ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული – ექს–პრეზიდენტის, მაღალჩინოსნების, ასევე კონკრეტული მოხელეების ჩართულობით. მუხლი, რომელსაც გენერალური პროკურატურა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეში მონაწილე პირებს წაუყენებს, სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. დავით გარეჯის გასხვისების საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასასრულს უახლოვდება. for.ge–ს ინფორმაციით, ირაკლი შოთაძის უწყება უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალებს გაასაჯაროვებს.
როგორც ცნობილია, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 20 აპრილს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვეღარ ითმენს. პრეზიდენტი იხსენებს, რომ როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, აზერბაიჯანის მაშინდელ მინისტრთან მიაღწია შეთანხმებას, რომ რადგან საკითხი ეხებოდა არა მხოლოდ დავით გარეჯს დასკვნა გადაეცათ პრეზიდენტებისთვის, რაც პოლიტიკურად მათი გადასაწყვეტი იქნებოდა.
„მე ვიყავი ჩართული დავით გარეჯის შესახებ მოლაპარაკებებში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. როდესაც კომისიამ მოიტანა თავისი პირველი ანგარიში, სადაც საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი იყო შეუთანხმებელი, რადგან ეს ეხებოდა დავით გარეჯს და არა მხოლოდ წითელ ხიდს, მე და აზერბაიჯანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი შევთანხმდით, ვინაიდან ეს იყო პრეზიდენტების დონის პოლიტიკური თემა, კომისიის ეს დასკვნა გადაგვეცა პრეზიდენტებისთვის.
ახალი მასალები არის აღმოჩენა იმ დეტალური რუკების, 1938 წლის, რომელიც არის ბოლო ადმინისტრაციული რუკა საბჭოთა კავშირის, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ეს რესპუბლიკები, როცა თავთავიანთ საზღვრებს ადგენდნენ. ეს შეთანხმება არსებობდა აზერბაიჯანთან, რომ ჩვენ დელიმიტაციაზე ამ საზღვრებით ვიხელმძღვანელებდით. მაგრამ გამქრალი იყო ის დეტალური რუკა, სადაც ჩანს ის მონაკვეთები, რომელიც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაში ბრალდებული ექს–პრეზიდენტი გამოძიების დაწყებას ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ მომზადებულ პროვოკაციას უწოდებს და ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დავით გარეჯი გაყიდა, რაშიც სანაცვლოდ ფული აიღო.
„თურმე ჩვენ დავით გარეჯი გავყიდეთ, მივეცით აზერბაიჯანელებს და მათ ამაში ფული გადაგვიხადეს. ჯერ ერთი, არაფერი მიგვიცია, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდი გარეჯის საკითხს. ბოლოს ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მომხდარიყო გარეჯის დაკანონება, რა თქმა უნდა, შესაბამისი გაცვლის ხარჯზე, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, მთელი ეს პერიოდი ნებისმიერ ქართველს შეეძლო ჩვეულებრივად გარეჯში შესვლა, ლოცვა, თუმცა, ივანიშვილის დროს ეს დავკარგეთ. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილის დროს ჩვენი ურთიერთობები, როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმუმზე დაეცა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ქედზე მდებარე მონასტრების – ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრების გასხვისების საქმეში პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების პოლიტიკურ ნაწილზე საუბრობენ სააკაშვილის პოლიტიკური პარტნიორი ოპოზიციური პარტიის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 17 აგვისტოს დაიწყო, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნის მიმართ ეს ნაბიჯი არც კაცურია და არც პოლიტიკურია. ეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედება 27 სექტემბერს დაიწყო. ამის მიუხედავად ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ეს ქმედება მის უსუსურობასა და უგუნურობაზე მეტყველებს.
„ჯერ ერთი, წინასაარჩევნო პერიოდი რომ ყოფილიყო მარტო და მაშინ წამოეწიათ დავით გარეჯის ეს თემა, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხები, მაშინაც სამარცხვინო იქნებოდა იმიტომ, რომ არ შეიძლება თავმოყვარე ქვეყანამ, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, წამოწიოს ასეთი თემები მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით – ეს უბრალოდ მეზობლების უპატივცემულობაა და კონფლიქტის დროს, საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნის მიმართ ეს ნაბიჯი არც კაცურია, არც პოლიტიკურია და ამ ხელისუფლების აბსოლუტურ უსუსურობასა და უგუნურებაზე მეტყველებს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ლელოს“ ლიდერი თვლის, რომ როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიდის ომი, დავით გარეჯის თემის წამოწევა არის პოლიტიკური სპეკულაცია, ქართველების ემოციებზე ზემოქმედება, რომ თითქოს მათ ახლა გაახსენდათ დავით გარეჯი. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული, ეს არის ადამიანური ურთიერთობა, საერთო ოჯახები და საერთო მეგობრობა.
„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, გარეჯის საკითხსაც გადავწყვეტთ მშიდობიანად, ისე როგორც ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და დავიწყებთ სვლას ძალიან სერიოზული ნაბიჯებით ჩვენი ოსი და აფხაზი ძმების შემორიგებისკენ. „ლელოს“ საბოლოო მიზანი თქვენთან ერთად ამ ქვეყნის გაერთიანებაა და ჩვენ ვიცით როგორ მივიდეთ ამ წერტილამდე.
გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული, ეს არის ადამიანური ურთიერთობა, საერთო ოჯახები და საერთო მეგობრები. ამას სჭირდება ამოქმედება, საერთო ბიზნესების დაწყება, ქალაქ ანაკლიის მშენებლობა და მსგავსი პროექტები რათა აფხაზებთან და ოსებთან დავიწყოთ ახალი ფურცელი ურთიერთობების,“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ თავისი ძალაუფლება უფრო წინ დგას, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. „ევროპული საქართველოს“ წევრი თვლის, რომ პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საკითხთან მიმართებით დაწყებული გამოძიება უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებულია. კაპანაძე ამბობს, რომ ამ საქმით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და ამავდროულად უქმნის ძალიან დიდ საფრთხეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„ეს გამოძიება არის ყოვლად უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებული. არავის არ ჯერა, ბუნებრივია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე უცბათ, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გახეთქა თავდაცვის სამინისტრომ და სუს–მა, საქმე, რომელიც თურმე ეხება საქართველოს ტერიტორიების უკანონოდ გადაცემას მეზობელი ქვეყნისთვის.
ეს არის აბსოლიტურად შინაარსისგან დაცლილი თემა და მეორე – ეს არის წმინდა პოლიტიზირებული თემა და ბუნებრივია, ამ ყველაფრის უარყოფითი შედეგი მარტო ის კი არ იქნება, რომ საზოგადოება შედის შეცდომაში, უფრო სწორად ცდილობს ივანიშვილი, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, არამედ ამას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან ნეგატიური გავლენა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის თვითონ დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესზე“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.
ოპოზიციისგან განსხვავებით, პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემას გულისხმობს, პოლიტიკურ ნაწილს გამორიცხავენ ანალიტიკოსები. 2006–2007 წლებში, როდესაც დემარკაციის კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა რეჟისორი, გოგა ხაინდრავა, რომლის განცხადებით, ყველას ესმის რას ნიშნავს ჩვენთვის დავით გარეჯი, გადაგვარებული სააკაშვილის გარდა.
„იმ წლებში მინისტრი ვიყავი და ახალი წასული ვარ მინისტრობიდან, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კალანდაძე გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანის, რაც არის დიდი ტყუილი. საბჭოთა კავშირის დროს, 1986 წელს გავაკეთე ფილმი დავით გარეჯზე, მაშინ აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ დავით გარეჯი, ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო.
ეს საკითხი ნათელი იყო 1986 წლებში, არავინ კითხვის ნიშნებს ამასთან დაკავშირებით არ სვამდა. არც მერე არ უნდა ყოფილიყო ეს კითხვები, რაღაცა თაღლითობას რომ არ ჰქონოდა ადგილი. იმიტომ, რომ აზერბაიჯანლებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს ქართუილი სულიერი ძეგლია და აქ კითხვის ნიშნები არ იყო“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.
რეჟისორი for.ge–სთან საუბრისას იხსენებს, სააკაშვილის ხელისუფლების კულტურის მინისტრის, გოკა გაბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო–აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად უნდა მოხდეს დავით გარეჯის, როგორც ტურისტული ზონის ათვისება.
„გაბაშვილმა პირდაპირ თქვა – „ჩვენ ვგეგმავთ აზებაიჯანულ მხარესთან, რომ ერთობლივად მოხდეს დავით გარეჯის ათვისება“. ისინი, როგორც სულიერი კულტურის ძეგლს ისე არ უყურებდნენ ამას, მათთვის ეს იყო ფულის წყარო და ასეც გამოიყენეს. არ ვიცი პროკურატურა რას აკეთებს, მაგრამ ჩემთვის ნათელია, კალანდაძე ციდან არ ჩამოიტანდა იმ ცნობილ განცხადებას, დავალება მისცეს და თქვა. რაც მთავარია, სააკაშვილმა საჯაროდ მისცა ჩვენება. დაასწრო პროკურატურას და თქვა ვისგან აიღო ფული, რამდენი და ვინ იყო შუამავალი. ეს იყო აღიარებითი ჩვენება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.
გამოძიებას ენდობა ანალიტიკოსი გია აბაშიძე და დარწმუნებულია, რომ სხვა ქეისების მსგავსად თაროზე არ შემოდებენ ამ საქმეს. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკმაოდ მძიმე იქნება მუხლი, რომელსაც პროკურატურა ექს–პრეზიდენტს წაუყენებს.
„სააკაშვილისგან და მისი გარემოცვისგან არაფერი არ არის გასაკვირი ქვეყნის ღალატის თვალსაზრისით. სააკაშვილი და მისი ნაცრუპორები იუმორის გრძნობით ლაპარაკობენ პატიმრების წამებისა და ჯოჯოხეთური მოპყრობის არა ერთ დადასტურებულ საქმეზე. ეს მათთვის არაფერია, მათთვის ეს სასაცილოა, ისინი ამით დასცინიან ქართულ საზოაგდოებას. სააკაშვილზე გაუსწრებლად არაერთი განაჩენი არის გამოტანილი. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთი იქნება.
იმიტომ, რომ 8-წლიანი მმართველობის დროს არაერთი დანაშაული ჩაიდინა ჯგუფურად, თავის რეჟიმთან ერთად. ის, რომ პროკურატურამ მიაგნო უნიკალურ მასალებს და ნახეთ რა საყურადღებოა, მყისიერად ჩამოფრინდა ბაქოდან ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც გადაეცა ეს დოკუმენტაცია. დიდი იმედია, რომ ორივე ქვეყნისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღება საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებულ ამ გამაოგნებელ სკანდალშიც კიდევ ერთხელ სრულად იქნა მანიფესტირებული ნაცების ანტი–ეროვნული პოლიტიკური იდენტობა.
„სააკაშვილის პოლიტიკური იდენტობისთვის ტერიტორიას მნიშვნელობა საერთოდ არა აქვს. ტერიტორია მისთვის იდენტობა კი არა, მხოლოდ მატერიალური ობიექტია – ასპარეზია, სადაც ძალაუფლება უნდა ეპყრას და მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს უკრაინის, საქართველოს თუ მულღაზანზაროს ტერიორია. ისევე, როგორც მისი იდენტობისგან გაუცხოებულია და სულერთია მამულს შეიძენს თუ დაკარგავს! რჯულზე კი საუბარიც არ არის - რამეთუ იგი იმთავითვე იმდენად ურჯულოა, რომ ჯვარი კიდია მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვანახოს.
რას აჩვენებს ეს მორიგი ტერიტორიული სკანდალი? უწინარესად იმას, რომ ნაცისთვის ტერიტორიული იდენტობა არ არსებობს, თორემ განა რუკა ისეთი რა არის, რომ ვერ მოეძიებინათ?! არც ისაა გასაკვირი, რომ ტერიტორია სხვა მატერიალურ სარგებელში, მაგალითად 80 მილიონში (რაც წამოცდა) გაეცვალა. ანდა პოლიტიკური სარგებელი მიეღო ამ გარიგებიდან. ტერიტორია, მამული – ნაცისთვის მხოლოდ მატერიალური აქტივია და არა იდენტობის დამდგენი ღირებულება. ასევე ენაც და რჯულიც. მამულს რომ მათთვის იდენტობის დამდგენი ღირებულება ჰქონოდა, იმ აგვისტოს საშინელებას არასგზით არ ჩაიდენდნენ! ზუსტად ისევეა, როგორც სერგო ორჯონიკიძის შემთხვევაში, ოღონდ ერთის განსხვავებით: იმ უბედურის რჯული ღვთისმებრძოლობა იყო, ამათი მრწამსი კი ბევრად უარესია: მამულის, ენისა თუ რჯულის, ისევე, როგორც ყოველი ადამიანის, საკუთარი სარგებლისთვის ხმარება!“, – წერს დავით ზარდიაშვილი.
?
ასეთი სისულელე, ალბათ, ბავშვობის შემდეგ არ უთქვამს ნინო ბურჯანაძეს!
ჯერ ერთი, ჭიანჭველებიდან სპილოებამდე, ყველა ცოცხალი არსება იცავს საკუთარ ტერიტორიას!
კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველა ომი, (მშვენიერი ელენეს გამო დაწყებულ ტროას ომს თუ არ ჩავთვლით), ტერიტორიულ პრეტენზიებს უკავშირდება და რაღა ჩვენთვის არის სამარცხვინო, მეზობელს რომ ვუთხრათ: დიდი ბოდიში, მაგრამ ავტომატიანი ხალხი რომ დამიყენე და სალოცავად არ მიშვებ, ეს ჩემი ტერიტორიაა ისტორიულად და თუ არ გჯერა, აგერ საბუთებიო?!
მეზობლის საომარ მდგომარეობაში ყოფნით რომ ამუნათებს ხელისუფლებას, იმ მეზობელს სწორედ ტერიტორიის გამო არა აქვს ეს ომი ყარაბახში?!
აბა, ფაშინიანის წვერი არ მოსწონს ალიევს და იმიტომ ეომება?!
ჩვენ ხომ არ ვეომებით აზერბაიჯანს! პირიქით, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს, ოღონდ, ო რ მ ხ რ ი ვ -კეთილმეზობლური! - რა არის ამაში საჩოთირო და მიუღებელი?!
მეორეც: ეს გამოძიება ხომ იმის გარკვევას ისახავს მიზნად, საქართველოს რომელმა სახელმწიფო მოხელეებმა ჩაიდინეს დანაშაული ქვეყნის წინაშე და გაასხვისეს ჩვენი ტერიტორია?!
ის მაღალჩინოსნები თუ ბურჯანაძის ყოფილი თანაგუნდელები აღმოჩნდნენ, აღარ გამოიძიონ ეს საქმე?
გზაც იქით ქონიათ, შეწყალებას სამშობლოს მტრები არ იმსახურებენ!