ნიკოლ ფაშინიანი: მზად ვარ, მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე

ნიკოლ ფაშინიანი: მზად ვარ, მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მზაობა გამოხატა, ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით მოსკოვში აზერბაიჯანის ლიდერს, ილჰამ ალიევს შეხვდეს.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. ეს ჩვენი პოზიციაა. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს.

„დარეგულირება არა რომელიმე მხარის კაპიტულაციას, არამედ კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს“, - დასძინა სომხეთის პრემიერმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.