რეჟიმის ჩამოშლის ზარი

რეჟიმის ჩამოშლის ზარი

Delay of justice is injustice.

(Walter Savage Landor)

რამდენიმე საათი დარჩა და ასზე მეტ ადამიანს ციხეებიდან გამოუშვებენ.

ასეთი რამ ადრეც მომხდარა ალბათ, მაგრამ დღეს დილით სახლში დაბრუნდებიან ისინი, ვისაც ბრალი არ მიუძღოდათ! ისინი, რომლებიც იყვნენ ცრუდემოკრატის და გამყალბებლის მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმრები. რომლებიც მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ასობით და ათასობით სხვა ადამიანისთვის შემაძრწუნებელი მაგალითი გახდარიყვნენ – “აი, იცოდეთ, რა დაგემართებათ, თუ მიშა მაგარიას წინააღმდეგი იქნებითო!”

ისინი იჯდნენ იმიტომ, რომ ვითომცდა დემოკრატიის შუქურის ვარდისფრად შეთითხნილი პლასტმასების და გიფსოკარტონის “სამოთხის” მითი გაემაგრებინათ!

ისინი იჯდნენ იმიტომ, რომ არავის გაებედა ხმის ამოღება, განსხვავებული აზრის გამოთქმა ან მოწონება, სიმართლისაკენ და სამართლისკენ მოწოდება… ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიცრუის სიმართლედ და ბნელის ნათლად გასაღების პი-არ ამოცანის გადასაჭრელ ჭანჭიკებად აქციეს მავანთ!

მინდა მივულოცო გიორგი დემეტრაძის ოჯახს, მერაბ რატიშვილის მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილის მამას, მელორ ვაჩნაძის დედას, კობა ოთანაძის ოჯახს… კიდევ მრავალს, ვისაც არ ვიცნობთ, ან ვინც დამავიწყდა – მინდა მივულოცო იმათაც, ვინც ჯერაც საპატიმროს კედლებს იქეთ არის და იმათაც, ვინც მოუთმენლად ელოდება, როდის გაივლის საყვარელი ადამიანების სახლში დაბრუნებამდე დარჩენილი საათები და წუთები… მინდა მივულოცო ბიძინა გიორგობიანს და კიბარ ხალვაშს და მათ ოჯახებს, რომ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ!..

2012 წლის 1 ოქტომბერი იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის გამყალბებელი და ფარისეველი, ანტიჰუმანური და უსამართლო რეჟიმის ჩამოშლის დასაწყისი.

და, ვფიქრობ, სწორედ ახლა ეს ჩამოშლა შეუჩერებელი რღვევის სახეს მიიღებს.

დღეს სახეაშლილი პრეზიდენტი ლაპარაკობდა იმაზე, ვთომ როგორ სასტიკად უკრძალავდა თავის ძალოვნებს, ნებისმიერი ადამიანის – თუნდაც ბრალდებულის, თუ ეჭვმიტანილის – ოჯახის წევრებზე ზეწოლას! და მე გამახსენდა, როგორ დააპატიმრეს კობა ოთანაძის ოჯახის ათამდე წევრი და მათ შორის ძუძუმწოვარა ბავშვი თავის დედასთან ერთად, როდესაც ოთანაძისაგან “აღიარებითი ჩვენების” გამოგლეჯა უნდოდათ! სწორედ დღეს სააკაშვილის რეჟიმის უგონო აპოლოგეტი, ბავშვით ხელში, მიტინგიდან გვამუნათებდა, რომ ჩვენ თურმე კრიმინალებს და მოღალტეებს ვუშვებთ ციხეებიდან და მოითხოვდა, თითოეული ამ საქმის დეტალურ გამოძიებას და საზოგადოების ინფორმირებას! და ჩვენც ყველა ამას მოვითხოვთ! დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ დააპატიმრეს ეს ხალხი! ოღონდ ეს უნდა გვესმოდეს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს პროკურორების პირიდან და იმ პირობებში, როცა პატიმრებს ცოცხებით წამებით და მათ ახლობლებს – გარეთ დარჩენილების დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, არამედ თავად ამ ხალხისგანაც უნდა მივიღოთ ჩვენებები იმაზე, როგორ დააპატიმრეს, რა მოსთხოვეს, რისთვის გაასამართლეს და როგორ ექცეოდნენ მათ ვითომ-და ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, მაჰათმა განდის და მარტინ ლუთერის კინგის მიმდევრები, ხოლო სინამდვილეში კი – უტიფარი და მიზანთროპი ნეობოლშევიკები.

დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე “მუხროვანის ამბოხსა” და “ყინწვისის შეთქმულებაზე”! ჩვენ მოვალენი ვართ, გავერკვეთ, რა იყო ის მოდელირება, რომელიც “ენვერის” სახელით ჯაშუშების დაჭერის არნახულ წარმატებად შემოგვასაღეს! ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში რისთვის დაიჭირეს ეგრეთწოდებული “ჯაშუში ფოტოგრაფები” და “ჯაშუში” ვახტანგ მაისაია. ჩვენ ბევრ რამეში უნდა გავერკვეთ და არაა გამორიცხული, გუშინდელი პატიმრები ხვალ მოწმეებად იქცნენ და ზოგიერთ შუქურ-პოლიტიკოსებს მართლა მოუხდეთ ზუგდიდში კი არა, გაცილებით შორს სასწრაფოდ გადახვეწა!

მე მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ მოეგნენ გონს, აღიარონ თავისი შეცდომები და ახლა მაინც დაანებონ თავი მთელი ქვეყნისათვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობებს. მოინანიონ, რომ მათ მიერ დაჩაგრულ ხალხში შენდობის სურვილი გააჩინონ! მიეცით საშუალება, რომ მოგიტევონ, რადგან თქვენც ჩვენი ძმები და დები ხართ და არ გვემეტებით მოსაგლეჯად.

—————————————————

“თუ არ იქნება სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა!”

დილიდან უკვე საქართველოში გაცილებით მეტი სამართალი იქნება!

ყველას გილოცავთ! – მათაც, ვისაც საყვარელი ადამიანები დაუბრუნდებიან ოჯახებში, და მათაც, ვისაც აღარ შეგვეშინდება, რომ უმიზეზოდ და უსამართლოდ დაგვაპატიმრებენ.