ყირგიზეთში აქციაზე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა

ყირგიზეთში აქციაზე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა

ყირგიზეთში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ქვეყნის პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის განცხადებით, რამდენიმე პოლიტიკური ძალა აქციის მონაწილეების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის პარლამენტში შეიჭრნენ. საპროტესტო აქცია ბიშკეკის ცენტრში 5 ოქტომბერს დაიწყო. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

პროტესტს მხარს 11 ოპოზიციური პარტია უჭერს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა მოახერხეს.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.