ქართველი ალპინისტები ზამთარში ალპებში შარშანდლამდე არ ასულან, გია თორთლაძემ შარშან მონბლანი დალაშქრა. წელს კი შვეიცარიის სიმბოლოდ ქცეულ მატერნჰორნის მთაზე ავიდა. ალპინისტი და პოლიტიკოსი აცხადებს, - 4.500 მეტრი სიმაღლის მთაზე ასვლა ზამთრის ექსტრემალურ პირობებში მეტად საინტერესო იყო, რადგან მატერნჰორნს ძალზე ციცაბო კალთები აქვსო. როგორი იყო გზა მატერნჰორნის მწვერვალამდე, რას გრძნობდა გია თორთლაძე, როდესაც ალპებში ქართული დროშა ააფრიალა და ვის მიუძღვნა ამ მთაზე ასვლა, ინტერვიუდან შეიტყობთ.
გია თორთლაძე:
- შვეიცარიაში მეგობრებთან, სანქტ-პეტერბურგელ საშა რუჩკინთან და ბიშკეკელ მიშა მიხაილოვთან ერთად ჩავედი. 7 იანვარს ჟენევაში ჩავფრინდით, მერე წავედით ქალაქ ზერმატში. მაშინ მთელ ევროპაში დიდთოვლობა იყო და მწვერვალის ძირამდე მისვლაც კი გაჭირდა - რაღაც დონემდე საბაგიროთი ძლივს მივაღწიეთ. მერე მთამსვლელთა ქოხს შევაფარეთ თავი, ღამის რაღაც მონაკვეთი იქ დავყავით. ზამთარში, როცა მთა ყინულით იფარება, მასზე ასვლა იოლია. ჩვენი ჩასვლის დროს მატერნჰორნი თითქმის მთლიანად ფხვიერი თოვლით იყო დაფარული, ამიტომ ძალზე გართულდა კლდეზე ცოცვა. ტემპერატურაც დაბალი - 20 გრადუსი იყო. კიდევ კარგი, ქარბუქი არ ყოფილა, თორემ ვერ ავიდოდით. ღამის 1-ელ საათზე დავიწყეთ ასვლა - ფარნის შუქზე მივცოცავდით. თავიდან არ გაგვჭირვებია, პირველი მონაკვეთები კარგად გავიარეთ, მაგრამ შემდეგ გართულდა, 15-მეტრიან ვერტიკალურ მონაკვეთზე დიდი დრო დავკარგეთ. იქ დღეც გაჭირდებოდა ასვლა და წარმოიდგინეთ, ღამე რა იქნებოდა. მთელი დღე ვიარეთ - 6 საათზე იქ უკვე ღამდება და ჩვენ რვის წუთებზე გავჩერდით ქოხში. მწვერვალამდე 400 მეტრი გვრჩებოდა. არ ვიცოდით, მეორე დღეს მოვასწრებდით თუ არა მწვერვალზე ასვლას. ქვემოთ ყოფნისას ვერავინ ვნახეთ ისეთი, ვინც ეს მარშრუტი იცოდა, ვერც ისეთი, ვისაც ასეთ პირობებში ჰქონდა გავლილი მატერნჰორნი. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ზედა ბასტიონი ძალზე რთული მონაკვეთი იყო. ძალიან შეგვცივდა. დილით 5 საათზე გავედით და საბედნიეროდ, ყველაზე რთული 65-მეტრიანი მონაკვეთის გავლამ გამთენიისას მოგვიწია, უკვე კარგად ვხედავდით ყველაფერს. ეს კლდოვანი ბასტიონი ისეთი ციცაბოა, თოვლი არასოდეს ჩერდება. მატერნჰორნს ორი წვერი აქვს - შვეიცარიიდან ასულები ერთ მწვერვალზე ხვდებიან, იტალიის მხრიდან ასულები - მეორეზე (ამ მთას იტალიაში სერვინოს ეძახიან). წვერებს შორის 200-მეტრიანი ვიწრო ქედია. იტალიელებმა თავის დროზე ამ მთაზე ვერტმფრენებით აიტანეს ჯვარი, შვეიცარიელებმა კი წმინდა ავგუსტინეს ქანდაკება. ავედით მწვერვალზე და დავინახეთ, რომ ქედი გრძელდებოდა და შორს ჯვარი იდგა. ვთქვით, თუ იქაც არ გადავალთ, იტყვიან, მწვერვალზე არ ყოფილანო და იქაც გადავედით...
ძალიან გაგვიძნელდა დაშვება, განსაკუთრებით დიდი დატვირთვა აქვს ბოლო მთამსვლელს (ამიტომ ერთმანეთს ვენაცვლებოდით), რომელიც ორმაგ თოკზე ეშვება. ორჯერ დაეხვია თოკი კიდის ქიმს და ორჯერ თავიდან ასვლა დაგვჭირდა. როგორც კი მზე მიეფარებოდა ან ჩრდილში მოვხვდებოდით, ხელ-ფეხი ქვასავით გვიხდებოდა, ვითოშებოდით. მოულოდნელად ქარი ამოვარდა და საათ-ნახევარი უმძიმეს პირობებში ჩავცვივდით. როგორც იქნა, მივაღწიეთ იმ ქოხს, სადაც წინაღამე გავათიეთ და მეორე დღეს გავაგრძელეთ დაშვება. 7 საათი ვეშვებოდით და წვალებით მივაღწიეთ ქვედა ქოხამდე. მეორე დღეს დავეშვით ზერმატში.
პატარა ლამაზი ქალაქი ზერმატი ხალხით იყო სავსე. “ახალი რუსები” ეტყობა იმიტომ ეტანებიან იქაურობას, რომ უამრავი სათხილამურო ტრასაა. ვიცოდით, რომ ქალაქის ზემოთ გაყინული ჩანჩქერი იყო და იქაც ავედით. 120-მეტრიანი ულამაზესი მონაკვეთი გავიარეთ ამ ჩანჩქერზე, ანუ დრო არ დაგვიკარგავს და ორმაგი სიამოვნება მივიღეთ. ასე რომ, შვეიცარიის ალპების სიმბოლო მატერნჰორნიც დავლაშქრეთ და ულამაზესი გაყინული ჩანჩქერიც. ბევრი საინტერესო ასვლა მქონია, მაგრამ ჩემს ალპინისტურ ბიოგრაფიაში მატერნჰორნს განსაკუთრებული ადგილი უკავია - ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი ასვლა, ამავე დროს ეს ულამაზესი მწვერვალია. ჩემ თვალწინ ენით აუწერელი სილამაზე გადაიშალა, თანაც კარგი ამინდი იყო და ყველაფერი ჩანდა. ზოგიერთი მთა ასასვლელად რთულია, მაგრამ ნაკლებად ლამაზი... დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვისთან ერთად ადიხარ მთაზე, საშა რუჩკინი და მიშა მიხაილოვი მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელები არიან. რუსებთან პოლიტიკაზე არ შეიძლება ლაპარაკი, თორემ მთაში უბადლო მეგობრობა და გატანა იციან. ბევრჯერ, რუსულ ექსპედიციაში, მხოლოდ ერთი ქართველი ვყოფილვარ და არასოდეს მიგრძნია დისკომფორტი და იცით, რატომ? - მთაში კარგი ხალხი დადის. შარშან რუჩკინმა და მიხაილოვმა ჰიმალაიში 7710 მ სიმაღლის მთის, ჟანუს ჩრდილოეთი კედელი გაიარეს და ოქროს წერაყინი დაიმსახურეს. რუჩკინს მე-6 კატეგორიის (ურთულესი) 43 მარშრუტი აქვს გავლილი. იგი ძალზე თავმდაბალი და მხიარული კაცია.
კიდევ რომელ მწვერვალზე ასვლაზე ოცნებობთ?
- კაორზე მინდა ასვლა და ამ ზაფხულს ვეცდები დავლაშქრო.
ვინმეს ხომ არ მიუძღვენით მატერნჰორნის დალაშქვრა?
- ყველაფერი, რაც მთაში გამიკეთებია, ჩემს გარდაცვლილ მეგობრებს ეძღვნება.
როგორი განცდა გქონდათ, როცა მატერნჰორნზე საქართველოს დროშა ააფრიალეთ?
- სიამაყის... საქართველოს დროშა სულ დამაქვს მთაში. ჩემმა მეგობრებმაც გაშალეს ყაზახეთისა და რუსეთის დროშები, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენნაირი ლამაზი დროშა არავის აქვს. ძველი დროშა არ მომწონდა, მაგრამ რა უნდა მექნა - ისიც დამქონდა.
პოლიტიკოსებიდან ვის ენდობოდით მთაში?
- ჩემი თანაგუნდელებიდან ყველას ვენდობი, მაგრამ კობა დავითაშვილთან ერთად მთაში როგორ წავიდე? - მძიმეა. დათოს ფეხი სტკივა და ვერ წამოვა, ზვიად ძიძიგურთან, კუკავასთან, ივლიანესთან ერთად წავიდოდი. სახელისუფლებო გუნდიდან ერთ კაცს წავიყვანდი და ეს კაცი დათო კირკიტაძეა. ვიცი, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე მასთან ერთად წავიდოდი მთაში, დანარჩენებთან - არა. ადრე პრეზიდენტს დავპირდი, კილიმანჯაროზე წაგიყვან-მეთქი, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა... რახან ნათქვამი მაქვს, სიტყვას არ გავტეხ, თუმცა მასთან ერთად სადმე წასვლის დიდი სურვილი აღარ მაქვს.
არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოთ, რას აირჩევდით - მთას თუ პოლიტიკას?
- რა თქმა უნდა, მთას. მთაში 30 წელია დავდივარ, პოლიტიკაში კი ახლა მივედი. პოლიტიკაში იმიტომ მივედი, რომ შევარდნაძე იყო წასასვლელი, სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებას ვერ ვატყობ ხალხის სიყვარულს, შეხედეთ როგორი ზიზღით ლაპარაკობს მაია ნადირაძე, როგორ მედიდურობს კოტე გაბაშვილი, როგორი სიძულვილით წკურავენ თვალებს ბოკერია და თარგამაძე. ქართველები თბილი და მოსიყვარულე ხალხი ვართ და ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებთ. ვისურვებ, ჩემს ქვეყანაში ყველას თავისი ადგილი მოენახოს და თითოეულ ჩვენგანს სიყვარულით ეკეთებინოს თავისი საქმე, ამით აშენდებოდა ეს ქვეყანა. შვეიცარიაში ყველამ თავისი ადგილი იცის და სიყვარულით აკეთებს საქმეს, ღმერთმა ქნას, ჩემი ქვეყანაც მენახოს ასე წელგამართული.