ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გენადი კაზაკევიჩის განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს, შესაძლოა, საბრძოლო იარაღი და სპეცსაშუალებები გამოიყენონ.
„ჩვენ ქუჩებს არ დავტოვებთ და ქვეყანაში წესრიგს ვუზრუნველყოფთ. საჭიროების შემთხვევაში, შს სამინისტროს ორგანოების თანამშრომლები სპეცსაშუალებებსა და საბრძოლო იარაღებს გამოიყენებენ“, - განაცხადა ბელარუსის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.
გენადი კაზაკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების ეტაპობრივი ჩაცხრომა შეინიშნება.
„თუმცა, პროტესტი უკიდურესად რადიკალური გახდა. ამის დასტურია გასული კვირის აქციები. ქვები, ბოთლები, დანები, ბარიკადები და ცეცხლმოკიდებული საბურავები ვიხილეთ. ამას სამოქალაქო პროტესტთან საერთო არაფერი აქვს“, - დასძინა ბელარუსის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.
ევროკავშირმა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.