კოკა გუნცაძე და კახა კუკავა “გამრეწველდებიან”?

კოკა გუნცაძე და კახა კუკავა “გამრეწველდებიან”?

კულუარული ინფორმაციით, “მემარჯვენე ოპოზიციისა” და “დემოკრატიული ფრონტის” წევრები კოკა გუნცაძე და კახა კუკავა, შესაძლოა, ფრაქცია “მრეწველებში” გადავიდნენ.

კოკა გუნცაძე და კახა კუკავა ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა საპარლამენტო ფრაქციებში არსებულ დაპირისპირებას არ უარყოფენ.

კოკა გუნცაძის თანაფრაქციელებთან დაპირისპირების მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი და ფსონის ბადრი პატარკაციშვილზე დადება გახდა. თუ გუნცაძე “მემარჯვენეებს” დატოვებს, ფრაქცია ავტომატურად დაიშლება, რადგან “მემარჯვენე ოპოზიციაში” მხოლოდ 9 წევრი დარჩება.

გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, კონსერვატიული პარტიის ლიდერ კობა დავითაშვილთან დაპირისპირების გამო “დემოკრატიულ ფრონტს” დეპუტატი კახა კუკავაც დატოვებს.

უთანხმოების მიზეზი “დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის” საარჩევნო ბლოკში კონსერვატორების სიმცირე და მათი იგნორირება გახდა. დაპირისპირების გამო კუკავას პარტიის გენერალური მდივნის პოსტი უკვე დაატოვებინეს.

როგორც “კვირის პალიტრისთვის” გახდა ცნობილი, კუკავასა და გუნცაძესთან მოლაპარაკებებს “მრეწველი” გიორგი ცაგარეიშვილი აწარმოებდა. ჩანს, “მრეწველებს” ფრაქციაში ახალი და აქტიური სახეების შემატება ძალიან უნდათ, მაგრამ კოლეგებსაც უწევენ ანგარიშს. ბოლოს და ბოლოს, ფრაქციას ხომ არ დაუშლიან გამყრელიძეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კოკა გუნცაძეს ყოფილი “ნაციონალი”, “დემოკრატიული ფრონტის” წევრი გოჩა ჯოჯუა ჩაენაცვლოს.