რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 21-ე საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენება უნდა დაგმოს. ამის შესახებ ალექსეი ნავალნიმ ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის შენიშვნას, რომ ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ნავალნის მოწამვლა დაგმეს, ხოლო დონალდ ტრამპს ეს არ გაუკეთებია, რუსმა ოპოზიციონერმა უპასუხა:
„დიახ, ეს შევნიშნე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში აშშ-ის პრეზიდენტი გამოდიოდეს 21-ე საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ“.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.
ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირმა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის სასანქციო სიაში შემდეგი პირები მოხვდნენ: „ეფესბეს“ დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი და ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზისდენტის წარმომადგენელი სერგეი მენიაილო.