აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ ომი გაგრძელდება, აზერბაიჯანი სომხეთის არმიას მთლიანად გაანადგურებს.
„თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის არმიას მთლიანად გავანადგურებთ! ამიტომაც, რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტი სამხედრო ტექნიკის შენარჩუნებას შეძლებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? არა. ამიტომ ნურავინ დაგვადანაშაულებს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.