„ეკლესიამ მსოფლიო შემოარა დავით გარეჯის გამო და დღეს სურთ, რომ თვენახევრიან საარჩევნო პროცესთან დაგვაკავშირონ“

„ეკლესიამ მსოფლიო შემოარა დავით გარეჯის გამო და დღეს სურთ, რომ თვენახევრიან საარჩევნო პროცესთან დაგვაკავშირონ“

გენერალური პროკურატურა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მძიმე და ამავე დროს ხმაურიანი საქმის ახალი დეტალებს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს. რუკები, რომელიც დავით გარეჯის სადავო ტერიტორიის კუთვნილებას უფრო მეტ სიცხადეს მატებს, ქართულ მხარეს დავით ხიდაშელმა გადასცა, რომელიც საქართველოში დაბრუნდა. იმ შემთხევევაში, თუ ხელისუფლება საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, დავით გარეჯის ლავრის მონასტრის, არქიმანდრიტი კირიონ ონიანის განცხადებით, უფრო დიდ დანაშაულში შედის ქართველი ერის წინაშე, ვიდრე ეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

for.ge არქიმანდრიტი კირიონ ონიანს ესაუბრა.

მაშინ, როდესაც მადლობას უნდა ვუხდიდეთ საქართველოს ეკლესიას, თქვენ, დავით გარეჯში მოღვაწე ბერებს, ამის მიუხედავად, ყოფილი ხელისუფლების წევრები, შეაშფოთა იმან, რომ აღმოჩენილია რუკა, რომელმაც დავით გარეჯის საზღვრის ხაზის ისტორიული სამართლიანობა უნდა აღადგინოს. მამა კირიონ, საქმე უფრო რთულად არის, ვიდრე ეს გამოძიების მასალებიდან ჩანს?

არქიმანდრიტი კირიონ ონიანი: პოლიტიკური პარტიები თავიანთი ვიწროპარტიული ჭრილიდან უყურებენ ამ საკითხს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად წინასაარჩევნოდ გამოიტანა ეს თემა ბრძოლის ველზე, რითაც ის რეიტინგს იწევსო. ანუ, ყველაფერი დასულია ვიწრო პოლიტიკურ–პარტიულ აზროვნებაზე. დღეს რა გვჭირდება და მომავლისთვის რა გამოგვადგება, ამას აღარ უყურებენ. ეს არის ძალიან დაბალი სახელმწიფოებრივი კულტურის მანიშნებელი.

სახელმწიფოებრივ და ეროვნულ დონეზე ეს ხომ სიმართლეა, ეს ხომ ჭეშმარიტებაა? რა მნიშვნელობა აქვს რომელმა პარტიამ გამოიტანა დღის შუქზე ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი?! რომელიღაცა ხელისუფლებამ ძლივს მოახერხა დაეჭირა პრინციპული პოზიცია, ამ დროს ვდგავართ და პოლიტიკურ კინკლაობაში ვართ. მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკური პარტია გააშავო, საბოლოო ჯამში, ამ თემას აშავებს და აფუჭებს, ამას აღარ უყურებენ და აღარ უფრთხილდებიან.

ვისაც რეალობის დანახვა უნდა, მარტივად შეძლებს და ამისთვის საკმარისია საარქივო მასალები, სადაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ეკლესია 2007 წლიდან საუბრობს ამ პრობლემაზე...

– მამა მიქაელ ბოტკოველი არის კათალიკოს პატრიარქის მდივანი, წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელ ეკლესიას. პატრიარქის მდივანი 2007 წელს აკეთებს ძალზედ კრიტიკულ განცხადებას ხელისუსფლების მიმართ. ის, რომ ეკლესია ამაზე არ საუბრობდა, ეს არის ტყუილი. ეკლესია, ეს მრავალსაუკუნოვანი სულიერი წიაღი დააკავშირო პოლიტიკურ პროცესთან. უბრალოდ, ქართველი უნდა გერქვას, მაგრამ ქართველი არ უნდა იყო, რომ ეს მოახერხო. აფხაზეთი რომ არ დაკარგულიყო კონფლიქტის გზით, დაკარგულიყო ასე დოკუმენტაციებით და მერე ქართველ ერს აღმოგვეჩინა, რომ აფხაზეთი დაკარგული არის რამდენიმე ქართველი არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკის მიერ, ხმას არ ამოვიღებდით? სადმე, რაიმე მინუსის ქვეშ დგება დავით გარეჯის კულტურა? სად მივდივართ ქართველები ამ აზროვნებით, რას ვამბობთ, რა გვინდა საბოლოო ჯამში?

ყოფილი ხელისუფლების წევრები ღიად ამბობენ, რომ თქვენ და ირაკლი ღარიბაშვილი პასუხს აგებთ ორი „უდანაშაულო“ ადამიანის დაკავებისთვის, ეს მაშინ, როდესაც დაკავებულები არ იყვნენ პროფესიით კარტოგრაფები და ეს კარგად იცოდნენ...

– მელაშვილი არის მიწათმომწყობი. მისი ხარისხი არის მიწათმომწყობის. ნატალია ილიჩოვა არის მიწათმომწყობ–მხაზველი. არც ერთი არის კარტოგრაფი და არც კარტოგრაფ–გეოდეზისტი. ანუ, მათი კომპეტენცია არ იყო, რომ ასეთი უმაღლესი რანგის საკითხის განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა. საქართველოში გვყავს უმაღლესი კატეგორიის კარტოგრაფები, რომლებასაც მსოფლიოს ყველა დონეზე შეუძლიათ საუბარი და მსჯელობა. ეს პროფესიონალები გაწვეული იქნენ პროცესიდან და მონაწილეობდნენ ამ საქმისთვის სრულიად შეუსაბამო ორი პიროვნება, ერთი – მელაშვილი მიწათმომწყობი, მერე – ილიჩოვა მიწათ მომწყობ–მხაზველი. ესეც წარმოაჩენს რა საშინელი პრობლემის წინაშე იდგა ჩვენი სახელმწიფო.

სამართლებრივი პროცესი დაწყებულია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

– დიახ, ხელისუფლებამ დაიწყო სამართლიანი პროცესი, მაგრამ თუ ხელისუფლება ამ საქმეს სამართლებრივად ბოლომდე არ მიიყვანს, ის გაცილებით უფრო დიდ დანაშაულში შედის ქართველი ერის წინაშე, ვიდრე ეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს მათთვის საკმაოდ მძიმე, საპასუხისმგებლო და ერის წინაშე ვალის მქონე საქმეა. არ არის მარტივი ამბავი.

იმიტომ გეუბნებით, რომ ძლივს საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და დადგა ეროვნულად პრინციპულ პოზიციაზე. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ჩვენ, ქართველი ერი გამოძიების გვერდით დავდგეთ, რომ ჩვენთვის ეროვნულად მნიშვნელოვანი საკითხი ბოლომდე მიიყვანოს, ვდგავართ და წყევლა–კრულვას ვუთვლით, ეს ნორმალური ამბავია?! ასე შეიძლება აშენდეს და განვითარდეს ქართული სახელმწიფოებრიობა?!

აქ მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ კიდევ ერთი ბინძური პიარია აგორებული, რომ როცა აზერბაიჯანი ჩაბმულია სომხეთთან სამხედრო კონფლიქტში და ჩვენ ამ დროს ვუყენებთ ტერიტორიულ მთლიანობის პრეტენზიას, ეს როგორ შეიძლება? ჩემო კეთილო და ჩემო კარგო ადამიანებო, ომის დაწყებამდე 5 დღით ადრე დაგეგმილი ვიზიტით ჩამოვიდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანმა მას გადასცა ახლად გამოვლენილი გარემოებები და უთხრა: „ჩვენ, ამ საქმეში ახალი მასალებით აღმოვაჩინეთ გარკვეული ტიპის დეფექტები, როგორც მეზობელმა სახელმწიფომ, გთხოვთ შეისწავლეთ და თუ თქვენც, იგივე სიმართლეს დაინახავთ, სამართლიანად გავმიჯნოთ საზღვრები“.

როგორ შეიძლება დაიწყო პოლიტიკური სპეკულაციები, რომ თოთქოსდა ჩვენ ომის დროს წარვუდგინეთ აზერბაიჯანს ეს დოკუმენტაცია, ეს ხომ ტყუილია. მაშინ არავინ არ ფიქრობდა, რომ დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია. ვიცით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არის კონფლიქტი, ამ შემთხვევაში საქართველომ რა ქნას, სანამ აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტში არიან, ხმა არ ამოვიღოთ? რა არის ამაში უცნაური ამბავი, ძმა–ძმას ემიჯნება, ოჯახი მიჯნავს ერთმანეთისაგან კარ–მიდამოს, ცივილიზებულ სამყაროში ეს ჩვეულებრივი, მიღებული ფორმაა.

ჩვენ, ჩვენს მეზობელთან კონსტრუქციულ ფორმატში გამოვასწოროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელსაც ვთვლით, რომ დაზიანებულია, ეს არ უნდა გავაკეთოთ? ის პოლიტიკოსები ვინც ამას ამბობენ, უნდათ, რომ ქვეყანას წარუძღვნენ და მანდატი მივცეთ?! - გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს და თუ აზერბაიჯანს წაღებული აქვს ჩემი ტერიტორიები, მას არ მოვთხოვ.

ნატოს შტაბ–ბინაში ჩავედით, ვთხოვეთ ჩართულიყვნენ ამ საკითხში, რომ ნატოს პოლიტიკური ქოლგის ქვეშ დავლაპარაკებოდით ერთმანეთს და ამ მაღალი ევროპული სტანდარტის დონეზე განხილულიყო ეს საკითხი. ვიყავით ევროსაბჭოში, ევროპის სახალხო პარტიის მთავარ ოფისში, ყველგან დავტოვეთ დოკუმენტაცია და თხოვნა, რომ ჩაერთეთ ან საკითხში, რომ რაც შეიძლება მეტ კონსტრუქცულ და სწორ იურიდიულ ფორმატში მოხდეს ამ საკითხის განხილვა. ეკლესიამ მსოფლიო შემოარა ამ საკითხის გამო და დღეს სურთ, რომ თვენახევრიან საარჩევნო პროცესთან დაგვაკავშირონ, მაგრამ არ გამოვა. ფაქტები იმდენია, შეუძლებელია ვთქვათ, რომ კატა ლომიაო.

როგორ უყურებთ ბრალს, რომელიც დაკავებულებს წაუყენეს და რამდენად უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებით შემოიფარგლოს გამოძიება? ფიქრობთ, რომ მათ დამოუკიდებლად მიეღოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება?

– მე ვახსენებდი ორ გვარს – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, იმიტომ, რომ მე შევეხე ამ ორ ადამიანს, რომლებიც მიწყვიტავდნენ საკითხს და რომლებიც ხმალამოღებული იცავდნენ იმ პოზიციას, რომ მონასტერი ჩიჩხიტური და მონასტერი უდაბნო არის აზერბაიჯანის მხარეს. ამიტომ მე მათზე ვლაპარაკობდი სახელებით და გვარებით. ამათ უკან კიდევ ვინ დგას, ეს მე არ მინახია, არ უთქვამთ და არ ვიცი. მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ამ მიმართულებით.

ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებაში მუშაობდნენ, როცა ვურეკავდი, რომ დამხმარებოდნენ რაღაც–რაღაც ნიუანსებში, ტელეფონს არ იღებდნენ. მერე მითვლიდნენ, რომ მამაო ნუ მირეკავთ, შეიძლება მოგვხსნან და დაგვიჭირონო. მე, ერთი რამე ვიცი, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დონეზე შეუძლებელია ამხელა საქმის დამუშავება. ისინი ამ წნეხის შედეგად გაუბედურებული ხალხია. დანარჩენი გამოძიებამ გაარკვიოს. ამ ორ ჩვეულებრივ, რიგით ჩინოვნიკს არ შეეძლო სახელმწიფო მანქანა იმ დონეზე აემუშავებინა, რომ ყველა სახელმწიფო მოხელეს შეშინებული თვალები ჰქონოდა ამ საქმეში და განრიდებოდა ასე უსტყვოდ.

როდესაც მასალების და რუკების მოძიება დაიწყეთ, აღმოჩნდით იმ ფაქტის წინაშე, როდესაც ყველა დოკუმენტაცია გამქარლი იყო. მამა კირიონ, ეს როგორ გაკეთდა, როგორ გააქრეს რუკა, რომელიც ამბობს, რომ ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი არის საქართველოს ტერიტორია?

– იცით როგორ არის, გარკვეული ტიპის არქივებში რუკა საერთოდ არ იყო. იყო არქივი, სადაც აღნიშნული რუკა იყო, მაგრამ ეს რუკები შედგება 24 ნომენკლატურისაგან, მაგრამ ჩვენ  გვჭირდებოდა 22–ე ნომენკლატურა, ანუ, რომელიც აღნიშნავდა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარს დავით გარეჯის მონაკვეთში. ასევე, არქივში იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ მივაგენით 22–ე ნომენკლატურას, მაგრამ საზღვარი ისე იყო გაფხეკილი, რომ მნახველს ვერ ენახა. ისეთ არქივებზე გეუბნებით, თუ სახელმწიფო დონეზე არ მოგცეს დაშვების უფლება, უბარლოდ ვერ შეხვალ. ახლა მარტივ კითხვას ვსვამ – ეს მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია? ამაში დანაშაულის კვალი არ ჩანს? არ ჩანს კი არა, პირდაპირ იკვეთება დანაშაულის კვალი.

შეუძლებელი იყო ეს რუკა სადღაც არ გვეპოვა. რუკა რომ არსებობდა, ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა სასაზღვრო პოლიციის ძველი თანამშრომლებისგან. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ რუკის ძიება დავიწყეთ, პირველი განვახორციელეთ სასაზღვრო პოლიციაში, ნატალია ილიჩოვასთან. როდესაც ჩვენ მას რუკაზე საუბარი დავუწყეთ, ვეძებთ, გვჭირდება და ხომ არ იცით, სად არის, მან გაიოცა და ძალიან დაიბნა. თქვა, რომ მე არაფერი ვიცი. მე ივერი არაფერში არ მახედებდა, ყველაფერს წარმართავდა და ივერის ჰკითხეთო. ამიტომ, ეს რუკა რომ იარსებებდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობდა. მაშინ საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის ცენტრი იყო. ყველანაირი მასალები ჩვენთან ინახებოდა და ჩვენგან წაიღო მერე სომხეთმა და აზერბაიჯანმა. როგორ შეიძლება, რომ ცენტრში არ დარჩენილიყო მასალა, მაგრამ როდესაც ჩვენ მასალებისა და რუკის მოძიება დავიწყეთ, ყველა არქივიდან ნომენკლატურა გამქრალი იყო და ვერ ვპოულობდით. ასე რომ, მადლობა ღმერთს, მივაგენით. დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოში ამ რუკის არარსებობა და კომისიას ექნებოდა ეს რუკა და სადღაც დალექილი ინახებოდა.

მთავარი ამბავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2006–2007 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დემილიტაციის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მანჯგალაძემ, ივერი მელაშვილის მიერ ხელმოწერილ აქტებს, რომელსაც მან აზერბაიჯანულ კოლეგებთან ერთად, ექსპერტთა ჯგუფის დონეზე მოაწერა ხელი, სადაც საუბარია იმაზე, რომ საზღვარი გაივლიდა მონასტერ უდაბნოსა და თხემზე, ხელი არ მოაწერა და თქვა, რომ ეს დანაშაულია და გაემიჯნა ამ პროცესს. ეს არაფერზე არ მეტყველებს, არ ამტკიცებს, რომ დანაშაული იყო?!

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გიორგი მანჯგალაძე არის ის პირი, რომელმაც გამოიებას ცრუ ჩვენება მისცა...

– რა თქმა უნდა, ეს სიცრუის მსახურები პირველ რიგში შეუტევენ იმას, ვინც სიმართლეს ამბობს, რომ მათი გაშავებით თემა გააშავონ და ამ გაშავებით ეს საქმე მოიგონ, მაგრამ არ გამოუვათ, არ დავიღლებით. ენერგია აქვთ? – ათი იმდენი ენერგია გვაქვს! მოტივაცია აქვთ? – ათი იმდენი მოტივაცია გვაქვს! დანარჩენს უკვე ცხოვრება გვანახებს.

მამა კირიონ, ამ საქმის გასაჯაროვების შემდეგ თუ შეგეხმიანათ სახალხო დამცველი, რომელმაც დაკავებულების საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილი ნახა, მაგრამ როდესაც თქვენ გიპირისპირდებათ პოლიტიკური ძალა და გემუქრებიან პასუხისმგებლობით, აქ ვერანაირი დარღვევა ვერ ნახა...

– არა, არ შემხმიანებია. სახალხო დამცველი ხომ ჩვენი სახალხო დამცველი არ არის. ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების რეალობა რა არის – ის, რაც ქართველის სულსა და გულს სტკივა, ის, რაც ჩვენს ქართულ, ეროვნულ, მრავალსაუკუნოვან ინტერესებშია, იმას სახლხო დამცველი დარაჯად არ უდგას. ამ საკითხზე გაწვალებული ხალხის გვერდზე არ დგას. იმ პერიოდში და იმ ბრძოლებში ლამის ჯანმრთელობა შემერყა, რატომ ერთხელ არ მოიკითხა ჩემი ამბავი სახალხო დამცველმა? რატომ არ მკითხა, მამა კირიონ აბა გვითხარით, რას ედავებით თქვენ სახელმწიფოს?

დღეს, როდესაც, ჩემთვის „კახაბერ ყორღანაშვილი“ არის დაკავებული, მის დარაჯად და მცველად დადგა სახალხო დამცველი. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ჩვენ წავაგეთ აფხაზეთის ომი, მის მიერ ქართველმა ერმა ვერაფერში ვერ გავიმარჯვეთ და ვერ გავიმართეთ, რაც ჩვენი ქართული, ეროვნული ინტერესი იყო, რაც ჩვენს სულსა და გულს უხაროდა და უნდა.

დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ ეროვნულ ინტერესში გავიმართეთ, ხელისუფლებამ მოახერხა და დაიკავა პრინციპული პოზიცია იმ საკითხში, რაც ჩვენს სულსა და გულს უხარია, ამ დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დამნაშვეებს, ამ უბედურების შემქმნელებს და შემომქმედებს იცავენ. ყველაფერი კარგად ჩანს. მაცხოვარი გვეუბნება – „ვისაც ყური აქვს გაიგებსო“. ასეა ეს ამბავი. ხალხო, სირცხვილია ვიწრო პარტიულ ჭრილში გადავიტანოთ ეს ამბავი.

მე, რომელიც ამ ყველაფერში ჩახედული ვიყავი, ვიცი როგორ ხდებოდა ეს დინამიკა, გეუბნებით, რომ ბუნებრივად მოვიდა ეს ყველაფერი აქამდე. ბევრი ჩემი ახლობელი და ბევრი სერიოზული ადამიანი მეუბნებოდა, რომ მამაო შეუძლებელია, ამ გამოძიების დაწყება ვერ მოხდება არჩევნებამდე. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად გაექცევა ამ საკითხს, რომ არჩევნებში არ დაკარგოს აზერბაიჯანელი ამომრჩევლის ხმებიო. ეს დებატები გვქონდა და მეუბნებოდნენ, რომ ამ მიზეზით ვერ მოხდება გამოძიების დაწყებაო. დღეს კი, პოლიტიკური პარტიები გამოდიან და ერთი ამბები აქვთ ატეხილი, რომ თითქოს ხელოვნურად არის გაკეთებული და ეკლესია დაკავშირებული ვართ ამ საკითხთან.

„ქართული ოცნების“ ინტერესი რომ ყოფილიყო ამ საქმის გამოძიება, ღარიბაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ საქმე არ გაიყინებოდა, თუ არ ჩავთვლით მამუკა ბახტაძეს. გაქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება ეს საკითხი?

– ოპოზიციის მოქმედება არის დამაზიანებელი. ისინი რომ ამბობენ, ჩვენ კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ვამბობთ უარს და, რომ აზერბაიჯანთან ყველანაირი ურთიერთობა დავარღვიეთ, ამას არ ამბობს აზერბაიჯანი. პირიქით ამბობენ, რომ მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხი. არ შევხებულვართ მეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს. მაგრამ ოპოზიციას უნდა ასე აჩვენონ. მე ვეტყოდი ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული შერჩენია, ვისაც კიდევ შერჩენია ქართული სული და გული, მამულის სიყვარული, ყველა დადგეს ამ საკითხის ერთგულ დარაჯად. არ დაუშვან, რომ ამ ბიძური პროპაგანდით საფრთხე შეექმნას დავით გარეჯის კუთვნილებას, რომელიც საფრთხეში იყო. დღეს ჩვენ გვეძლევა შანსი, რომ ეს საფრთხე მოვხსნათ და ჩვენი ისტორიული ტერიტორია დე იურედაც ჩვენი გახდეს, კეთილმეზობლური, მეგობრული და კონსტრუქციული პოლიტიკის ფარგლებში. მოვუწოდებ, ვთხოვ ჩემს ქართველ ერს, რომ არ დაიბნენ, უფლება არ მისცენ პროპაგანდის მანქანებს, რომ მათ ერვნულ და სულიერ ცნობიერებაზე მოახდინონ გავლენა.

Aburjga Tasmanieli მე დავიღალე. ყველაფერი უბედურების სათავე არის საქართველოში დემოკრატიის დანერგვა! ათასჯერ დავწერე, რომ პოლიტიკური პარტიების არსებობა ანგრევს ერის სულსა და სხეულს. ნებისმიერი პარტიული მოღვაწისათვის ჰორიზონტი მხოლოდ მისი პარტიის სამრეკლოდან ჩანს. მოვლენები იყოფა ორ ნაწილად: ერთი, რაც პარტიას აწყობს იმ პოლიტიკურ მომენტში თუნდაც ეს იყოს საქართველოს აოხრება -დაცემა ის არის კარგი და მისაღები, ხოლო მეორე თუნდაც სიმართლე, თუნდაც უტყუარი ჭეშმარიტება, თუნდაც აშკარა სახელმწიფოებრივად სასარგებლო საქმე ეს არის ცუდი და მიუღებელი. საქმე იმაში კი არ არის რომელ პარტიას რა ქვია, ნაცმოძრაობა, ევრონაცები, ლეიბორისტები და ა.შ., არამედ თითონ დემოკრატიის განუყოფელი ატრიბუტის პოლიტიკური პარტიების არსებობაში. მსოფლიო პრაქტიკა გვიცვენებს, დღეს საქართველოში რომ გაქრნენ არსებული პოლიტიკური პარტიები, ხვალვე არმოცენდებიან ახალი ამაზე უფრო შხამიანი სოკოები, დაიწყება ახალი დაპირისპირება, ურთიერთ გმობა, ერთმანეთის საქმეთა განქიქება, ბრძოლა და კბილთა ღრჭენა... ანუ მოვლენები სადაც ერისათვის, მისი საჭიროებებისათვის შრომა, მიწყივ მუშაკობა კი არ იქნება მთავარი, არამედ პოლიტიკური გამარკჯვება, ხელისუფლების მოპოვება და მერე მისი სამუდამო უზურპაციისათვის გააფთრებული ბრძოლა ყველა უნამუსო მეთოდის გამოყენებით!
4 წლის უკან