ქართული კულტურის კრიტიკის შესახებ (მეორე ნაწილი)

ქართული კულტურის კრიტიკის შესახებ (მეორე ნაწილი)

ისტრიული ექსკურსი ცნობიერების ფორმათა წარმოშობის შესახებ

იმისათვის, რათა გავიცნობიეროთ, თუ როგორია სპეციფიკა ცნობიერების თითოეული ფორმის მიმართებისა იმ სახესთან, რომელსაც გულისხმობს ეროვნული საზოგადოების არსებობა, ვფიქრობთ, საჭიროა მოვახდინოთ მცირე წიაღსვლა ისტორიაში თითოეული მათგანის წარმოშობის ბუნების გაგების თვალსაზრისით.

უხსოვარ დროში, როგორც ზღაპარში იტყოდნენ, მანამდე, სანამ მოხდებოდა ინდო–ევროპული რასის დიდი მიგრაცია (დაახლოებით სამი ათასი წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე), ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზებში მცხოვრები ადგილობრივი ხალხების ცნობიერების ერთადერთ ფორმას წარმოადგენდა რელიგია, რომელიც თავის თავში შეიცავდა როგორც ხელოვნებას მის ნებისმიერ გამოვლინებაში, ისე ლიტერატურასაც და მეცნიერებასაც. (მეცნიერება იმ გაგებით, როგორც არსებობს იგი თანამედროვე კაცობრიობისათვის, მაშინ არ არსებობდა. ხოლო სინამდვილე, როგორც ქურუმების ექსპერიმენტალური კვლევის საგანი, აგრეთვე, შეადგენდა რელიგიური ცნობიერების ნაწილს და გამოხატავდა მას).

ხოლო ფილოსოფია, როგორც ჭეშმარიტების წვდომის ფორმა, მანამდე, საერთოდ, არ არსებობდა.

ანუ რელიგიური ცნობიერება იყო ერთადერთი ფორმა ეროვნული ცნობიერების გამოხატვისა მანამდე, სანამ არ მოხდა ინდო–ევროპული რასის დიდი მიგრაცია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.

მიგრირებული ხალხების შემოქმედებითი ენერგია და ადგილობრივი ხალხების უძველესი კულტურა, რომელიც ცნობილია მეცნიერებაში პროტოიბერიული კულტურის სახელწოდებით, გადაიკვეთნენ ერთმანეთში ძველი ელადის ტერიტორიაზე და მოგვცეს შემეცნების ის ფორმები, რომლებსაც დღეს აქვს ადგილი.

მაინც რა მოხდა მაშინ?

პროტოიბერიული კულტურა გულისხმობს რელიგიური ცნობიერების მიერ მოცემული სახის მიხედვით საზოგადოების მოწყობას ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით. ჩვენ ამის შესახებ ჩვენი აზრი ჩამოყალიბებული გვაქვს ნაშრომში „კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის“. სახე, რომელსაც იძლეოდა პროტოიბერიულ კულტურაში რელიგიური ცნობიერება, იყო საყოველთაოსა და აუცილებელის მნიშვნელობის მქონე საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის. იგი წარმოადგენდა რწმენის საგანს, რომლის უეჭველობაში ეჭვის შეპარვის არავითარი შესაძლებლობაც არ არსებოდა.

მოსულმა ხალხმა ინფორმაციულად კი შეიმეცნა ის პროტოიბერიული სამყარო, რომელშიც მოხვდა, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლომდე ვერ გაითავისა იგი, პროტოიბერიული კულტურის წარმოდგენები სინამდვილის შესახებ მისთვის არ გახდა სარწმუნო.

და დაიწყო მან ჩხრეკვა იმისა, მართალი იყო თუ არა ის წარმოდგენები, რომელზედაც იყო აგებული პროტოიბერიული საზოგადოება, რითაც შეურყია საფუძველი საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს და, ფაქტობრივად, დაიწყო ადგილობრივი პროტოიბერიული კულტურის მსხვრევის პროცესი.

ჩვენის აზრით, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის უდიდესი დარტყმა პროტოიბერიულ კულტურას მიაყენა ჰომეროსმა. პირველმა მან მოახდინა ღმერთებისა და ნახევარღმერთების სამყაროს ობიექტივიზაცია თავის ქმნილებებში „ილიადა“ და „ოდისეი“, რითაც სათავე დაუდო საზოგადოებრივი ცნობიერების მდგომარეობის თვალსაზრისით ახალ ერას – მოხდა საზოგადოებრივი ცნობიერების დისტანცირება სინამდვილის შესახებ იმ შეხედულებებისაგან, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ რელიგიური ცნობიერების მიერ. საზოგადოებას, რომელიც მანამდე მრავალი ათასწლეულების განმავლობაში ორგანულად ცხოვრობდა მასში, საშუალება მიეცა შორიდან შეეხედა მისთვის, რითაც ყველა პირობა შეექმნა დაეჭვებულიყო იგი თავის შეხედულებებში და გასჩენოდა კითხვა – ყოველივე ის წარმოდგენები სინამდვილის შესახებ, რაც კი მანამდე არსებობდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, როგორც ურყევი ჭეშმარიტება, არის თუ არა ნამდვილად ჭეშმარიტება?

ანუ გაჩნდა ეჭვი იმ ღირებულებების სისწორის მიმართ, რომელიც დამკვიდრებული იყო მანამდე რელიგიური ცნობიერების მიერ და რომელიც მანამდე ასე ნათლად და სარწმუნოდ განსაზღვრავდა ცხოვრების საზრისს და რომლებიც ედგა საყრდენ სვეტად პროტოიბერიულ კულტურას.

ეჭვი, გაჩენილი ინდო–ევოპული საზოგადოების ცნობიერებაში რელიგიური ცნობიერების მიერ დახატული სინამდვილის სურათის მიმართ, რომლის მიხედვითაც ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ადგილობრივი პროტოიბერიული რასა, ითხოვდა შემოწმებას, ეჭვი ითხოვდა დასაბუთებას.

ამ კითხვას სისტემური პასუხი გასცა პლატონმა, ასევე ინდო–ევროპული რასის წარმომადგენელმა, რომელმაც ჩამოაყალიბა ფორმულა, განმსაზღვრელი კაცობრიობის ისტორიისა და კულტურის შემდგომი განვითარების მიმართულებისა:

ჭეშმარიტების დადგენა არის შესაძლებელი ფილოსოფოსობის გზით.

ანუ საზოგადოების ნებისმიერ წევრს აქვს შესაძლებელობა ჩაწვდეს ჭაშმარიტებას ისე, როგორც მას ეს შეუძლია ან წარმოუდგენია.

პლატონის მიერ სინამდვილის არსში წვდომის ამ ფორმულის შექმნას მალევე, თითქმის იმავდროულად მოჰყვა ასევე არანაკლები ფუნდამენტალური მნიშვნელობის მოვლენა, განმსაზღვრელი ახალი ერის არსისა – არისტოტელემ, პლატონის უშუალო მოწაფემ, ჩამოაყალიბა ახალი, მანამდე ჯერ არ არსებული დისციპლინა – ლოგიკა – აზროვნების, ანუ ფილოსოფოსობის ეს უნივერსალური ინსტრუმენტი, რამაც ჭეშმარიტების პლატონისეულ ფორმულას მისცა, ერთის შეხედვით, თვითკმარი ხასიათი.

გასაგებია, რომ რელიგიური ცნობიერების მიერ მოცემული სახე, აღწერილი მეტაფორული აზროვნების საშუალებით, გახდა მაშინდელი საზოგადოებისათვის არა ერთადერთი. და გაჩნდა რელიგიური ცნობიერების ალტერნატიული ცნობიერების ფორმა, ფილოსოფია, რომლის საგანსაც, ისევე როგორც რელიგიური ცნობიერების საგანს წარმოადგენდა ჭეშმარიტებაში წვდომა და სინამდვილის შესახებ წარმოდგენების ფორმირება.

ძნელია ზედმეტად შეაფასო პლატონისა და არისტოტელეს რევოლუციური როლი ზოგადსაკაცობრიო კულტურის განვითარების პროცესში, რის შედეგადაც ცნობიერების ერთი ფორმის – რელიგიის – გვერდით გაჩნდა კიდევ ოთხი ფორმა – ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოვნება და ლიტერატურა, რამაც, ბუნებრივია, უდიდესი დაღი დაამჩნია ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემდგომ განვითარებას.

რატომ არ შეიძლება იყოს ფილოსოფიური აზროვნება ეროვნული სახის განმსაზღვრელი

მას შემდეგ, რაც რელიგიური ცნობიერების წიაღიდან გამოიყო ცნობიერების დანარჩენი ოთხი ფორმა და მიიღო რელიგიისაგან დამოუკიდებელი სიცოცხლე, მათგან მხოლოდ ერთმა – ფილოსოფიამ – გაბედა შესცილებოდა რელიგიურ ცნობიერებას საზოგადოებრივი ცნობიერების განსაზღვრებაში.

იყო ამ დაპირისპირებაში მეცნიერული აზროვნების ჩარევის მცდელობაც (მეცნიერული მარქსიზმი), აინშტეინი თავს თვლიდა არა ფიზიკოსად, არამედ ფილოსოფოსად, რამეთუ მეოცე საუკუნის მეცნიერულმა მიღწევებმა დაატყო ხელი ადამიანთა წარმოდგენებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძირითადი დაპირისპირება რელიგიასა და ფილოსოფიას შორის არსებობს, რის განხილვასაც ჩვენ დავუთმობთ ჩვენს ყურადღებას.

წინდაწინ ვიტყვით – ჩვენ ამ დაპირისპირებაში ვიჭერთ რელიგიური ცნობიერების მხარეს და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ცნობიერებას ძალუძს საზოგადოებრივი ცნობიერების, როგორც ერთი მთლიანის, განსაზღვრა.

ამიტომ, დარწმუნებულები ჩვენი პოზიციის სიმართლეში, ჩვენ ასეთნაირად ვაყენებთ საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება იყოს ფილოსოფიური აზროვნება საზოგადოებისათვის ეროვნული სახის განმსაზღვრელი.

ჩვენ რამოდენიმე არგუმენტს მოვიყვანდით ამის დასასაბუთებლად:

1. სახის შექმნის უუნარობა

ფილოსოფიური აზროვნება არის ლოგიკური აზროვნების პროდუქტი. შესაბამისად, ფილოსოფიური აზროვნება ქმნის აზრს და ამაგრებს მას ლოგიკური აზროვნებით.

სახე, რომელიც საფუძვლად უდევს საზოგადოებრივი კულტურის არსებობას, არის ნაყოფი მეტაფორული აზროვნებისა და შეუძლებელია მისი მიღება ლოგიკური აზროვნების საშუალებით.

ფილოსოფიური აზროვნება იძლევა აზრს, რომელიც თავის თავს არ აღემატება. ხოლო სახე უფრო მეტია, ვიდრე აზრი. სახე თავის თავში შეიცავს საზოგადოების კოლექტიური მოღვაწეობის ფუნქციონალურ კოდს, რომელიც აძლევს ეროვნულ საზოგადოებას არსებობის შესაძლებლობას. როგორც ზემოთ ვთქვით, სახე უფრო მეტია, ვიდრე აზრი, რამეთუ სახე არის მეტაფორული აზროვნების პროდუქტი, რომელსაც უნარი შესწევს თავის თავში იქონიოს როგორც იდეალი, ისე ამ იდეალისაკენ მისწრაფების ნებელობითი ვექტორი და, აგრეთვე, მეთოდოლოგია იმის შესახებ, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი.

სახე მთლიანად მოიცავს ეროვნულ კულტურას მის ნებისმიერ გამოვლინებაში, ხოლო ფილოსოფიას შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ და მხოლოდ აზრი რაიმეს შესახებ და არა სახე, რომელიც არის მეტაფორული აზროვნების ნიმუში. აზრში კი იგულისხმება რაიმე ინფორმაცია ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის შესახებ და არამც და არამც მოვლენათა ფუნქციონალური მდგომარეობა.

ფილოსოფიური აზროვნებას არ ძალუძს შექმნას სახე, რომელზედაც შესაძლებელია აგებული იყოს ეროვნული კულტურა, როგორც ერთიანი სახის მიხედვით მოწყობილი საზოგადოება. ფილოსოფიურ აზროვნება, როგორც ლოგიკური აზროვნების ხასიათის მქონე, სპეციფიკურად ბერწია ეროვნული კულტურის მოცემის თვალსაზრისით.

2. მეტაფორული აზროვნებისა და ლოგიკური აზროვნების შეუსაბამობა

სახე წარმოადგენს მეტაფორული აზროვნების პროდუქტს, ხოლო ფილოსოფიური აზროვნების მიერ მოცემული აზრი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ წარმოადგენს ლოგიკური აზროვნების პროდუქტს.

რა განსხვავებაა მათ შორის და რატომ არ შეუძლია ლოგიკურ აზროვნებას მოიცეს სახე, რომელიც თავისი სპეციფიკით არის მეტაფორული აზროვნების პროდუქტი?

სახე, რომელზედაც არის აგებული ეროვნული კულტურა, თუ არ არის შესაბამისი საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის საყოველთაოსა და აუცილებელის მნიშვნელობის მქონე, მაშინ იგი არ შეიძლება გახდეს ეროვნული კულტურის განმსაზღვრელი ფაქტორი.

ანუ სახე უნდა იყოს დამარწმუნებელი საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახე უნდა გახდეს მთლიანი საზოგადოების რწმენის საგანი.

თუ სახე არ იქცეოდა მთლიანი საზოგადოების რწმენის საგნად, მაშინ იგი ვერ შექმნიდა ეროვნულ კულტურას.

მაგრამ იმისათვის, რომ სახე იქცეს მთლიანი საზოგადოების რწმენის საგნად, საჭიროა მისი მიღება მთლიანად ისეთისა, როგორიც არის. სახე არ მოითხოვს დასაბუთებულობას. სახე არის ისეთი, როგორიც არის. სახე თავის თავში გულისხმობს საზოგადოების კოლექტიური მოღვაწეობის ფუნქციონალურ კოდს, რომელიც აძლევს საზოგადოებას თავისი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის შესაძლებლობას.

სახე აპრიორი მოიცავს ეროვნული ფუნციონირების შესაძლებლობას.

სახე მოიცავს ეროვნულ სიბრძნეს თავისი არსებობის შესახებ.

მეტაფორული აზროვნება იძლევა სახის შექმნის შესაძლებლობას.

მეტაფორული აზროვნებაა მოწოდებული მოიცეს პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია გახდეს საზოგადოების რწმენის საგნად.

ლოგიკური აზროვნება არ არის მოწოდებული შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია გახდეს საზოგადოების რწმენის საგნად.

შესაბამისად, მხოლოდ რელიგიურ ცნობიერებას შესწევს მისცეს საზოგადოებრივ ცნობიერებას სახე, როგორც რწმენის საგანი, რომელიც შეძლებდა საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივ, სამართლებრივსა და სოციალურ მოწყობას.

თავისი ბუნებიდან გამომდინარე ფილოსოფიურ აზროვნებას კი საზოგადოებისათვის ამგვარი სამსახურის გაწევა არ ძალუძს.

განსხვავებით ფილოსოფიური აზროვნებისაგან, ხედვა და სახე, რომელსაც აძლევს რელიგიური ცნობიერება ეროვნულ საზოგადოებას, აგებულია არა ცოდნაზე, არამედ რწმენაზე, არა ლოგიკურ აზროვნებაზე, არამედ მეტაფორულ აზროვნებაზე, რაც განაპირობებს ამ ღირებულებებით ეროვნული საზოგადოების თითოეული წევრის სულიერების ერთნაირ განმსჭვალულობას.

ეროვნული კულტურის არსებობის ამ ფუძემდებლური პრინციპიდან გამომდინარე როგორც კი რწმენა ხდება მსჯელობის საგანი, ასევე კარგავს იგი თავის ფუნქციას იყოს რწმენა, მიმცემი საზოგადოებისათვის იმ ერთიანი ხედვისა და, შესაბამისად, იმ ერთიანი სახისა, რომელიც არის მისი კოლექტიური მოღვაწეობისათვის აუცილებელი ერთადერთი საფუძველი.

ამიტომ, როგორც კი ფილოსოფია თავისი ჩვეულებისამებრ, იწყებს მსჯელობას რწმენის შესახებ, მაშინვე ქარწყლდება რწმენა, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს მსჯელობის საგანს.

ამიტომ, ფილოსოფია, როგორც შემცვლელი რელიგიური ცნობიერებისა, არის ბერწი.

ამიტომ, ფილოსოფია, არ გამზიარებელი რელიგიური ცნობიერებისა, უკვე ავტომატურად არის მკვლელი რელიგიური ცნობიერებისა, მაშასადამე, არის მკვლელი ეროვნული კულტურისა და ეროვნული ცნობიერებისა.

ფილოსოფიური ცნობიერებით რელიგიური ცნობიერების შეცვლა და რელიგიური ცნობიერების გამოცხადება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთ რიგით ფორმად უდიდეს ზიანს აყენებს ეროვნული კულტურის არსებობას და სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ამგვარი მცდელობა განვიხილოთ ეროვნული კულტურის დეკადანსის დასაწყისად.

თუ მივიჩნევთ სახის ერთიანობას ეროვნული კულტურის ერთ–ერთ უმთავრეს ღირებულებად, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგიური ცნობიერება, როგორც ეროვნული საზოგადოების ცნობიერებაში ერთიანი სახის დანმნერგავი, არის ერთადერთი საფუძველი ეროვნული კულტურის მარადი არსებობისა, ხოლო ფილოსოფიური ცნობიერება, როგორც ერთიანი სახის დანერგვის უარმყოფელი ფაქტორი, არის ეროვნული საზოგადოების, როგორც კოლექტიური პროდუქტის, ინდივიდუალიზაციის ანუ დაცალიცალების ანუ დაქსაქსვის პროცესის საფუძველი, რომელიც სრულდება ეროვნული კულტურის სრული მოსპობით.

ფილოსოფიური აზროვნების დანიშნულების შესახებ

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა:

ერთიანი ეროვნული კულტურის არსებობის თვალსაზრისით ფილოსოფიური აზროვნება არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი იმ სახისაგან, რომელსაც იძლევა რელიგიური ცნობიერება და რომელიც წარმოადგენს კონკრეტული საზოგადოების კულტურის არსებობის საფუძველს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას აქვს დესტრუქციული ხასიათი.

ეროვნული კულტურის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე ფილოსოფიური აზროვნება, არსებული განყენებულ მდგომარეობაში რელიგიური ცნობიერებისაგან, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული საზოგადოების ცნობიერებას, წარმოადგენს დესტრუქტიცულ მოვლენას; ერთადერთი პოზიტივი რომელიც შესაძლებელია ახლდეს ფილოსოფიურ აზრს, მდგომარეობს იმ სახის მომსახურებაში, რომელსაც აძლევს საზოგადოებას რელიგიური ცნობიერება – ეს არის კიდეც ფილოსოფიის ერთადერთი დანიშნულება.

რელიგიური ცნობიერებაში სახის არსებობის შესახებ

მას შემდეგ, რაც გამოვხატეთ ჩვენი აზრი ეროვნული კულტურის სახის განსაზღვრების პროცესში რელიგიური ცნობიერების ფუნდამენტალური და შეუცვლელი მნიშვნელობის შესახებ, ახლა გვინდა შევეხოთ თემას, რომელიც ასე ჟღერს:

თუ ეროვნული კულტურა განისაზღვრება, როგორც გარკვეული სახის მიხედვით საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობა ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით, ხოლო ეროვნული კულტურის არსებობის ფუნდამენტს წარმოადგენს რელიგიური ცნობიერება, მაშინ ბუნებრივია, გვებადება კითხვა:

რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი ურთიერთობების ზნეობრივად, სამართლებრივად და სოციალურად მოწყობის ის ხატი ანუ ის სახე, ანუ ცხოვრების ის წესი, რომელსაც აძლევს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს სჯულის სახით ქართველ ერს?

რელიგიურ ცნობიერებასთან შეხების პასუხისმგებლობის შესახებ

უნდა ვაღიაროთ, რომ ხსენებული თემის საჯარო განხილვის საგნად ქცევა ნამდვილად საფრთხილო რამ არის, რადგან ჩვენი ერისათვის რელიგიური ცნობიერების, როგორც მანტალური რეალობის შექმნის უფლება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ დედა–ეკლესიას, მაგრამ არის მეორე მხარეც, მხარე, რომელიც აღიქვამს დედა–ეკლესიის მიერ ნაქადაგებს – ეს მეორე მხარე არის თავად ქართველი ერი, ანუ ჩვენ, პატივცემულო მკითხველო, რომლის მიერ თავისი თავის მოვლა–პატრონობის პრობლემა უშუალოდ არის დაკავშირებული რელიგიური ცნობიერების ნათლად გაცნობიერებულ და არა ზოგად და ბევრ შემთხვევაში გაუთვითცნობიერებელ აღქმასთან.

თემა ნამდვილად ფაქიზია იმდენად, რამდენადაც მის შესახებ მსჯელობისას შეიძლება ადამიანი შეეხოს ისეთ საკითხებს, რომელებთან შეხების ზნეობრივი უფლებაც (გამომდინარე ისევ და ისევ ქართული კულტურის სპეციფიკიდან) მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევის გარეშე არც ერთ მართლმადიდებელ ქრისტიანს არ გააჩია.

ამიტომ, წინდაწინ გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ექსკურსი დოგმატის არც ერთ კანონს არ ეხება, (ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი მკრეხელობისაგან!), ხოლო თავისი დანიშნულების მიხედვით მოწოდებულია ხელი შეუწყოს ჩვენს მიერ საზოგადოებრივი ცხოვრების იმ ხატის, ანუ სახის უფრო ნათლად გააზრებას, რომლის მატარებელიც არის თავად ქრისტიანული მოძღვრება.

ამასთან, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ანალიზისა და მსჯელობის გაბედულების ზღვარი არც ერთ შემთხვევაში არა სცილდება სამოქალაქო თვალსაზრისით ქართველი საზოგადოების მიერ თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის საფუძვლების კვლევას, რაც, ჩვენის აზრით, მართლმადიდებლური რელიგიის მიერ თავის მოძღვრებაში ნაგულისხმები საზოგადოებრივი ცხოვრების ხატის ანუ სახის გაცნობიერების გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია).

აზროვნების პოზიტიური და ნეგატიური ფორმატების შესახებ

იმისათვის, რათა დავხატოთ მართლმადიდებლური წესის მიხედვით ქართველი ერის საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის ხატი, ანუ სახე, ანუ წესი, ვფიქრობთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შევიმუშაოთ ხატვის შესაბამისი ინსტრუმენტი.

ამ მიზნით ჩვენ ზოგადად აზროვნების ფორმატს დავყოფთ ორ შემადგენელ ნაწილად – პოზიტიურ და ნეგატიური ფორმატებად.

აზროვნების იმ ფორმატს, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს დანერგოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში სახე იმისა, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი საზოგადოებრივი ცხოვრება, ჩვენ ვუწოდებთ აზროვნების პოზიტიურის ფორმატს, ხოლო, აზროვნების იმ ფორმატს, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს უარყოფა ანუ აკრძალვა ისეთი საქციელისა, რომელიც მიუღებელია საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სახისათვის, რომელსაც გულისხმობს პოზიტიური ფორმატი, ჩვენ ვუწოდებთ აზროვნების ნეგატიურ ფორმატს.

მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო შემდეგ გარემოებას:

ეროვნული კულტურა ცალსახად და აუცილებლად წარმოადგენს აზროვნების პოზიტიური ფორმატის ნაყოფს, რამეთუ მხოლოდ აზროვნების პოზიტიური ფორმატი ქმნის საზოგადოებრივ ცნობიერებაში საზოგადოებრივი ცხოვრების იდეალს, ამ იდეალისაკენ ლტოლვის ვექტორს და, აგრეთვე, იმ მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ეროვნული საზოგადოების მიერ თავის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ იდეალის განხორციელება. (მაგ: პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა, რათა იყოს სიკეთე თავსა შენსა და რათა იყო შენ დღეგრძელი. ეს ერთ–ერთი მცნებათაგანი ბრწყინვალე მაგალითად გამოდგება იმისათვის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, რათა მან გარკვეული სახე მისცეს თავის საზოგადოებრივ ცხოვრებას).

ნეგატიური აზროვნება თავისი შინაარსით წარმოადგენს პოზიტიური აზროვნების დამატებას, რომელიც ხაზს უსვამს პოზიტიური აზროვნების ფორმატში შექმნილი სახის საწინააღმდეგო მოვლენას, როგორც უარყოფითსა და, შესაბამისად, მისი აკრძალავის საშუალებით განამტკიცებს იმ სახეს, რომლის არსებობასაც გულისხმობს აზროვნების პოზიტიური ფორმატი. (მაგ: არა კაც კლა, არ იმრუშო, არ იპარო და სხვა).

ნეგატიური აზროვნება თავისი ბუნების მიხედვით ამაგრებს რა პოზიტიური აზროვნების მიერ შექმნილი სახის პოზიციებს, ამაში პოულობს იგი თავისი არსებობის ერთადერთ გამართლებას.

ანუ აკრძალვა ადამიანთა საზოგადოებისათვის რაიმე საქციელის ჩადენის უფლებისა თავის თავში ირიბად გულისხმობს ცხოვრების იმ წესის აღსრულების ვალდებულებას, რომელიც საზოგადოების ცნობიერებაში პოზიტიური აზროვნების ფორმატის მიერ გარკვეული სახის მიხედვით არის დადგენილ–დანერგილი.

ნეგატიურ აზროვნებას არა აქვს ცალკე არსებობის უფლება, რამეთუ უარყოფა არა ქმნის არც საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის სახეს, როგორც იდეალს, არც ვექტორს, მიმართულს ამ იდეალის აღსრულებისაკენ და არც მეთოდოლოგიას იმის შესახებ, თუ როგორ არის ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დანერგვის თვალსაზრისით შესაძლებელი.

ქართული რელიგიური ცნობიერების მიერ ეროვნულ ცნობიერებაში ეროვნული სახის მორალიზაციის შესახებ

სანამ უშუალოდ შევუდგებოდეთ იმ სახის განხილვას, რომლის არსებობასაც გულისხმობს ქართული რელიგიური ცნობიერება, ჩვენ აუცილებლად ვთვლით გავაკეთოთ გარკვეული განმარტება იმის შესახებ, თუ რას ვუწოდებთ ჩვენ რელიგიური ცნობიერების მიერ საზოგადოებრივი ცნობიერების მორალიზაცია და როგორ ხდება იგი.

მაშ, ასე, ხმარებაში შემოგვექვს ტერმინი „სახის მორალიზაცია“, რომელიც თავისი არსის მიხედვით შემდეგ შინაარსს გულისხმობს:

რელიგია ცხოვრების გარკვეული სახის ანუ წესის დანერგვას როგორც საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც წესი, ზნეობრივი თვალსაზრისით განიხილავს, და უწოდებს ამ მოვლენას (საზოგადოებრივ ცნობიერებაში სახის დანერგვას) კეთილს, ხოლო ყოველივე იმას, რაც ეწინააღმდეგება ამ სახის დადგენას როგორც საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განიხილავს, როგორც ბოროტს.

ანუ ტერმინების „კეთილისა“ და „ბოროტის“ შემოტანის საშუალებით ხდება საზოგადოებისათვის ცხოვრების გარკვეული სახის ანუ გარკვეული წესის შინაარსობრივი კონტექსტიდან ზნეობრივ კონტექსტში გადაყვანა და ეროვნული საზოგადოებისათვის საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეული სახის ანუ წესის ქცევა სასურველ, მისაღებ, ან არასასურველ და მიღებელ მოვლენად, რომელიც რელიგიური ცნობიერების მიერ აყვანილია აბსოლუტურის რანგში და ემსახურება საზოგადოებრივ ცნობიერებაში მისი ცხოვრების კანონად დამკვიდრებას.

როგორც ადრეც ვთქვით, პოზიტიური ფორმატის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ის სახე, რომელსაც ქმნის იგი საზოგადოებრივი ცნობიერებისათვის, აზროვნების ნეგატიური ფორმატის მთავარ ღირებულებას კი ქმნის იმ უარყოფითი მოვლენების აკრძალვა, რომლებიც ხელს უშლიან აზროვნების პოზიტიური ფორმატის მიერ დამკვიდრებული სახის მიხედვით ცხოვრებას.

ამ თვალსაზრისით პოზიტიური აზროვნება არის აზროვნება კეთილის (სახის, იდეალის) დანერგვის შესახებ, ხოლო ნეგატიური აზროვნება არის აზროვნება ბოროტის (ცუდის, მიუღებელის) უარყოფის შესახებ.

საერთოდ, ეროვნული კულტურის შესახებ ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან არსებობს ეროვნული კულტურა, როგორც ინდივიდუალური სახე ეროვნული საზოგადოებისა, ან, საერთოდ, არ არსებობს იგი, ეროვნული კულტურა და, ამასთან ერთად, შეუძლებელია არსებობდეს ეროვნული საზოგადოებაც.

ანუ არსებობს ეროვნული კულტურა, როგორც ღირებულება. არ არსებობს საპირისპირო მოვლენა. არსებობა ეროვნული კულტურისა არის ღირებულება. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, საპირისპირო – არარსებობა ეროვნული კულტურისა არის ღირებულება.

პერეფრაზირების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია იგივე ვთქვათ სიტყვების „კეთილისა“ და „ბოროტის“ გამოყენებით – არსებობს კეთილი, (ცხოვრების სახე, შემქმნელი ეროვნული კულტურისა) როგორც ღირებულება. არ არსებობს ბოროტება, როგორც დამოუკიდებელი ღირებულება. ბოროტება არის სიკეთის არ არსებობა.

ანუ ჩვენ მივიღეთ ქრისტიანული რელიგიის ერთ–ერთი მთავარი დებულება იმის შესახებ, რომ არსებობს კეთილი, როგორც დამოუკიდებელი არსი, მაგრამ არ არსებობს ბოროტება, როგორც დამოუკიდებელი არსი. ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა.

მართლაც, ეროვნული კულტურის არ არსებობაში ან მის უგულებელყოფაში, რაც რელიგიური ცნობიერების მიერ კვალიფიცირდება, როგორც ბოროტი, არაფერი არ იგულისხმება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს არც სახე, რომელიც რაიმეს განსაზღვრავს, არც ვექტორი, რომლისკენაც საზოგადოება მიისწრაფვის და არც ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ყველივე ამის განხორციელება შეიძლება, ანუ არ არსებობს არაფერი.

ანუ ბოროტში არ იგულისხმება ის, რაც არის არსი, რაც არის ღირებულება, რაც არის სახე, რომელიც რელიგიური ცნობიერების მიერ კვალიფიცირდება, როგორც კეთილი.

თვალსაზრსის მიხედვით, რომელსაც გამოხატავს ქრისტიანული რელიგია, არსებობს სახე, როგორც სიკეთე, რომელიც საზოგადოებისათვის არის მოცემული, როგორც ღვთაებრივი არსი. არ არსებობს ბოროტება, როგორც ასეთი. ბოროტოება არის სიკეთის ნაკლებობა.

ამ პოსტულატიდან გამომდინარე პირველადი არის კეთილი, რომელიც არის დადგენილი უფლის მიერ, ხოლო ბოროტი ანუ ცოდვა, არის წარმოებული და გულისხმობს არა თავის თავს, როგორც დამოუკიდებელ მოვლენას, არამედ ღვთაებრივი მდგომარეობიდან ანუ კეთილიდან გადაცდენას.

ამ თვალსაზრისით კეთილი გამოხატავს ცხოვრების ის წესს, რომლითაც რელიგიური ცნობიერების მიერ საზოგადოებისათვის მიწვდილი სახის მიხედვით უნდა იცხოვროს საზოგადოებამ, ხოლო ბოროტება არის ის მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრების იმ წესს, რომელიც რელიგიური ცნობიერების მიერ განიხილება, როგორც სიკეთე, დადგენილი უფლის მიერ.

დავაკვირდეთ ერთ მოვლენას და დიდი ყურადღება მივაქციოთ მას – როდესაც ვლაპარაკობთ კეთილის, როგორც არსის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული საზოგადოების საზოგადოებრივი ცხოვრების წესის შესახებ, რომელიც გულისხმობს გარკვეული პრინციპების მიხედვით საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივ, სამართლებრივსა და სოციალურ მოწყობას, ხოლო როდესაც ვლაპარაკობთ ბოროტების შესახებ, ჩვენ ვლაპარაკობთ მისი, როგორც კონკრეტული მოვლენის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული შემთხვევის სახე.

(ჭეშმარიტად, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. შოთა რუსთაველი.)

ანუ გამოდის, რომ კეთილი, როგორც არსი, არსებული საზოგადოებაში ცხოვრების წესის სახით, არის გარემო, რომელშიც ცხოვრობს ეროვნული საზოგადოება, ხოლო ბოროტება, ანუ ცოდვა არის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც საქციელიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება პრინციპებს, არსებული ცხოვრების წესის განმსაზღვრელებს.