სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა

სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო იერიშის მიტანაში ადანაშაულებს.

უწყების ინფორმაციით, ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს ჰუმანიტარული ზავი და მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

„სარაკეტო იერიშის სამიზნეს სტეფანაკერტისა და შუშის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. ამჟამად „ყარაბაღის თავდაცვის არმია“ სიტუაციას აკონტროლებს“, - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეფანიანი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.