აზერბაიჯანის პერეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო საომარ მოქმედებებს მოკლე დროში შეწყვეტს, თუ სომხეთი მოლაპარაკებებზე კონსტრუქტიულად მოიქცევა.
„ჩვენი ბრალი არ არის ის, რომ სიტუაცია დღემდე ცხელ ფაზაშია. არაერთხელ განვაცხადე, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს დარეგულირების იმ პრინციპებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესის ფარგლეში გამომუშავდა. მზად ვართ, ხვალაც კი შევწყვიტოთ საომარი მოქმედებები, თუ სომხეთი კონსტრუქტიულად მოიქცევა, თუმცა ის განცხადებები, რომელსაც ოფიციალური ერევანი აკეთებს, ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებულ ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ბაქო მზად არის, სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები მოსკოვში ან ნებისმიერ სხვა ადგილას გამართოს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.