მიდის თუ არა გამოძიება დავით გარეჯის საქმეზე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილამდე და იქნება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც ამ საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს? როგორც ცნობილი ხდება გამოძიება გარეჯის ირგვლივ სხვადასხვა მაღალჩინსონებს დაკითხავს და შესაძლოა, მათ პროკურატურას საკამოდ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდონ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურას კითხვები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ნოღაიდელთან ჰქონდა და როგორც ის ამბობს, მან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ასევე დასაკითხთა სიაში არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი მდივანი, მინდია ჯანელიძე და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. თუმაც ჯერჯერობით უცნობია მათ რა ჩვენებები მისცეს.
დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი მასალებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ეცნობა. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი კი, ჩვენებაში კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანზე საუბრობს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა „დღის კურიერის“ ეთერში დავით გარეჯის საქმეზე მის გამოკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაინტერესდა ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებას შეეხებოდა. როგორც ნოღაიდელმა განაცხადა, ამ დოკუმენტს საქმესთან უშუალო კავშირი არ ჰქონია და მისით დაინტერესება მასში მოყვანილმა ფრაზამ გამოიწვია:
„გამოკითხვის დროს იყო ერთი დოკუმენტი - პროტოკოლი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ჩვენ დელიმიტაცია-დემარკაციამდე ნელ-ნელა დავიწყეთ საბაჟო გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირება. მაგალითად, 2004-ში, როცა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრი ვიყავი, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების და ადამიანების მიმოსვლა იყო რამდენიმე ათეულ ადგილზე, რაც ჩვენც და ნაწილობრივ აზერბაიჯანსაც უქმნიდა ეკონომიკური სივრცის დაცვის პრობლემას. ამ პროტოკოლში ნახმარია ფრაზა - საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციამდე, მაგრამ განმარტებების შედეგად მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტების დაწესების გადაწყვეტილებას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან უშუალო კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტით დაინტერესება მხოლოდ მასში ნახსენებმა ფრაზამ გამოიწვია.
ის ვარაუდობს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში გამოჩნდება უშიშროების საბჭოს ოქმებიც ამ საკითხთან დაკავშირებითაც.
კითხვაზე, იყო თუ არა საკითხთან დაკავშირებით მისი ნდობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კეთილსინდისიერების იმედზე დამყარებული, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ კი, ეს მისი უშუალო პასუხისმგებლობა იყო.
„პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა. ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005-2007 წლებში განხილულა სადმე, დღესაც და 13 წლის მერეც, წინასაარჩევნოდ და ამის მერეც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე. სხვანაირად არ ხდება. ეს საკითხი უნდა გაირკვეს ნამდვილად - ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ“, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
ნოღაიდელი ამბობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის დაკავებულ, ყოფილ წევრებს, ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ იცნობს და, სავარაუდოდ, არც არასდროს შეხვედრია.
მისი თქმით, საქართველოს საზღვრის დადგენის საკითხში მხოლოდ უშიშროების საბჭოს სხდომების ფარგლებში იყო ჩართული.
არქიმანდრიტი კირიონი კი დაკავებული კარტოგრაფების შესაძლო დანაშაულის მოტივზე მიცემულ ჩვენებაში ყვება და ამბობს, რომ საქმეში კანონდარღვევები ჩადენილი იყო არა მართლაცდა გაუგებრობით ან უმეცრებით, არამედ შეგნებულად მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე.
„პირველი, რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა ფინანსური ინტერესის გამო, ან მეორე, რომ ამგვარი დირექტივა მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან და ივერი მელაშვილი მისდა სამარცხვინოდ ამ ყოველივეს ამსრულებელი იყო“, - ეუბნება ბერი კირიონი 29 სექტემბერს გამოკითხვისას გენერალურ პროკურატურას.
ის ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისგან ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციებზე საუბრობს და დავით გარეჯთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნინო კალანდაძეს გამოყოფს.
„ივერი მელაშვილის გარდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან 2012 წლის მაისის მოვლენების დროს, ოფიციალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას.
ეს ყოველივე, ჩემი აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან ამ პრესკონფერენციიდან 2 საათის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა შემდგომი რამ: „როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას...“, ანუ აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის, ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა“, - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.
არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ახსენებს მიხეილ სააკაშვილსაც და 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის დავით გარეჯის კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით საუბრობს.
იურისტი გიორგი მშვენიერიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ჯერჯერობით მათ არ იციანი ზურაბ ნოღაიდელის როლი ამ საქმეში როგორია. მშვენიერაძე ამბობს, რომ როდესაც მათ საქმის მასალები პროკურატურამ გაუცვალა, იქ ნოღაიდელის დაკითხვის ოქმები ჯერ არ იყო. მისივე თქმით, თუკი პროკურატურა ამ საქმეში მეცნიერების დანაშაულს ხედავს, მაშინ რატომ არ ხედავს იგივე იმ მაღალჩინოსნების დანაშუალს, რომლებმაც 2014 წლიდან ამ რუკის არსებობის შესახებ იცოდნენ და ამაზე მსჯელობაც მიდიოდა?
„ამ რუკების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მოხელეებისთვის 2014 და 2015 წლებში უკვე ცნობილი იყო. ეს იცოდა არა მხოლოდ მინდია ჯანელიძემ, არამედ ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი ალასანიამ, ასევე სხვა ბევრმა მაღალჩინოსანმა. ამ თემებზე და რუკების შესახებ დისკუსიები იმართებოდა. როგორც სხვა ადამიანები, ასევე მინისტრების მოადგილეები ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ. ამიტომაც ამ რუკის შესახებ რაიმე სიახლე არ ყოფილა, გარდა იმ ფაქტისა, რომ კონკრეტულმა ადამიანმა რუსეთის ფედარაციიდან რუკები მოიპოვა და ვერსიები ჩამოიტანა. თუმცა ამ რუკების 4 ათასამდე ვერსიაა დაბეჭდილი, ამიტომაც მისი ანალოგი შესაძლოა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს. ეს არ არის ხელმიუწდომელი დოკუმენტი და რომ მოვიძიოთ საქართველოში, შესაძლოა, ბევრს ჰქონდეს. ეს რუკები საქართველოშია გამოცემული“, - ამბობს მშვენიერაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ასევე დაცვის მხარე დაინტერესდება და ახსნის იმას საერთოდ ეს რუკები არის თუ არა გამოსადეგი. მშვენიერაძე ამბობს, რომ ეს რუკა აზერბაიჯანულ მხარესაც აქვს და ერთი კვირის წინ მოლაპარაკებაზე წასულ ჩვენს კომისიის წევრებს მის განხილვაზე უარი უთხრეს. მშვენიერაძე ამბობს, რომ ჩვენი და აზერბაიჯანის საზღვრების 65%-მდე შეთანხმებული გვაქვს, მაგრამ ეს თემა ასე გაიწელა და არსებობს საფრთხე, რომ აზერბაიჯანელებმა საერთოდ 20 წლის განმავლობაში შეთანხმებულ ტერიტორიებზე უარი გვითხრან და საწვალებელი ხელახლა გაგვიხდეს.
„რა მოხოდა 2020 წელს და რა ახალი რუკები ნახეს ჩემთვის პირადად გაუგებარია. მამა კირიონი თავის ჩვენებებში და განცხადებებშიც ამბობს, რომ ეს რუკა 2014 წელს უკვე ხელთ ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას და ამის შესახებ ყველამ იცოდა. ამიტომაც მაშინ ჯანელიძეც და სხვა მოქმედი მაღალჩინოსნებიც უნდა დაიკითხონ, რომლებმაც ამ რუკის შესახებ იცოდნენ“,-ამბობს მშვენიერაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მეცნიერების დაკავების შემდეგ, ძალიან ბევრი მაღალიჩინოსნის ირგვლივ კითხვები ისმის და ამაზე პასუხის გაცემაა საჭირო. თუკი ეს ხალხი დამნაშავეები არიან, სად არის იმ მაღალჩინოსნების პასუხისგების საკითხი და რატომ არ ხდება მათი დაკითხვა? რატომ არ მიაქციეს ამ რუკებს ყურადღება, როცა მისი არსებობის შესახებ ყველამ იცოდა? ხუხაშვილი ამბობს, რომ ჯერ ერთი ხელისუფლებამ რუკების არსებობა დიდი ხანია იცის, მაგრამ დავანებოთ წინა წლებს თავი, თუ ხიდაშელის საუბარს გავითვალისწინებთ, ეს რუკები მან ხელისუფლებას მარტში გადასცა და ამ 6 თვის განმავლობაში რას იკვლევდნენ? თუ დანაშაული სახეზე იყო, რას ელოდებოდნენ?
„თუ რაიმე დანაშაული იყო, მაშინ დანაშაულის დაფარვა აგრეთვე დანაშაულია. ვინ დაფარა მაშინ ეს დანაშაული? რატომ არ მოხდა მისი თავის დროზე აფიშირება? ვიღაცამ დანაშული ჩაიდინა როცა ამ რუკებზე თავის დროზე რეაგირება არ მოახდინა. თუ იკვლევდნენ და დაკითხვები მიდიოდა, მაშინ ამის შესახებ საზოგადოებამ ახლა რატომ გაიგო? როგორც დაკავებული მელაშვილი ამბობს, ის დაკითხვაზე აგვისტოში დაიბარეს. არ ვიცი მინდია ჯანელიძეს, ზურაბ ნოღაიდელს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ამ დანაშულში, თუ ეს რეალურად არსებობს, რა წვლილი მიუძღვის. ეს არის ტრიუკი, რომელიც მგონია, რომ ვერ შედგა. ჯანელიძე სად იყო და ვინ რას აკეთებდა ამ დროს, მგონია, რომ ეს საზოგადოებას არ აინტერესებს. თუ ამის გაგება უნდოდათ, აქამდე გაიგებდნენ“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.