საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „დავასრულოთ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35–ე და 36–ე მუხლების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
საქართველოს კონსტიტუციის მე–60 მუხლის მე–4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობა ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედისა უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა. პეტიციის მიზანია, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, წარადგინოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა.
საზოგადოებრივი მოძრაობა – „დავასრულოთ“–ს დამფუძნებელი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ღალატში მხილებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების არც მორალური და არც კონსტიტუციური უფლება, რადგან, მისი თქმით, ეს საქართველოს ღირსების საქმეა.
მანჯავიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას. ანალიტიკოსის შეფასებით, უდავოა, რომ კომისიის წევრები მოქმედებდნენ იმჟამად მმართველი პარტიის მითითებით და უშუალოდ მათ დავალებებს ასრულებდნენ.
„საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი „ნაციონალურმა მოძრაობის“ განზრახი ქმედებების შედეგად, რაც მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავდა, საქართველოს კუთვნილი 3500 ჰექტრამდე ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი დადგა უცხო ქვეყნისათვის გადაცემის აშკარა საფრთხის ქვეშ. ეს ძალა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამის ნათელი მაგალითია დავით გარეჯის საკითხი. ამიტომ, უნდა შევაგროვოთ ათი ათასი ელექტრონული ხელმოწერა, რომ მთავრობამ განიხილოს ეს საკითხი და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. არ შეიძლება პოლიტიკურ ველზე იყოს ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.
მანჯავიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ორგანიზაციის მოქმედება არანაირად არ ეხება საპარლამენტო არჩევნებს, ვინაიდან პროცედურულად, შეუძლებელია არჩევნებამდე დაიწყოს პროცესი, თუმცა მოლოდინი ოპტიმისტურია და ეყრდნობა იმას, რომ არ შეიძლება პოლიტიკურ ველზე იყოს ძალა, რომელიც პირდაპირ მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„ეს არაა პირველი შემთხვევა და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. გვახსოვს მათი მესიჯბოქსები, ჭკუიდან შეშალეს მთელი საქართველო. იგივეს აგრძელებენ დღესაც. ახლა უნდათ, რომ გაიღიმონ და გაიცინონ თითქოს მათი ირონია ვინმეს რამეში დაარწმუნებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ფაქტებიდან დასკვნების გამოტანის უუნარობას ეწოდება კრეტინიზმი, ეს მათ საყურადღებოდ, ვისაც ფაქტებიდან დასკვნა ვერ გამოაქვს.
მათ ისიც არ ეგონათ, რომ ხელისუფლებიდან ჩამოაცილებდა ქართველი ხალხი, მაგრამ შედეგი სახეზეა, იგივე მოხდება ახლაც. მათ მოუწევთ პოლიტიკური ველის დატოვება. არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც პოლიტიკური პარტია არ შეიძლება იწოდებოდეს ასეთად და ეს უნდა გვესმოდეს“, – აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა – „დავასრულოთ“-ს დამფუძნებელი, გიორგი იაკობაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არა მხოლოდ 2006–2007 წელს დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ დღესაც იგივეს აგრძელებენ, რადგან დღესაც იცავენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს.
„ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დავით გარეჯი, ფაქტობრივად, გადაეცა აზერბაიჯანის რესპუბლიკას. დღესაც ირონიით საუბრობენ ამაზე, მერე რა, რომ გადაეცა, მერე რა იმათ ტერიტორიაზე იყოო. ანუ, დღესაც გვარწმუნებენ, რომ დავით გარეჯის ეს იტორიული ნაწილი, თურმე საქართველოს ტერიტორიას არ წარმოადგენს. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 20–21 ივნისს მცდელობა იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა. აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ წლების განმავლობაში საზოგადოება გახლიჩეს და დააპირისპირეს ერთმანეთს. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი განაყოფები და გამონაყოფები, ეს არის ის სიმსივნე საქართველოს სახელმწიფოში, რომელიც უნდა მოიკვეთოს. ეს ათწლეულების ამბავია. როგორც გერმანიაში ფაშიზმი არის მიუღებელი, ასევე საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს პარტია“, – აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი, ია მეტრეველი შეკითხვით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მოქალაქეებს - იმაზე მეტი რა შეიძლებოდა დაეშავებინა „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც აქვთ ჩადენილი საკუთარი ერის და ქვეყნის წინაშე? როგორც მეტრეველი აცხადებს, ბოლო წერტილი არის სწორედ დავით გარეჯის გადაცემის მცდელობა.
„მინდა გავახსენო საზოგადოებას, გარდა იმისა, რომ საკუთარ ერს მოუწყვეს გენოციდი (დახოცეს ახალგაზრდა ბიჭები, ციხეებში რაც გააკეთეს ვიცით), 2008 წელს იყო ომი და დღეს დავდექით იმ უმძიმესი ფაქტის წინაშე, რასაც დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ჰქვია.
მე გეკითხებით, ამის მეტი რაღა შეიძლება დააშავოს ერის წინაშე პარტიამ, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო აკრძალული ამ ქვეყანაში? ამ 9 წლის განმავლობაში მასთან ომი არ უნდა გვქონოდა და 2012 წელს უნდა ეგოთ პასუხი იმ დანაშაულზე, რაც აქვთ ჩადენილი“, – აცხადებს ია მეტრეველი.