აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი შობის დღესასწაულს გააუქმებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნევადის შტატში, ქალაქ კარსონ სითიში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ ბაიდენი მოვა, კარსონ სითი მოჩვენებების ქალაქი გახდება და შობის დღესასწაული გაუქმდება. გახსოვთ, მე განვაცხადე, რომ შობის დღესასწაულს დავაბრუნებდი და გავაკეთე კიდევაც. მახსოვს, პოლიტიკურად კორექტულ ლექსიკას იყენებდნენ და ამბობდნენ „გისურვებთ კარგ დღესასწაულს“. მე კი უარი ვთქვი ამაზე. მსურს ვთქვა - „შობას გილოცავთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ტრამპის სწრაფ აღდგენასა და ბაიდენის დეპრესიას შორის არჩევანია.
აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.