ფრანგი სამართალდამცველები ქვეყნიდან ექსტრემიზმში ბრალდებული 231 უცხოელის გაძევებას აპირებენ. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.
საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, სასწრაფო წესით ქვეყნიდან 231 უცხოელი იქნება დეპორტირებული. აღნიშნულ პირებს ბრალი რადიკალიზაციაში ედებათ. გარდა ამისა, ჟერალდ დარმანენი პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველები 4 ათასზე მეტ უცხოელს აკვირდებიან, რომლებიც რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევიან, ხოლო 2020 წლის დასაწყისიდან რადიკალური შეხედულებების გამო, საფრანგეთიდან 400-ზე მეტი უცხოელი გააძევეს.
16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის, სამიუელ პატის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში მოკლა, მანამდე ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის აბდულა ა არის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.