სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის ესკალაციას განიხილავს.
„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სარგსიანი შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეპ ბორელთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში სარგსიანი არცახის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიას განიხილავს“, - ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბერს სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის პოზიციით იმედგაცრუებულია.
„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ნატო თავის წევრ სახელმწიფოს მესამე მხარის კონფლიქტში ჩარევის უფლებას აძლევს. ნატოს წევრი სახელმწიფო ალიანსის ყველაზე თანამედროვე შეიარაღებას იყენებს. მე ასევე იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ევროკავშირის მხრიდან საკმარისი ზეწოლა არ არის“, - აღნიშნა არმენ სარგსიანმა.