„ნაცმოძრაობის“ აგონიის ინდიკატორი“

„ნაცმოძრაობის“ აგონიის ინდიკატორი“

ბუბა კიკაბიძეს „ნაცმოძრაობამ“ ერის გამაერთიანებლის ფუნქცია დააკისრა. ნაციონალები მიიჩნევენ, რომ ბუბა მორალური ავტორიტეტია, რომელსაც შეუძლია პოლარიზებულ გარემოში ქოცებად და ნაცებად დაყოფილი საზოგადოება გაამთლიანოს.

თავად მომღერალი და მსახიობი კვლავაც სააკაშვილს მიიჩნევს ფავორიტად, ამბობს, რომ, ასაკის მიუხედავად, სააკაშვილის მეგობარია და ფიქრობს, რომ მიშას ღმერთისგან აქვს პოლიტიკოსის ნიჭი მიმადლებული, თუმცა დიდ პოლიტიკოსებსაც მოსდით შეცდომა.

„ნაცმოძრაობის“ პარტიული სიის პირველ ნომრად ქცეული მომღერალი აღიარებს, რომ პოლიტიკაში ვერ ერკვევა, საერთოდ არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ ჩართული იქნება, რომ აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში გაჭირვება. პოლიტიკაში გადაბარგებული ბუბა კიკაბიძე მზადაა, გამოიყენონ მოლაპარაკებებში, რადგან მას სიტყვა ეთქმის რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, სომხეთსა და ყაზახეთშიც.

რამდენად შეძლებს ბუბა კიკაბიძე საზოგადოების გამთლიანებას?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბუბა კიკაბიძის სიის პირველ ნომრად დასახელება ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის - „ნაცმოძრაობის“ აგონიის ინდიკატორი. ძალზე მოკლე მეხსიერება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ბუბა კიკაბიძე, მისი წარსულიდან გამომდინარე, დაასახელო ერის გამაერთიანებელ სიმბოლოდ.

„ჩვენი საზოგადოების ერთი და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილისთვის ბუბა კიკაბიძე, როგორც სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, კატეგორიულად მიუღებელია. რანაირად იქნება ის გამაერთიანებელი სიმბოლო, ჩემთვის რთული წარმოსადგენია. ვგულისხმობ ზვიად გამსახურდიას პერიოდს. მაშინდელი პუტჩის მონაწილეების უმეტესობა დღეს უკვე აღიარებს, რომ იმ პერიოდში შეცდომა იყო დაშვებული, ბუბა კიკაბიძემ კი არ მოინანია თავისი მონაწილეობა იმდროინდელ ამბებში“,-აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პრინციპულად ეწინააღმდეგება, რომ პარლამენტში მასობრივად იყვნენ ფეხბურთელები, მოჭიდავეები, რეჟისორები, თუმცა ყოველთვის არის გამონაკლისი და, სოსო ცინცაძის აზრით, ბუბაც იშვიათი გამონაკლისია.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო „ნაცმოძრაობის“ ასეთი სუპერპოლიტიკური და სწორი გადაწყვეტილება. რომ არ ყოფილიყო ბუბა, მათ უნდა მოეგონებინათ იგი და პირველ ნიშნად დაენიშნათ. ბუბა პოლიტიკისგან ყოველთვის შორს იდგა, მაგრამ მოქალაქეობრივ პრინციპებს იცავდა. ის არასდროს არ ყოფილა მილიონერი, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში პოპულარული იყო, ვიდრე ბევრი რუსი მომღერალი, რომელიც რუსეთში პოპულარული გახდა. მან უარი თქვა პუტინის ჯილდოზე, რასაც თან ახლდა სოლიდური თანხა და შეწყვიტა მოსკოვში ვიზიტები, ამას ბევრი ვერ გააკეთებდა. ბუბას დამსახურებაა, რომ კიდევ რამდენიმე ქართველმა მომღერალმა შეწყვიტა მოსკოვში ვიზიტები, თუმცა ზოგიერთი იქ ძალზე კარგად გრძნობს თავს და წამოსვლას არც აპირებს“,-აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური არჩევანი ერთია და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტში სულ სხვა რამეა. ჩვენ დღეს რასაც ვხედავთ „ოცნების“ პარლამენტში ისაა, რომ დილეტანტები, რომელთაც მოქალაქეობრივი პოზიცია არ გააჩნიათ, ოდესღაც იყვნენ ნაციონალები, უცებ გახდნენ მეოცნებენი, ახლა ადგილს ეძებენ რომელიმე პერსპექტიულ პარტიაში. სოსო ცინცაძე არ მოელის, რომ ბუბა ცხარე დებატებში ჩაერთვება პარლამენტში, თუმცა ელის, რომ ბუბა იქნება ზეთისხილის რტოს როლში, ანუ შემრიგებელი, თავისი ასაკისა და ავტორიტეტის გამო ბევრ გახურებულ თავს დააცხრობს, თავზეხელაღებულ პოლიტიკოსებს მისი მოერიდებათ.

„მე, მაგალითად, არ მესმის, რა უნდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პარლამენტში, როდესაც საქართველოს ფეხბურთელთა გუნდი ფარერის კუნძულებთან, სადაც ბუღალტრები და შიკრიკები თამაშობენ ფეხბურთს, 6:1-ს აგებს. მე რომ ვნახე მათი პროფესიები, კინაღამ გავგიჟდი, იქ იყო ბუღალტერი, მკერავი, ელექტრიკოსი, შიკრიკი, კურიერი, მოყვარული ხალხი. ამ დროს ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ერთხელ იმყოფებოდა პარლამენტში, თუმცა იქ ტრიბუნაზე ასული არ გვინახავს და ახლა კენჭს მეორედ კიდევ იყრის. ბუბასთან მაგის შედარება გამორიცხულია. „ნაცმოძრაობას“ პოლემისტები და მოკამათეები ტრიბუნაზე ასასვლელად საკმარისზე მეტი ჰყავს, ბუბას კი სულ სხვა ფუნქცია ექნება, მას კარგად ვიცნობ და მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ ახალი მოწვევის პარლამენტს თავისი კვალი დაამჩნიოს“.

mamuka რას იცით საოცრება ,ბატონო სოსო სულ იმის მტკიცებაში იყო რომ ქართულ პოლიტიკას და დიპლომატიას პროფესიონალი ხალხი აკლდა და ახლა არათუ პოლიტიკოსი არამედ ადამიანი რომელიც ამბობს რომ საერთოდ გაგებაში არ არის პოლიტიკის მიესალმება მის შეცვლას პარლამენტში ,ვერ გავიგე თეთრი მანდილის როლი უნდა შეასრულოს ,თუ პარლამენტი ძილისთვის საუკეთესო ადგილია(ზოგიერთებს აქვთ ამის საუკეთესო გამოცდილება) მე ვფიქრობ მაგარ გაუგებრობაში არიან .ბატონ სოსოს კი ვუსურვებ ჯანმრთელობას.....
4 წლის უკან
Katana . ბუბა კიკაბიძე, შეიძლება თამამად ითქვას, ყველაზე პოპულარული ქართველია ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე...
რუსის თუ უკრაინელის (განსაკუთრებით, ქალების) ცნობიერებაში სახელი "ვახტანგი" ასოცირდება კიკაბიძესთან, - ამისი მოწმე თავად ვყოფილვარ არაერთხელ.
კი ამბობს თვითონ, პოლიტიკასთან არაფერი მესაქმებაო და სოსო ცინცაძეც მოწმედ უდგება - ბუბა პოლიტიკისგან ყოველთვის შორს იდგაო, მაგრამ პუტჩისტების გვერდში ავტომატით დგომა და დიდუბის მეტროსთან ზვიადის მომხრეების ჩაცხრილვაში მონაწილეობა (როგორც იმ აქციის მონაწილეები ადასტურებენ!), რითი ავხსნათ, მაშინ? უბრალოდ, რუბენ ხაჩიკიანის არ იყოს, "ლიჩნი ნიპრიაზნი" ჰქონდა მათ მიმართ?!
ეს ნიჭიერი მომღერალი და მსახიობი, უდავოდ პატრიოტი კაცი (ომის შემდეგ მისი საქციელით დადასტურებული!), არის ფანატიკოსი მიშისტი!..
სააკაშვილის დროსო, ჩვენ ამაყად გავდიოდითო!.. - ამას მხოლოდ ფანატიკოსი თუ იტყვის, რომელსაც გაგონებაც არ უნდა რაიმე კრიტიკულისა თავისი კერპის მიმართ!.. თითქოს უფალზეა საუბარი და როგორ შეიძლება, უფალი რაიმეში ტყუოდეს!
სააკაშვილის დროს ამაყად გადიოდა, თურმე!.. განსაკუთრებით, ალბათ, აგვისტოს ომის და ამ ომში ძლევამოსილი მთავარსარდლის მიერ გამოჩენილი უზადო ჭკუის, სამხედრო ნიჭისა და სიმამაცის შემყურე!
4 წლის უკან
ლაზი კიკაბიძის უდაოდ ნიჭიერია, მაგრამ ავტომატით ხელში ნარბენი რისი გამაერთიანებელია. ის არასდროს ყოფილა ავტორიტეტი. დანარჩენი გემოვნების საკითხია.
4 წლის უკან
Katana . რა თქმა უნდა, ლაზი!.. ძალიან მწყრალად უნდა იყო აზროვნებასთან, რომ იფიქრო ბუბა კიკაბიძეზე, როგორც პოლარიზებული საზოგადოების გამაერთიანებელზე! :)
მაგათ რომ ჭკუა მოეკითხებოდეთ, იმაზე მაინც დაფიქრდებოდნენ, რამდენი ზვიადისტი - სააკაშვილით ზვიადის ჩამნაცვლებელი - პირს იბრუნებს და არ მისცემს ხმას იმ პოლიტიკურ ძალას, სადაც პირველ ნომრად პუტჩისტად ცნობილი ბუბა კიკაბიძე ჰყავთ!.. თორემ მე, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ მრავალჯერ შემიძლია სიამოვნებით მოვუსმინო მის "მეფაიტონეს" და ვუყურო მის ბენჟამინსა და მიმინოს...
4 წლის უკან