დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს ამ საქმეში რუსული კვალი იკვეთება, გია ვოლსკი ეხმაურება. „ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ არანაირი რუსული კვალი არ არსებობს. აქ არსებობს საქართველოს ინტერესი და საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მედიასაშუალებები.
გია ვოლსკის თქმით, კონკრეტული ჯგუფების ვერსიები ქვეყნდება, თითქოს აქ იგრძნობა რუსული კვალი. ამ სისულელით უნდათ გადაფარვა იმ რეალობის და მძიმე სურათის, რაც შექმნეს თავადვე და იმის მაგივრად, ისაუბრონ საქართველოს ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნებისთვის რა გზა და რესურსი არსებობს, მთელი ძალები გადასროლილია იქით, რომ როგორმე რუსული კვალი მოძებნონ და მთავარი თემიდან გადაიტანონ საკითხი სულ სხვა რაკურსში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არანაირი რუსული კვალი არ არსებობს.
გია ვოლსკის პოზიციის მიუხედავად, ოპოზიცია დავით გარეჯის საქმეში საკუთარ ვერსიებს თხზავს. მათი მტკიცებით, ამ სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო ინტერესია, რაც, მათი მოსაზრებით, იმის დასტურია, რომ რუსეთს აწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთობა დაეძაბოს.
ოპოზიციისვე მტკიცებით, დავით გარეჯის რუკები პროკურატურამდე რუსეთის სპეცსამსახურების გავლით მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე ავრცელებს.
კერძოდ, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოსკოვში სახელმწიფო არქივში დაცული ეს რუკები 2020 წლის მარტში გამოაგზავნა. არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით კი, დავით ხიდაშელს რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. ხიდაშელს დაუკავშირდა მისი მეგობარი ბეჟან მაისურაძე და თავდაცვის სამინისტროსთვის რუკების მოძიება დაავალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბეჟან მაისურაძე კრემლთან დაახლოებული იგორ გიორგაძის პარტნიორია.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, დავით ხიდაშელმა ეს რუკები რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა, რომელიც ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე მსხვილი რუსული საინვესტიციო კორპორაციის Sistema-ს იურიდიული დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
დავით გარეჯის საქმეში რუსული სპეცსამსახურების ჩართულობასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა შუაშია აქ იგორ გიორგაძე.
„კი ბატონო, თუ უნდათ, დაამტკიცონ, რომ ეშმაკმა გადმოგვცა ეს რუკები, თუკი ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საზღვრებზე დადებითად აისახება. რა თქმა უნდა, იგორ გიორგაძის ჩარევა ყველანაირად მიუღებელია მისი ქმედებებიდან გამომდინარე, თუნდაც ბოლო პერიოდში რასაც აკეთებს, როცა ებრძვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მარტო ესაა საკმარისი. მისი ასეთი ქმედება საფრთხის შემცველია საქართველოსთვის იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს აქეზებს და ფაქტობრივად ომისკენ უბიძგებს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა განაცხადა, ჩამოვალ საქართველოში და ყველაფერს ავუხსნი საზოგადოებასო. ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც გაკეთდა, რომ თურმე ის საქმიანობდა ამ სფეროში და ხელი მიუწვდებოდა მსგავს რუკებთან. თუკი ასეთი პიროვნებები არსებობდნენ, რატომ არ მოიძია ეს თავის დროზე კომისიამ?“ - აცხადებს ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, განმარტავს, რომ საქართველო - აზერბაიჯანს შორის და ზოგადად, რეგიონში ვითარების დაძაბვა ვის სურდა და ვინ ცდილობდა საქართველო კონფლიქტის მხარედ წარმოეჩინა, ეს ჩვენ დავინახეთ ამ ზაფხულს, როცა ჯერ ჟანგიანი კამაზების თემა წამოსწიეს, შემდეგ კიდევ სხვა თემები. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვიხილეთ გარკვეული პირების პოსტები, რომლებიც ხელისუფლებას აბრალებდნენ, მხარე ხართ კონფლიქტშიო. ვიხილეთ, ასევე, გართულებები კონფლიქტის გაღვივების, საომარ მოქმედებებში გადასვლის ფონზე დაძაბულობები აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში. ასე რომ, ამირან სალუქვაძის აზრით, ოპოზიციამ იქით უნდა მოიკითხოს ვითარების დაძაბვის მცდელობა.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანაშვილი ფიქრობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტიდან საქართველო გვერდზე რომ არ დადგეს, ამისთვის რუსეთი ყველაფერს აკეთებს. მისი თქმით, რამდენმა სომეხმა განაცხადა მედიით და სოციალური ქსელით, რომ ქართველები სომხებს თურმე ღალატობენ, ეს განცხადებები ნიშნავს, რომ რუსეთმა აზერბაიჯანსაც წაჰკიდა საქართველო და სომხეთსაც. დღეს ნამდვილად არ სცალია საზღვრის გამიჯვნისა და დელიმიტაციისთვის აზერბაიჯანს, მას აქვს ომი. თუმცა დავით გარეჯის საკითხი არ არის იმდენად გლობალურად მნიშვნელოვანი, რომ ძალიან გააფუჭოს აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობა და სერიოზულად აისახოს საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობაზე, თუმცა ეს ფაქტი არც გააუმჯობესებს ამ ურთიერთობებს.
„ყველაფერს ზედ დაერთო ყველაზე დიდი პროვოკაცია, რაც ჩაიდინა „ქართულმა მარშმა“, როცა აგრესიული განცხადებები გააკეთა აზერბაიჯანთან მიმართებით. არ უნდა ამას დიდი პითაგორობა და ფილოსოფოსობა, რომ რუსეთის სურვილია, საქართველოს ყველაზე მეტი მტერი ჰყავდეს რეგიონში, „ქართული მარშის“ ქმედებებიც ამაზე მეტყველებს, დავით გარეჯის თემის ახლა წამოტივტივებაც ამის დასტურია. არ გამოვრიცხავ, რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესს, რომ ჩვენ მიგვეღო ეს რუკები. რუსეთში ძალიან დიდი არქივია, ყველა ეს რუკა, რასაც ჩვენები ეძებდნენ 30- 40-იანი წლებიდან მოყოლებული და, რაც საქართველოში განადგურებულია, რუსეთში იქნება. ჩართო იმ ბიზნესმენმა სპეცსამსახური, ფული გადაუხადა არქივს და ისე მისცეს ეს დოკუმენტები, არ ვიცი, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ რუსული სპეცსამსახურები ამუშავებენ ამ თემას. ის, რასაც „ქართული მარში“ აკეთებს, რა განცხადებებიც კეთდება, ყველაფერი, რაც დღეს საქართველო- აზერბაიჯანის ურთიერთობებს თუნდაც ნომინალურად აზიანებს, ამაზე მუშაობს რუსეთი. ისევე, როგორც სომხების მიერ გაკეთებული ანტიქართული განცხადებები წმინდა რუსული პროპაგანდის ნაწილია“, - აცხადებს ზურაბ ბენდიანაშვილი.