სომხეთის პრეზიდენტი: ნატომ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს კითხვას, უჭერს თუ არა მხარს თურქეთის ქმედებებს ყარაბაღის კონფლიქტში

სომხეთის პრეზიდენტი: ნატომ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს კითხვას, უჭერს თუ არა მხარს თურქეთის ქმედებებს ყარაბაღის კონფლიქტში

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის განცხადებით, ნატომ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს კითხვას, უჭერს თუ არა მხარს თურქეთის ქმედებებს ყარაბაღის კონფლიქტში.

„თუ ბრიუსელში გავემგზავრები, ნატოს ხელმძღვანელობას მინდა გავესაუბრო იმის თაობაზე, თუ რატომ მონაწილეობს თურქეთი, ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ომში, რომელთანაც ნატოს არანაირი კავშირი არ აქვს. რატომ აკეთებს ნატოს წევრი იმას, რაც სურს, ხოლო ნატო კი არაფერს აკეთებს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნატომ თურქეთს მწვანე შუქი აუნთო?“ - განაცხადა არმენ სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ომიდან, რომელიც თურქეთმა და აზერბაიჯანმა წამოიწყეს, მეორე სირია შეიძლება გამოვიდეს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.