„რა გაუხდათ სააკაშვილის გაბაწვრა და აქ ჩამოთრევა, არავითარი მსოფლიო საზოგადოების აზრი არ მაინტერესებს, როცა საუბარია სამშობლოს ღალატზე“

„რა გაუხდათ სააკაშვილის გაბაწვრა და აქ ჩამოთრევა, არავითარი მსოფლიო საზოგადოების აზრი არ მაინტერესებს, როცა საუბარია სამშობლოს ღალატზე“

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „დავასრულოთ“ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ორგანიზაციის წევრების თქმით, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას 10 000 ხმა სჭირდება.

საუბარია იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის პროცესში საქართველოს წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა მოხდა, რაც მმართველი პარტიის მითითებით განხორციელდა. ამდენად, არ შეიძლება პოლიტიკურ ველზე იყოს ის ძალა, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

პეტიციის ავტორთა თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანიცაა კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომის ან ძალადობის პროპაგანდა, ახალგაზრდების გენოციდი და ა.შ.

კონსტიტუციურად რამდენად მიღწევადია საქართველოს მოსახლეობის სოლიდური ნაწილის სურვილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის შესახებ?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ამ შემთხვევაში, საუბარი იყოს „ნაცმოძრაობის“ პარტიის კონკრეტულ წევრებზე, რომლებსაც დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რადგან იურიდიულად ძალიან რთული დასადასტურებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ეს პოლიტიკური პარტია მიმართული იყო, ჩაედინა სახელმწიფო ღალატი, ტერიტორიები გაესხვისებინა და ა.შ.

„შეიძლება, ეს ორგანიზებული ჯგუფი კი იყო, მაგრამ ეს დანაშაულები პარტიის სახელით კი არ კეთდებოდა, არამედ დანაშაული ჩადენილი იყო იმ ორგანიზებული ჯგუფის ხელით, რომელსაც უზურპირებული ჰქონდა სახელმწიფო ძალაუფლება. „ნაცმოძრაობის“ პარტიის რიგით წევრებზე ამას ვერ ვიტყვით. პარტიის აკრძალვა მაშინ შეიძლება, თუ მათ წესდებაში უწერიათ მსგავსი აგრესიული მიზანი. ასე რომ, რთულია იმის დამტკიცება, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიების გასხვისებას. ეს წესდებაში არ უწერიათ ნაცებს. 20 ივნისს რაც გაკეთდა, ეს იმ აქციაში მონაწილე კონკრეტული ადამიანების მიზანი იყო და არა მთლიანად „ნაცმოძრაობის“, როგორც პარტიის მიზანი. ნიკა მელია პარტიის სახელით კი არ მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ, არამედ ორგანიზებული ჯგუფის სახელით. ცხადია, ეს დანაშაულია, ეს იყო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ამბოხი. სისხლის სამართალში ასეთ ქმედებებს ჰქვია ამბოხი“, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი.  

მისივე თქმით, ეს საქმეც გამოსაკვლევი და ბოლომდე მისაყვანია, თუმცა „ოცნება“ იწყებს ამ საქმეებს და მერე აღარ ამთავრებს. ასე რომ არ იყოს და „ოცნებას“ უფრო მეტი პრინციპულობა გამოეჩინა, სააკაშვილი დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა. სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს სააკაშვილისა და მისი ხროვის მოქმედებას.

„რა გახდა ასეთი, რომ სააკაშვილი მიუწვდომელია საქართველოს სამართლისთვის, ამას არ სჭირდება დიდი ამბავი, ამას პოლიტიკური ნება უნდა და, თუ საჭიროა, მერე სპეცოპერაცია უნდა დაიგეგმოს. მე ხომ ახალგაზრდა არ ვარ და არაპროფესიონალი ვარ ამ საქმეში, მაგრამ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, მეც მივიღებ მონაწილეობას ასეთ სპეცოპერაციაში. რა გაუხდათ მისი გაბაწვრა და აქ ჩამოთრევა. არავითარი მსოფლიო საზოგადოების აზრი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, როცა საუბარია სამშობლოს ღალატზე“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბარში.

მისი შეფასებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა გააჩნია, ამას არ გაატარებს. საუბარია ადამიანზე, რომელმაც აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკური კრახი გამოიწვია, რომლის მსგავსიც ისტორიაში იშვიათია, ეს დაახლოებით არის ის, რაც ერეკლე მეფეს დაემართა აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაეცა. ახლა სხვა ისტორიული პერიოდია და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა, დაცულ იქნა, მაგრამ ტერიტორიების 20% წაიღო მტერმა. თანაც, მტერი შემოვიდა და ფეხი დაადგა ისეთ ადგილებში, სადაც ისტორიულად არასდროს არ ყოფილა. კოდორზეა ლაპარაკი და ქსნის ხეობაზე, ლიახვის ხეობაზე. იქ მტერი ვერასდროს ვერ შედიოდა. ძველად ომები რომ ხდებოდა, ქართველები სწორედ ასეთ ადგილებში აფარებდნენ თავს. რვა წელიწადია, ამის ჩამდენი პასუხს არ აგებს და სამართალი მას პასუხს ვერ სთხოვს. ეს კი, დავით ზარდიაშვილის აზრით, ნიჰილიზმს განაპირობებს. ამიტომ, მისი მოსაზრებით, ამ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოც არ სჭირდება, უბრალოდ, სააკაშვილი უნდა დაიჭირონ, დასაჯონ და ნაცები თავისთავად დაიფანტებიან, როგორც ყიზილბეშების ბანდა. ყიზილბაშები ხომ იყვნენ წითელთავიანები, ნაციონალები კი არიან წითელი ხუთიანები.

„ესენი არიან ერთი მთავარი ავაზაკის გარშემო შემოკრებილი ხროვა. რომელი ტელევიზია გინახავთ დედამიწის ზურგზე, რასაც აკეთებს „მთავარი არხი“, როცა ლამის ყოველდღიურად საქართველოს არამოქალაქე სააკაშვილი უზით ეთერში. არადა, მას კანონით ეკრძალება საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა ნებისმიერი ფორმით, შიდა პოლიტიკაში მისი მონაწილეობა კანონით აკრძალულია. რატომღაც უნდათ, წარმოაჩინონ, რომ ქართულ პოლიტიკაში მთავარი აქტორი ისევ ეგ არის, ამის გამო ნებისმიერი ქვეყნის ტელევიზიას გათიშავდნენ. რომელ გამოხატვის თავისუფლებაზეა საუბარი, როცა დანაშაული პერმანენტულად ხდება, ორგანიზებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეს სვამენ ქართულ პოლიტიკაში, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და დასჯადია ეს ქმედება“.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალების მიერ ჩადენილი შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულები ძალიან სერიოზულია, ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ამ პარტიის აკრძალვის წინაპირობას ვერ ხედავს. იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ყველა ის ფაქტი სათანადოდ და სამართლებრივად შეფასდეს, რაც ნაცებმა ჩაიდინეს. ამის შემდეგ მხოლოდ ხალხს აქვს უფლება, თავისი დამოკიდებულებით არჩევნებზე გამოუტანოს ამა თუ იმ პარტიას განაჩენი.

„ყველა მონაცემების მიხედვით, „ნაცმოძრაობას“ 13-დან 20%-მდე მხარდაჭერა აქვს, თუნდაც გამოვაკლოთ „ევროპული საქართველო“, რომლებიც პირშებრუნებული ნაციონალები არიან და გამოვაკლოთ ზოგიერთი პარტია, რომელსაც ავტორიტეტული ლიდერი ჰყავს, დავუშვათ, ნათელაშვილი, ბურჯანაძე, მიუხედავად ამისა, მაინც „ნაცმოძრაობაა“ იმ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი, რომელიც, ჩემი თვალთახედვით, 13-დან 20%-მდეა. თუ ეს არ არის ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური პარტია, როგორც გერმანიაში იყო, ისე მოსახლეობის 13-20%-ს ვერ ავუკრძალავთ, ჰქონდეს სიმპათია კონკრეტული პარტიისა და ლიდერის მიმართ. ამავე დროს, ვინც იმ პერიოდში კრიმინალის განმაპირობებელი ლიდერები იყვნენ, დაახლოებით, ალბათ, 30 პოლიტიკოსი, ისინი უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან. ბაქრაძე, ბოკერია ნიჭიერი ადამიანები არიან, ისინი ამბობენ, ჩვენ დავუშვით შეცდომები, ამას ვაღიარებთო. ბატონებო, თუ თქვენ მიდიხართ ევროპული ტიპის დემოკრატიისკენ, ევროპულ დემოკრატიაში პოლიტიკოსის მიერ დაშვებული შეცდომის აღიარების უპირველესი და შეიძლება ერთადერთი ნაბიჯი პოლიტიკიდან წასვლაა. ამიტომ მიბრძანდით პოლიტიკიდან და მოვიდეს ახალი თაობა. თუ ხალხი მათ მხარს დაუჭერს, შეიძლება ისინი ვიხილოთ ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლების სათავეში უნდა იყოს არა მიხეილ სააკაშვილი, ან რომელიმე მისი ერთგული ეპიგონი, არამედ, დავუშვათ, თუნდაც ახალგაზრდები, თინა ბოკუჩავა, ლევან ხაბეიშვილი, რომლებსაც იმ პერიოდში პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის განმარტებით, ვინც 28 ათასი ფაილი შექმნა, ვინც პენიტენციური სისტემა ჯოჯოხეთად აქცია, მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ჩვენ სულ ოთხმილიონიანი ქვეყანა ვართ, რაც არ უნდა ნიჭიერი ერი ვიყოთ, 4-მილიონიან ერს აქვს ინტელექტუალური, მმართველობითი, პოლიტიკური შეზღუდული პოტენციალი. ამიტომ მას არ შეუძლია, ძალიან ბევრი ლიდერის წარმოშობა.

„ამ დროს ჩვენ რა გავაკეთეთ 80-იანი წლებიდან მოყოლებული? პირველ რიგში, გავყარეთ საბჭოთა ინტელიგენცია და ნომენკლატურა, მერე გავყარეთ ზვიადის მიმდევრები, რომელთა შორისაც იყო ბევრი პროფესიონალი, მაგალითად, ბორის კალანდია, რომელიც გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ისეთი გერმანულით საუბრობდა, რომ სტუდენტებმა, რომელთა ხელმძღვანელიც ის იყო გერმანიაში, მითხრეს, გერმანელები ვერ ხვდებოდნენ, ის გერმანელი იყო, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. რაც ზვიადის ხელისუფლება დაემხო, ბორის კალანდია არსად არ გამოჩენილა. ამას მოჰყვა შევარდნაძის რეჟიმი, იქ ისეთი კორუფციული გარემო იყო, რომ ბევრი პიროვნება სამართლიანად განარიდეს თანამდებობას, მაგრამ ბევრიც მიაყოლეს. შემდეგ მოვიდა მიშა, რომელმაც ახალი თაობა მოიყვანა ხელისუფლებაში, მათი ნაწილი „ოცნებამ“ პრაგმატულად გადაიბირა, მაგრამ ამას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა და ახლა ჩვენი საზოგადოების ნაწილი მოითხოვს მიშას მიმდევრების გაყრას არენიდან. ვერ აიტანს ჩვენი ეროვნული პოტენციალი და ენერგია ყველა ლიდერის მიმდევრების გაყრას არენიდან. ამიტომ, თუ ცალკეული ადამიანები დამნაშავენი არ არიან, მათაც უნდა მივცეთ საქმის კეთების საშუალება“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

 

Aburjga Tasmanieli ბატონი ვაჟა ბერიძის მიერ აქ ნათქვამი ყველა წინადადება არის დემოკრატიულ-დემაგოგიური აბსურდი! ამის გამოსააშკარავებლად მას მინდა ვკითხო, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო რომლის პრეზიდენტი არის ლევან ხაბეიშვილი და პრემიერი თინა ბოკუჩავა, ან პირიქით?! სხვა კიდევ უფრო აბსურდულ სენტენციებს აღარ შევეხები.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ზოგიერთებმა რუსული ლკასიკური ლიტერატურა უნდა გადაიმეორონ, მაგალითად დოსტოევსკი "დანაშაული და სასჯელი", გრიბოედოვი "ვაი ჭკუისაგან"... შეიძლება დრო არ აქვთ რომ საფუძვლიანად თავიდან ბოლომდე წაიკითხონ, მაგრამ სათაურებს მაინც გადახედონ!
4 წლის უკან
Katana . "... ორგანიზაციის წევრების თქმით, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას 10 000 ხმა სჭირდება."
...
მახსოვს, მეორედ მოსული შევარდნაძის გადაყენებას აპირებნენ ასე.
მილიონ ხელმომწერს თუ მოვაგროვებთ, გადავაყენებთო!..
ისხდნენ ქუჩებში თვეობით, დადიოდნენ რეგიონებში და მოაგროვეს მილიონზე მეტი - სახელებით, გვარებით, მისამართებით...
ძვრა ვერ უყვეს!

ძმებო და დებო, არ მინდა უნდობლობის დანერგვას შევუწყო ხელი... მეტიც, მიმაჩნია, რომ საქართველოს არ ეღირსება სიწყნარე და მშვიდი აღმშენებლობითი პროცესი, სანამ ნაც-კლასტერი პოლიტიკურ ასპარეზზე იქნება, მაგრამ... არარეალური მგონი მისი აკრძალვის მცდელობა!
მეტისმეტად ილუზორულია ჩვენი სუვერენიტეტი... მეტისმეტად ვართ ჩამოკიდებული დასავლეთზე, ჩვენს "სტრატეგიულ პარტნიორებზე" და არავინ დაგვანებებს ამ პარტიის აკრძალვას!..
48 მილიონის მითვისებითვის დაპატიმრებული უგულავა შერაცხეს პოლიტპატიმრად და მანამ არ მოასვენეს ხელისუფლება, ვიდრე პრეზიდენტმა საკუთარი ბრძანებით არ გაუღო ციხის კარები და... პარტიას აგაკრძლვინებენ?!
სააკაშვილზე არაფერს ვიტყვი, - ადეიშვილს და კეზერაშვილს "ვერ დავუმტკიცეთ" ბრალი, ვერ გამოვღლიტეთ დასავლეთს ხელიდან, ვერ შევძელით მათი ექსტრადირება და მაგათ პარტიას ვინ აგაკრძალვინებთ?!.
მთავრობაც რომ დაითანხმოთ ამ პროცედურაზე, დასავლელი მფარველები ისეთი იურისტებით უზრუნველჰყოფენ მათ დაცვას, ვერ აჯობებთ, ვერ დაუმტკიცებთ აკრძალვის სამართლიანობას... თორემ, ნეტამც!..
4 წლის უკან
Maverick ჩოპრა, ძმაო, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

დანაშაულს რადგან "ვერ" უმტკიცებენ, გამოდის, რომ ნაცბნელიტა "ფრთიანი ანგელოზების დასს წარმოადგენს" და არა დაცემულებისას.

ამიტომ "ვერ დამტკიცებლებსაც" უნდა მოვთხოვოთ მათი წილი პასუხისმგებლობა!
4 წლის უკან
გრიგორი ბატონი ვაჟა ბერიძე უკიდურეს სისულელეს წერს ! ბოკუჩავა და ხაბეიშვილი ბევრათ უფრო საზიზღარი პოლიტიკური არსებები არიან, ვიდრე ბაქრაძე და თუნდაც ბოკერია !
4 წლის უკან