საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოება გაძლიერდება, სოციალურ ქსელებში კი პუბლიკაციების შემოწმება გამკაცრდება.
როგორც ფრანგული ტელეკომპანია BFMTV იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ქვეყანაში ისლამისტები მშვიდად ვერ დაიძინებენ“.
გარდა ამისა, ტელეარხის ინფორმაციით, თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საფრანგეთის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოება გაძლიერდება. სამართალდამცველები ასევე მკაცრად გააკონტროლებენ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ შეტყობინებებს.
16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის, სამიუელ პატის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში მოკლა, მანამდე ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის აბდულა ა არის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.