირდა, რათა ის არ არის დარწმუნებული და ეშინია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ევროპელები და „სტარტეგია აღმაშენებლი“ მას ელექტორატს წაართმევს. ხოლო მერაბიშვილი თავისი გავლენით პარტიის ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებს, თუმცა ამით ნაციონალები ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმებს დაკარგავენ. ხელისუფლება კი მერაბიშვილის პერსონით პარტიის დისკრედიტაციას მოახდენს და ამას ნეიტრალური ამომრჩევლის თავისკენ გადასაბირებლად გამოიყენებს.

„მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს მერაბიშვილის გააქტიურების შესახებ დასმულ კითხვაზე.

ირაკლი კობახიძემ ვანო მერაბიშვილს მსგავსი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტიისთვის კარგი რეკლამა და პიარია.

„რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილს ჩვენ მადლობას გადავუხდით. ეს არის ჩვენთვის რეკლამა და პიარი. მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სააკაშვილმა და მერაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის სავაჭრო სახლად გადააქციეს“, - ეს კი ევროპელების ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებაა. უგულავამ ასევე დასძინა, რომ მონსტრთან ბრძოლაში (იგულისხმება ივანიშვილი) სააკაშვილი მონასტრად თავად გადაიქცა.

„მერაბიშვილმა გააღვივა სააკაშვილის ამბიციები, დაარწმუნა ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამოუკიდებლადაც შეძლებს გამარჯვებას და, რომ სააკაშვილი უნდა იყოს ოპოზიციის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. სააკაშვილი მოქმედებდა, როგორც სერსეი ლანისტერი და ოპოზიციურ კოალიციას ზურგიდან მიაყენა დარტყმა“, - აღნიშნა უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე კი ეხმიანება ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ვერ ხედავს თავს იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება.

კაპანაძის თქმით, ვანო მერაბიშვილი ახლაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ და აქტიურ კამპანიას ატარებს.

„ვანო მერაბიშვილის ადგილი ამ წუთში არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, ყველამ კარგაც ვიცით. ის აქტიურ კამპანიას ეწევა, მის სოციალურ მედიას თვალყურს ვადევნებთ, ვიცით როგორი აქტიურია, ვიცი რას აკეთებს. ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე ნიკა მელიაც. ნიკას პოზიცია ჩემთვის გასაგებია, ოღონდ რეალობა არის ამ წუთში სხვა. ეს მათი შიდა საქმეა დ

ა იმედია როგორღაც გაერკვევიან“, - ამბობს კაპანაძე.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აგვისტოში აცხადებდა, რომ არ იქნებოდა პარლამენტის წევრი და არ დაიკავებდა რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში.

„მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“, - წერდა მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ვანო მერაბიშვილი „განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს ერთადერთ ძალად, რომელსაც „შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი“.

მერაბიშვილის შეფასებითვე, „დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“.

2020 წლის 20 თებერვალს, სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმროდან გათავისუფლებისთანავე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. მაშინ მან უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ მხარეს შეუერთდებოდა - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თუ „ევროპულ საქართველოს“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ნაციონალების ხელისუფლების დროს საკმაოდ გავლენიანი მინისტრი იყო და უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს. შესაბამისად, მას პარტია და სააკაშვილი რომ წინასაარჩევნოდ გამოიყენებდა, ეს მოსალოდნელი იყო. მერაბიშვილი ძალოვანი სტურქტურების წარმომადგენლებთან გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, ამიტომაც მისი გავლენა სჭირდებათ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვანო პოლიტიკურად და მორალურად დისკრედიტირებული ფიგურაა, პარტიისთვის მაინც ჩამოსაწერი ადამიანი არ არის. თუმცა საზოგადოებაში მისი პარტიასთან ღიად აფილირება გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს, ამიტომაც იყო, რომ მის მიმართ პარტიის ზოგიერთმა წევრმა ღია პროტესტი გამოხატა, თუმცა ფარულად მის გავლენებს მაინც იყენებენ. „ნაციონალურ მოძრაობა“ ცდილობს, რომ ის საჯაროდ პოლიტიკურ აქტიურობას პარტიაში ჩამოაშოროს, თუმცა მისი პერსონა წინასაარჩევნოდ მაინც ამოტივტივდა.

„თუ პოლიტიკური და მორალური კუთხიდან შევხედავთ, ის საკამოდ გაკოტრებული ფიგურაა. თუმცა თუ წმინდა პრაგმატული და პრაქტიკული პრიზმიდან შევხედავთ, მერაბიშვილს აქვს ძალიან კარგი გავლენები და კონტაქტები იმისთვის, რომ ნაციონალების სასარგებლოდ იმუშავოს და ამომრჩევლის ნაწილი გადაიბიროს. მას აქვს რესურსი, რომელიც სააკაშვილისთვის და პარტიისთვის სასარგებლოს ქმნის.

მისი გამოყენება წინასაარჩევნო ბრძოლაში სჭირდება და, ალბათ, დაპირდა, რომ სამომავლოდ მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს. მაშინ როდესაც ნაციონალები საბოლოო გადამწყვეტ ბრძოლაში არიან ჩართულები და არ არის გამორიცხული სერიოზული მარცხიც კი განიცადონ, მერაბიშვილის ფაქტორი სჭირდებათ.

როგორც აღმოჩნდა ის ახერხებს ასევე ევროპელების ამომრჩევლის ნაციონალების სასარგებლოდ გადაბირებას და ამაში ის პირდაპირ დაადანაშაულეს. ნაციონალებს ახალი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, პარლამენტში, შესაძლოა, ის რაოდენობა აღარ ჰყავდეს რაც ახლა ჰყავს. ამიტომ გააფთრებული იბრძვის როგორც ხელისუფლებასთან ასევე ოპოზიციასთან. მერაბიშვილი კი ამისთვის საუკეთესო კანდიდატია. თუმცა სააკაშვილი რამდენად სანდოა და როგორ შეუსრულებს დანაპირებს თუ რამეს დაპირდა, რთული სათქმელია“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for-ge-სთან ფიქრობს, რომ მერაბიშვილის წინასაარჩევნოდ გააქტიურება „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაში დაეხმარება და მას ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი შესაძლოა დაკარგვინოს. მისი თქმით, პარტიის სტაბილური მხარდამჭერები სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს და სხვა გავლენიან მინისტრებს, ყოველთვის იმ ხელისუფლების ძლიერ რგოლებად მიიჩნევდნენ, ამიტომაც ახლა მუშაობა საკუთარ ამომრჩეველზე მიდის. რაც შეეხება მერაბიშვილს, რატომ იღვწვის ის ისევ იმ პარტიისთვის და ლიდერისთვის, რომლებმაც ის საჯაროდ უარყვეს? საყვარელიძეს ერთი ახსნა აქვს, რომ მერაბიშვილი ისევ სააკაშვილის ერთგულია და მას მისი ხელახლა დაბრუნების, სავარაუდოდ, სჯერა, ან ერთმანეთს ამაში აჯერებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა და პარტიამ მერაბიშვილი ღიად დაადანაშაულა წინა რეჟიმის ცოდვებში და ფაქტობრივად მთელი დანაშაულები მას გადააბრალეს, მერაბიშვილის ფაქტორს ღიად არა, მაგრამ მაინც იყენებენ. მერაბიშვილს აქვს გარკვეული გავლენები და მას შეუძლია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს. სავარაუდოდ, პარტიაში აქვთ შიში, რომ მათ ელექტორატს ევროპელები და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გაიყოფს, ამიტომაც საქმეში მერაბიშვილი ჩართეს.

თუმცა აქ აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ მერაბიშვილმა შესაძლოა პარტიის ამომრჩევლის სრული მობილიზება მოახდინოს, მაგრამ ნეიტრალურად განწყობილ და ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს დაკარგავს. არ ვიცი მერაბიშვილი ამ პარტიას რატომ ერთგულებს, როცა მისი ციხეში ყოფნოს დროს მასზე თავი დიდად არ შეუწუხებიათ. შესაძლოა, სხვა გზაც არ აქვს, ან უბრალოდ ერთგულება ამოძრავებს. თუმცა მაინც მგონია, რომ სააკაშვილი მას ისევ როგორც განტევების ვაცს გამოიყენებს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

Serapina სააკაშვილი, მერაბიშვილს კი არა, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ოჯახის წევრებსაც გამოიყენებს! არ გამოუყნებია თუ?!

ხოხ, ჩვენმა გიგი მანდელამ, რა დროს რვა და ცხრა წელიაო...
როგორც წესიო, თავდამსხმელი მედიასთან შედის კონტაქტშიო...ასე ხდებაო...
ფიე, ნიფხავჩახდილი ოცნება!
აღარ გვინდა ეს კინოები, არა!
სახლმწიფოს მართვის თავი(თუ სხვა ორგანო) რომ გქონოდათ, ამ კინოს მაყურებლები აღარ ვიქნებოდით... და თქვენც, ამ კინოს მონაწილეები არ იქნებოდით!!!

ქართული მედია, აუფ რა მძიმე მდგომარეობაში ხარ!
4 წლის უკან