„კრემლთან დაახლოებული ექსპერტები მოუწოდებენ რუსეთს, თუ საჰაერო გზით ტვირთის გადაზიდვისას საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალები წინააღმდეგობას გაუწევენ, გაანადგურონ ისინი, ან სამხედრო ძალის გამოყენებით გაჭრან კორიდორი საქართველოს ტერიტორიაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ყარაბაღის კონფლიქტის გახანგრძლივებას შეიძლება მოჰყვეს.
როგორ აისახება საქართველოზე ყარაბაღის კონფლიქტის განახლება და რას შეცვლის წინასაარჩევნო სიტუაციაში, რადგან საქართველოში მოქმედი ცალკეული ძალები ამ თემითაც მანიპულირებენ.
- კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოს მეზობლად და ყარაბაღიდან საქართველომდე დაშორება არც თუ ისე დიდია, სულ რაღაც 370 კილომეტრია. ჩვენ ვხედავთ, კონფლიქტის არეალი ფართოვდება, დაიბომბა აზერბაიჯანის ქალაქი განჯა, რომელიც ახლოსაა ჩვენს ტერიტორიასთან, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ნელ-ნელა, თუკი კონფლიქტი გაფართოვდება, ის ჩვენც მოგვიახლოვდება. რა თქმა უნდა, ამას სხვადასხვა შედეგი ექნება, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. დიდი რაოდენობით ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მოზღვავება ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმედ დააწვება, თუკი გავითვალისწინებთ, ასევე, კოვიდ 19-ის პანდემიის ხელმეორე ტალღას. თუ კონფლიქტი არ ჩაცხრება, არსებობს არც თუ ისე ფანტასტიკის სფეროდან არსებული საფრთხე, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება მოინდომოს იმ ხელშეკრულების თანახმად, რაც ორ ქვეყანას ოდკბ-ს ფარგლებში აკავშირებს და არ შეხედოს, რომ საქართველო სუვერენული ტერიტორიაა, ადგეს და გამოიყენოს სამხედრო ძალა. თუ მიაქციეთ ყურადღება, ამ მხრივ უკვე დაიწყო წინა საინფორმაციო სამზადისი კრემლთან დაახლოებულ მედიასაშუალებებში. ექსპერტები, პოლიტოლოგები, ცნობადი სახეები, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში მოქმედი სპეციალისტები პირდაპირ მოუწოდებენ რუსეთს, განიხილოს ასეთი ვარიანტიც, რომ, თუ დავუშვათ, საჰაერო გზით მოუწიათ ტვირთის გადაზიდვა და საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალები შეეწინააღმდეგნენ, გაანადგურონ ისინი, ან პირიქით, ნებისმიერ შემთხვევაში, იზრუნონ იმაზე, სამხედრო ძალის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიის გავლით გაჭრან კორიდორი და გაუშვან ტვირთები სომხეთისკენ. მე მაინც მგონია, რომ უახლოეს მომავალში ამ სცენარამდე არ მივა საქმე, მაგრამ ერთ-ერთი შესაძლო სცენარი ეს შეიძლება იყოს.
კიდევ ერთი საფრთხეა, რომ საქართველოში მოხდეს სომეხი და აზერბაიჯანელი ეთნიკური ჯგუფების შეტაკება. ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ ჩვენს სხვადასხვა რეგიონში, არც ისე შორს არიან ერთმანეთისგან და, თუ კონფლიქტმა აკრიფა ტემპი და აქ გარკვეულმა ძალებმა მოახდინეს დაძაბულობის ინიცირება, არ არის გამორიცხული, საქართველოშიც მოხდეს შეტაკებები სომხურ და აზერბაიჯანულ დიასპორებს შორის. ინფორმაციული შემოგდებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, რომ თითქოს საქართველო აზერბაიჯანისკენ იარაღს ატარებს, არ არის შემთხვევითი, ეს არის ან წინასწარ განზრახული, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო ომი და წინა სამზადისი იმისთვის, რომ ჩვენ ურთიერთობა გაგვიფუჭონ ან ერთ, ან მეორე მეზობელთან, ან კიდევ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები შეიძლება ბრმა ინსტრუმენტად იყენებენ ცალკეულ აქაურ მედიასაშუალებებს, რომელთაც უნდათ ექსკლუზივი გაავრცელონ და ამით მიიზიდონ მკითხველი, მაყურებელი და აუდიტორია.
ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ამას წინ უძღოდა თამარ ბაჩალიაშვილის თემის დაკავშირება იარაღით ვაჭრობასთან.
- დიახ, თუნდაც ეს ფაქტი, ეს იაფ პოპულარობას გამოდევნებული ადამიანებისა და მედიასაშუალებების გამოყენებით ხდება. ყველაფერი ეს კომპლექსში ქმნის საგანგაშო სიტუაციას, რომელიც, მართალია, ჯერ არ გართულებულა, მაგრამ არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. შესაბამისად, ის სამსახურები, რომლებსაც ევალებათ სიტუაციის მონიტორინგი და კონტროლი, უნდა იყვნენ მობილიზებულნი, რომ არ დაუშვან კონფლიქტის გაჩენა, თორემ, თუ კონფლიქტი დაიწყო და გაჩაღდა, მერე უკვე მისი ჩაქრობა ძალიან რთული იქნება. ჩემი რეკომენდაციაა, ყველამ, ვისაც ეს ეხება, იქნებიან პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები, თუ არასამთავრობოები, გადადოს გვერდზე პოლიტიკური წინააღმდეგობები, ემოციები და ვიზრუნოთ იმაზე, ჩვენს მიწაზე შევინარჩუნოთ მშვიდობა.
თუკი გავიზიარებთ იმ ვერსიას, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უკან დგას რუსეთი და რუსეთი მოინდომებს ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთთან მჭიდრო კონტაქტები არ დაგვიცავს? თუ კორონაპანდემია ისე მძლავრია და სათავისო არჩევნები აქვს ჩასატარებელი ამერიკას, რომ ჩვენთვის ნაკლებად სცხელათ?
- პრინციპში, თქვენ უპასუხეთ თქვენს კითხვას, ამერიკელებს ნამდვილად არ სცხელათ ჩვენთვის, იქ არჩევნებია, კორონავირუსი მძვინვარებს და სხვა პრობლემებიც აქვთ ისევე, როგორც ევროპას. არა მგონია, ისინი საქართველოს გამო რუსეთს სამხედრო ძალით დაუპირისპირდნენ, შეიძლება, სანქციები დააკისრონ, განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ის, რომ ამერიკელები აქ სამხედრო ძალით ჩაერთონ, რაც ფაქტობრივად დიდი ომის საწინდარი იქნება, ამ ეტაპზე ეს არ უნდა აწყობდეთ.
თქვენც ფიქრობთ, რომ ამ სცენარის უკან რუსეთი დგას?
- არ არის გამორიცხული, რუსეთი მართლაც იდგეს. ისე, ყველაფერს რუსეთს ნუ გადავაბრალებთ. აზერბაიჯანმა დაიწყო ეს ფართომასშტაბიანი შეტევა და გასაგებია, ის არ დაიწყებდა ამ შეტევას ისე, რომ წინასწარ არ ჰქონოდა ყველაფერი გათვლილი. ჩვენ ვხედავთ, როგორ მხარდაჭერას უწევს მას თურქეთი, პოლიტიკურ, მორალურ და, დარწმუნებული ვარ, სამხედრო მხადაჭერასაც. აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანული ლობი რუსეთში, რომ მათთვის სასურველი საინფორმაციო ფონი შექმნას. რუსეთი ამბობს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია როგორც თურქეთთან, ისე სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მაგრამ რუსეთი არ აკეთებს ცალსახად სომხეთის მხარდამჭერ განცხადებებს.
იქნებ, პუტინი სჯის ფაშინიანს, რადგან ასეთი ინტერპრეტაციაც ეძლევა სომხეთ-რუსეთის დამოკიდებულებას.
- გარკვეულწილად, ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ რუსეთი შესაძლოა, ელოდება, როდის დაეცემა ფაშინიანის მთავრობა, რომელიც დირედ აქვს თვალში გაჩხერილი. ის, რასაც არ ამბობს რუსეთის ოფიციოზი, აცხადებენ კრემლთან დაახლოებული ექსპერტები, იგივე მარგარიტა სიმონიანი და სხვები, რომ ფაშინიანის მთავრობა ანტირუსული, პროდასავლურია, არ არის რუსეთის ინტერესების შესაბამისი, ანუ შეფარვით ლაპარაკობენ იმაზე, იმსახურებს თუ არა ის რუსეთის მხარდაჭერას. ამიტომ ეს ვერსიაც არ არის გამოსარიცხი.
როგორ ფიქრობთ, რუსეთი შეეგუება თურქეთის თანდათანობით გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში?
- აქ მთავარია, რომ რუსეთი ხედავს, თურქეთმა ძალიან აქტიურად განაცხადა საკუთარი პრეტენზიები სამხრეთ კავკასიაზე, რაც რუსეთს ნამდვილად არ უნდა აწყობდეს. შესაბამისად, რუსეთის მიზნებში შედის, თურქეთის პოზიციები აქ არ გაძლიერდეს, მან არ მოიპოვოს გავლენები, ამიტომ რუსეთი ჯერჯერობით ელოდება სიტუაციის განვითარებას, თურქეთთანაც აწარმოებს კულუარულ მოლაპარაკებებს და არ არის გამორიცხული, რაღაც თამაშის წესებზე შეთანხმდნენ. თუმცა ისევ და ისევ არსებული სიტუაციიდან და იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებენ აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები, არა მგონია, აზერბაიჯანი ისე, როგორც 2016 წელს, დაკმაყოფილდეს რამდენიმე სოფლის აღებით და თუნდაც ერთ ქალაქზე კონტროლის აღდგენით, შეაჩეროს საბრძოლო მოქმედება და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყარაბაღის პრობლემა ისევ გადაუწყვეტელი დარჩება კიდევ 20-30 წელი. ეს ძალიან მაგონებს ჩვენს შემთხვევას, საქართველოშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა. მინსკის ჯგუფიც აღმოჩნდა არაეფექტური, რომელიც თითქმის 30 წელია მოქმედებს და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, მინსკის ჯგუფი ემსგავსება ჟენევის საერთაშორისო დისკუსებს, რომელიც 10-11 წელია მიმდინარეობს ყოველგვარი კონკრეტული შედეგის გარეშე. აზერბაიჯანმა იპოვა მხარდამჭერი და მოკავშირე თურქეთის სახით, რომელიც არა მარტო სიტყვებით, რეალურად ეხმარება. საქართველომ კი ასეთი მხარდამჭერი ვერ იპოვა, ჩვენ გვყავს მოკავშირედ წოდებული სახელმწიფოები, რომლებიც გვეუბნებიან, გამოიჩინეთ სტრატეგიული მოთმინება და იმაზეც მადლობა გვითხარით, რომ თქვენს სეპარატისტულ რეგიონებს არ ვაღიარებთ და ვაწარმოებთ არაღიარების პოლიტიკას. და რა სარგებელი აქედან? დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, სეპარატისტული რეგიონების აღიარება, მართალია, არ ხდება, მაგრამ ეს რესპუბლიკები საქართველოს შორდება, იქ ახალი თაობა იზრდება. ამაშია განსხვავება ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის.
ყარაბაღის კონფლიქტი ჩვენთვის იმითაც არის საინტერესო, როგორ გადაწყდება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ დიალოგის გასამართად როცა ვეპატიჟებით მხარეებს, რა რესურსი გვაქვს? უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებაც დაგვიანებული იყო და თავის მართლებას უფრო ჰგავდა, რადგან სალომე ზურაბიშვილს სამეზობლოში არც არავინ იცნობს, რომ აქ პრეზიდენტები მოსალაპარაკებლად ჩამოვიდნენ.
- საქართველოს მხრიდან შეთავაზება გაკეთდა კონიუნქტურისთვის ხარკის გადახდის მიზნით. რატომ ჩამოვლენ თბილისში სომხეთის ან აზერბაიჯანის ლიდერები, იმ ქვეყანაში, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ორი მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს, ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას და უსაფრთხოების პრობლემებია?! ისინი წავლენ იმ ქალაქებსა და ქვეყნებში, სადაც რეალურად კეთდება პოლიტიკა, ეს იქნება პარიზი, ლონდონი, ჟენევა, თუ სხვა დედაქალაქები, რომელ ქვეყნებსაც აქვთ გავლენის რეალური ბერკეტები. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვართ ის ქვეყანა, ვითამაშოთ მედიატორის როლი. შესაძლოა, ჩემმა ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვიოს, თუმცა რეალობა ასეთია. თუ ჩვენი დიპლომატია დაიწყებს ამ საკითხზე მიზანმიმართულ მუშაობას, შეიძლება რაღაც გარემოებების დამთხვევის შემთხვევაში ისეც მოხდეს, რომ თბილისი გახდეს მოლაპარაკების მოედანი. დღეს ამის პერსპექტივა ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება.