იყენებს თუ არა ოპოზიცია კორონა ვირუსს წინასაარჩევნოდ და რამდენად შეიძლება ეს წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხამდეს. ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ მიუხედავად კორონა ვირუსის მზარდი სტატისტიკისა, ეს ოპოზიციისთვის კოზირი ვერ იქნება. ასეთ ვითარებაში მოსახლეობას მაინც ხელისუფლების იმედი აქვს და ის პანდემიის პირობებში სხვა მოკავშირეს ვერ ხედავს. ამიტომ ანალიტიკოსები გამორიცხავენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ოცნების“ რეიტინგი ამის გამო რადიკალურად შეიცვალოს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის პირობებში პანიკის დათესვა აბსოლუტურად მიუღებელია. როგორც გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან უსაფუძვლო პანიკის სრულად. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმატებული იყო, ჩვენ ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, არჩევნები 31 ოქტომბერს აუცილებლად ჩატარდება. პრემიერი ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრში შესვლა უფრო სახიფათოა, ვიდრე საარჩევნო უბანზე ყველა წესების დაცვით მისვლა.
გახარია თხოვნით მიმართავს როგორც მოქალაქეებს, ასევე პოლიტიკოსებს - ყველა საჭირო წესები დაიცვან და ატარონ პირბადე.
„ბევრი საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით. მეგობრებო, არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ, არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს.
მეორე - ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, რომ წესები დავიცვათ. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს ხომ ასეთი რთული არ არის. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ინტენსიური ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია“, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
გამყრელიძის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ეპიდსიტუაციის მხრივ ქვეყანაში სიტუაცია სერიოზულად რთულდება, „ჯერჯერობით ყველაფერი მართვადია“.
„მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობთ ქვემო პოზიციაზე ვართ. ბოლო ორი კვირის ინციდენტობით ანუ 100 ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ. ტესტირების მონაცემების მიხედვით, მილიონზე ჩვენ გვაქვს 213 ათასი PCR ტესტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა.
„გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი. სრული ჩაფლავება, არანაირი კრიზისმენეჯმენტი, სრული უმოქმედობა, გაქცეული ციფრები, ჩამოშლილი ეკონომიკა. გახარიას დღევანდელი ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის გადავიდა თავისმართლების რეჟიმში, ვერაფერ სიახლეს ვერ სთავაზობს საზოგადოებას, არის სრულიად დაბნეული და ამ ხალხის გაჩერება ხელისუფლებაში აღარ შეიძლება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ამას დამატებით პანიკა არ სჭირდება. ძაბირაძე ამბობს, რომ ახლა არჩევნების გადადება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ აწყობს, რადგანაც ჯერ ერთი, რომ კორონა ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს და მერეც ხელისუფლებისთვის სამომავლოდ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ასევე არ უნდა სურდეს ოპოზიციას რადგანაც კორონა ვირუსის რიცხვის ზრდასთან ერთად მოსახლეობას მაინც ხელისუფლების იმედი აქვს და მასზე დამოკიდებულება იზრდება.
„ამ ვითარებაში არ მგონია, რომ ხელისუფლება დაზარალდეს და მის რეიტინგზე ეს რაღაცა სახით აისახოს. მოსახლეობას ასეთ დროს მაინც ხელისუფლების იმედი აქვს, ვიდრე ოპოზიციის. ოპოზიცია მართალია ამის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე სახის ქულები მოუტანოს. უფრო ჯობია, რომ ხელისუფლების კრიტიკისთვის სხვა თემები მოიძებნოს. პედალირება მხოლოდ იმაზე არ მოხდეს, რომ გართულებაა და ამაში ჩვენი ხელისუფლებაა დამნაშავე. მით უმეტეს ჩვენზე უარეს დღეში უფრო დიდი და ძლიერი ქვეყნები არიან. ევროპაშიც მეორე ტალღა დაიწყო და სახარბიელო სიტუაცია არც იქ არის.
ოპოზიციას თუ ამის პედალირება სურს, რომ ხელისუფლების უუნარობაზე ისაუბროს და პოლიტიკური ქულები მოიპოვოს, მაშინ ეს საკმაოდ ცუდი მცდელობაა. არჩევნების გადადება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც არ აწყობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოგებული ოპოზიცია ვერ დარჩება. საზოგადოებას უნდა თუ არა, მაინც ხელისუფლების იმედი აქვს, სხვა მხარდამჭერი არ ეგულება. ამიტომ იმის თქმა, რომ ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება პოლიტიკურად ქულებს კარგავს არასწორია“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების დადანაშაულება კორონავირუსის გავრცელების კუთხით ცოტა რთულია, როდესაც მთელს მსოფლიოში მსგავსი სიტუაციაა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას ის დავაბრალოთ, რომ ცოტათი მოდუნდა და საზოგადოებასაც საშუალება მიეცა, რომ გარკვეული რეკომენდაციები აღარ დაეცვა. ხელისუფლების რეიტინგს ეს შესაძლოა შეეტყოს, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვოს. მისი აზრით, საზოგადოება ამ გაჭირვებიდან ხსნას მაინც ხელისუფლებისგან ელის.
„შესაძლოა, ცოტახნით ხელისუფლება ხიბლშიც ჩავარდა და დარწმუნებული იყო კორონავირუსი დაამარცხეს. ხელისუფლება მოდუნდა და ეს მოდუნება საზოგადოებასაც გადაედო. როცა ხელისუფლება მოსახლეობას ამის საშუალებას აძლევს, ისიც იგივეს აკეთებს. ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე ხელისუფლებაც საუბრობდა, მაგრამ ცუდია, როცა სიკვდილიანობა იზრდება. ამის გამო ხელისუფლებას რეიტინგი დაეცეს, არ მგონია. უბრალოდ ხელიდან არგუმენტი გამოეცლებათ, რომ კორონა ვირუსი დაამარცხეს. „ოცნებამ“ ახლა რამე უნდა მოიფიქროს წარმატების დასასაბუთებლად და არა ვირუსის დამარცხება.
ახლა არჩევნები ხელისუფლებას და ოპოზიციასაც სჭირდება. თუმცა ყველაზე მეტად აუცილებელი მმართველი გუნდისთვის არის. მეორეც - ამით ხელისუფლებას პლუსი დაეწერება თუ არჩევნებს ზედმიწევნით კარგად ჩაატარებს და ამ ეპიდემიის პირობებში ყველა წესი დაცული იქნება. მთავარია პროცედურები დროში არ გაიწელოს და საარჩევნო უბნებზე რიგები არ დადგეს. წესით, ხალხს უნდა მოვუწოდოთ, რომ სახლში არ დარჩნენ და ეს შიში დაძლიონ. ფაქტია, რომ ოპოზიციას ხელისუფლების საკრიტიკოდ კარგი კოზირი აქვს და ახლა მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომ ამ ჩავარდნით ოპონენტებმა არ ისაგრებლონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.