საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, პანტენის კომუნაში მდებარე მეჩეთი დაიხურება.
„სენ-სენ-დენის პრეფექტს პანტენის მეჩეთის დახურვის თხოვნით მივმართე. დღეს ეს მეჩეთი დაიხურება. პრეფექტი აღნიშნულ განკარგულებას ხელს მოაწერს“, - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ჟერალდ დარმანენის განმარტებით, მანამდე აღნიშნული მეჩეთის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში მოკლული მასწავლებელი უნდა დაეშინებინათ.
16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის, სამიუელ პატის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში მოკლა, მანამდე ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის აბდულა ა არის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.