„კომისიის წევრებიდან ინფორმაცია ჟონავდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო“ - დავით გარეჯის საქმე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილამდე მივიდეს

„კომისიის წევრებიდან ინფორმაცია ჟონავდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო“ - დავით გარეჯის საქმე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილამდე მივიდეს

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებების სერია დაიწყო. არ არის გამორიცხული სხვა პირების პასუხისგებაში მიცემაც მოხდეს. პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, ამ დანაშაულში ბრალი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც წაუყენონ. ეს მოლოდინი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და ამას წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ქულების დაწერას უკავშირებს.

თუმცა ბრალდებები მძიმეა და წინა ხელისუფლებას პროკურატურა, ფაქტობრივად, საკუთარი ქვეყნის მიწების აზერბაიჯანისთვის შესაძლო გადაცემას ედავება. პარტიაში ამბობენ, რომ თუკი რომელიმე ექსპერტმა შეცდომა დაუშვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივად ამის შეთანხმება მოხდა.

For.ge-სთან კი ამ თემაზე მომუშავე ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საკითხი ახლა ორგვარია. პროკურატურამ უნდა დაადგინოს ხდებოდა თუ არა ამ დანაშაულის სახელმწიფოს დონეზე ჩადენა თუ ეს მხოლოდ კონკრეტული ექსპერტების ღალატია. თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი იყო, რომ მსგავსი დანაშაული თავიდან აერიდებინა. შესაძლოა, რომელიმე ექსპერტი არაკეთილსინდისიერად მუშაობდა და ქვეყანას ღალატობდა, მაგრამ ეს ყოფილ ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს.

გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში კი ორი პირი, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან 2007 წელს შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები 1938 წლის რუკაზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს არ ემთხვევა და რიგი შეუსაბამობებია.

„ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კერძოდ: ი.მ.-მ და ნ.ი.-მ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ გამოძიებას არ გადასცა მის ხელთ არსებული 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი მასშტაბის რუკები, რომლებიც მან საზღვრების დელიმიტაციის პროცესში რეალურად გამოიყენა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული მასალების მოპოვება გამოძიებამ მხოლოდ ი.მ-ს კუთვნილ სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად შეძლო.

„მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, მათი შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან დადარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ჩართული იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის წამყვანი ექსპერტები.

მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

ისტორიკოსესბი კი for.ge-სთან ამბობენ, რომ სადემარკაციო პროცესების 1938 წლის რუკის მიხედვით წარმართვის შესახებ ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, კომისიის ფარგლებში, ჯერ კიდევ 1996 წლის ივნისში შეთანხმდნენ. თუმცა, მეცნიერების ინფორმაციით, კომისიის ხელთ აქამდე არსებული 1938 წლის რუკა წვრილმასშტაბიანი იყო (1:250 000), მისი ზუსტად წაკითხვაც ჭირდა და შესაბამისად, დღის წესრიგში ყოველთვის იდგა 1938 წლით დათარიღებული უფრო მსხვილმასშტაბიანი (1:50 000) რუკების მოძიება. ისტორრიკოსები ამბობენ, რომ 1996 წლისთვის ყველაფერი უკვე რუსეთში იყო გაზიდული და შესაბამისად ამ რუკების შესახებ საქართველოში ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ. ხოლო რა იცოდნენ და რა არა კომისიის წევრებმა და რეალურად ჰქონდათ თუ არა მათ ეს რუკები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების მიზნით ხდება და მხოლოდ წინასაარჩევნო პოპულიზმია, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.

„ეს ყველაფერი იმიტომ წამოიწყეს, რომ საქართველოს მოსახლეობა შოკში ჩააგდონ. სახელმწიფოს დონეზე შეთანხმებული არაფერია. ექსპერტების დონეზე ვინმეს შეცდომა თუ მოუვიდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან რამეა შეთანხმებული. აი, მერე უკვე აზერბაიჯანი გადმოიღებს და გვეტყვის, რომ თქვენვე ხომ ამბობთ, გადმოგვეცით ეს ტერიტორია და ჰოდა ჩვენიაო. პრობლემას აქეთ თავად ქმნიან. სააკაშვილამდე ჯერ ვერ მივლენ და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სჭირდებათ. თუმცა ამათ ეს რომ არ გაუჭირდებათ დარწმუნებული ვარ. ამიტომაც ყველაფერი მოსალოდნელია. ოღონდ სააკაშვილს რამე დააბრალონ და ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებთ.

ცარიელ ადგილას ისეთ სიტუაციას ქმნიან, თითქოს გარეჯი უკვე ვინმემ ვინმეს დაუთმო. ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო საქციელმა კი ის გამოიწვია, რომ იქაც ვერ შევდივართ, სადაც შევდიოდით. საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანი აქეთ მოგვთხოვს“,-აცხადებს ბარამიძე for.ge-სთან.

კავკასიოლოგი და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში დაახლოებით 1996 წლიდან 2010 წლამდე საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია დაფარული იყო. არეშიძე ამბობს, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს კომისიების სხოდმის დროს რა პროცესები ვითარდებოდა და საზღვარი როგორ თანხმდებოდა, არავინ იცოდა. ინფორმაცია იყო მხოლოდ ის, რომ კომისია მუშაობდა და 2006-2007 წელს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად საზღვრის 70%-ი შეათანხმა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ როდესაც 2010 წელს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩდნენ იქ, სადაც არ უნდა გამოჩენილიყვნენ, ამან ვნებათაღელვა გამოიწვია.

„ამის შემდეგ კი სააკაშვილის, კალანდაძის, გარდაცვლილი რურუას მხრიდან მოჰყვა კომენტარები, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორია იყო. ამან საზოგადოებაში საშინელი რეაქცია გამოიწვია. ამასობაში 2012 წელს სიტუაცია შეიცვალა. ვინც დაკავებულები ვართ უსაფრთხოების კვლევის საკითხებით, ამ თემით 2014 წელს დავინტერესდით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ხელისუფლების ბომბარდირებას ვახდენდით.

 ეს საზოგადოდ არ გამოგვქონდა, მაგრამ როგორც კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამ მონაკვეთში აქტიურობას იწყებდნენ, იმ წუთში ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი ჩვენ მოგვადგებოდნენ ხოლმე. საბოლოო ჯამში, ნელ-ნელა უკვე ცნობილი გახდა, ამ საქმესთან დაკავშირებით რა ხდებოდა. განსაკუთრებით დავით გარეჯთან მიმართებაში. ყველა მიხვდა რომ რაღაც არაჯანსაღი სიტუაცია იყო შექმნილი. ხელისუფლების წარმომადგენლებიც სიტუაციაში ჩახედვას ცდილობდნენ, მაგრამ კომისიის წევრები, რომლებიც 1996 წლიდან იყვნენ ჩართულები, მათ არწმუნებდნენ, რომ პროცესები აბსოლუტურად ნორმალურად მიდიოდა“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში კი, იმ ადამიანების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მთავრობა დაარწმუნეს, რომ კომისიის მუშაობაში უაღრესად არაჯანსაღი პროცესები მიდიოდა. ამან კი ის გამოიწვია, რომ მთავრობამ 2017 წელს კომისიის მუშაობას გადახედა და აი, ამ პროკურატურის განცხადებით დასრულდა. არეშიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ექსპერტულ დონეზეც მოხდა შეცდომა და ღალატი, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ პროცესი გაეკონტროლებინა.

„როცა გეუბნებიან გარეჯთან დაკავშირებით არაჯანსაღი სიტუაციაა და იცი ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაა, ეს პროცესები უნდა გააკონტროლო. ამ კომისიის მუშაობას აზერბაიჯანელები იმდენად სერიოზულად უდგებოდნენ, რომ კომისიას 25 წლის განმავლობაში ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავდა. ქართული მხარეს კი ასეთი მიდგომა ჰქონდა, კომისიის თავმჯდომარე, მინისტრის შეცვლასთან ერთად იცვლებოდა.

აქედან გამომდინარე კომისია ჩერდებოდა, სანამ ახალი ხელმძღვანელი არ დაინიშნებოდა. პრაქტიკულად, მუშაობა აი, ამ კონკრეტული თანამშრომლების სინდისზე იყო მიშვებული, რომლებისგანაც ერთ-ერთი დააკავეს. სხვა წევრები კი სხვადასხვა სტრუქტურებში მომუშავე ხალხი იყო. ყველა კარტოგრაფი არ იყო და რუკებთან დაკავშირებულ საკითხებთან რა ღალატთან გქვონდა საქმე ბევრი ვერც ხვდებოდა. თუმცა კომისიის წევრებიდან ხდებოდა ინფორმაციის გამოჟონვაც, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება იყო გადაემოწმებინა ის ხმები, რომელიც კომისიის არაკეთილსინდისირედა მუშაობის შესახებ ვრცელდებოდა. ხოლო დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამბობს, შეცდომის დაშვება ექსპერტების დონეზე თუ მოხდა ჩვენ რა შუაში ვართო, ეს სწორი მიდგომა არაა და თვალთმაქცობაა. შესაძლოა, ვიღაც მოღალატე იყოს, ხოლო სახელმწიფო იმის ხარ, რომ მისი მუშაობა გადაამოწმო, მით უმეტეს როდესაც კომისიის თავმჯდომარე ყოველთვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

 

amo ქ-ნო ლიკა შეიძლება კი არა მისულია, მისული! იმ პერიოდში მიშას ნებართვის გარეშე ქმარი ცოლს ვერ დაელაპარაკებოდა.
4 წლის უკან
trampi კანეშნა მიშაააა...რად უნდა მაგას ლაპარაკი
მასინ მიშას გარეშე ცაში ბუზი ვერ დაფრინავდა და მიწაზე კიდევ ჭიანჭველა ვერ დადიოდა
4 წლის უკან