მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ვითარების დეესკალაციას მოითხოვენ, ასევე, გაერო-ს უშიშროების საბჭოში შესაბამისი რეზოლუცია შემუშავდა.
ექსპერტები ვითარების განვითარების რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, მათ შორის, იმაზეც, რომ სამხრეთ კავკასია შესაძლოა, ომის მოედნად, არასტაბილურობისა და ტერორიზმის კულტივაციის კერად იქცეს. ასეთ სცენარს არ გამორიცხავს რუსეთ-სომხეთის უნივერსიტეტის, მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ხელმძღვანელი, დოცენტი რუბენ ელამირიანი.
როგორც მან “კვირა”-სთან საუბარში აღნიშნა, არსებობს მოვლენების განვითარების სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, თავდაპირველ პოზიციებთან დაბრუნება ან საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება, რა დროსაც არწახი და ბაქო ტერიტორიების განთავისუფლებას გააგრძელებენ; ან თურქეთის პირდაპირი ინტერვენცია, რაც დიდ რეგიონულ ომს გამოიწვევს.
მისი მოსაზრებით, თუ მოვლენები პირველი სცენარით გაგრძელდება, ამ შემთხვევაში, ან საერთაშორისო თანამეგობრობა აიძულებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ან მხარეები თვითონ გაათვითცნობიერებენ ომის გაგრძელების მძიმე შედეგებს და თვითონ მოინდომებენ დიალოგის რეჟიმში გადასვლას. “თუმცა, თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ასევე, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკას, ასეთი სცენარი, სავარაუდოდ, შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ ილჰამ ალიევი კორონავირუსის მძიმე პირობებში, ასევე, ნავთობის დაბალი ფასების ფონზე, ამ ომს საკუთარი საზოგადოების კონსოლიდაციისთვის იყენებს. კომპრომისზე წასვლა მისთვის ქვეყნის შიგნით პოზიციების კიდევ უფრო შესუსტებას ნიშნავს. ამასთანავე, მიმდინარე ომში თურქეთის ღრმა ჩართულობა ამ სცენარის რეალიზების დამატებითი წინაღობაა. ამიტომ, აზერბაიჯანს მეორე სცენარი სჭირდება, რომ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე მცირედი გამარჯვების დემონსტრირება მოახდინოს. მეტიც, ამ სცენარის ფარგლებში, თურქეთი პირდაპირ ეხმარება თავის “უმცროს ძმას” და ამით ცდილობს, საკუთარი პოზიციები გააძლიეროს როგორც აზერბაიჯანში, ისე – მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. პირველი სცენარი ცუდია აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, მაგრამ მისაღებია სომხეთისა და არწახისთვის, რადგან მოწინააღმდეგეს მშვიდობას აიძულებს. მეტიც, ეს ვარიანტი საუკეთესოა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ – ახლო აღმოსავლეთისთვის, რადგან ეს ერდოღანის “მადის მოთოკვას” ნიშნავს. ამჟამად რთულია პროგნოზირება, თუ რა სცენარით შეიძლება, განვითარდეს მოვლენები. თუმცა, ცხადია ერთი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ თურქეთის ავანტიურა შეაჩეროს და სამხრეთ კავკასია გადაარჩინოს ომის მოედნად ქცევისგან, არასტაბილურობისა და ტერორიზმის კულტივაციის კერად გარდაქმნისგან”, – მიიჩნევს ექსპერტი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ, ზაფხულში მხარეებისთვის შეთავაზებულ ე.წ. გეგმაზე საუბრისას, რომელიც აზერბაიჯანისთვის 5 სოფლის გადაცემას გულისხმობდა და რაზეც ერევანმა მაშინ უარი თქვა, ექსპერტი ამბობს – “ამ პირობის შესრულების შემთხევაში, ალიევი ახალ ესკალაციაზე წავა და ახალ “ნაჭერს” მოითხოვს”. “აქ ჩნდებოდა კითხვა, რატომ თანხმდებოდა ბაქო “ლავროვის გეგმას” მაშინ, როდესაც მან ანალოგიურ ვარიანტზე უარი თქვა 2001 წელს კი-ვესტში, ასევე, 2011 წელს ყაზანში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2001 წლიდან დღემდე ბაქოს აგრესიული რიტორიკა, ასევე, პროვოკაციებისა და ესკალაციების რიცხვი იზრდებოდა და კულმინაციას 2016 წლის აპრილს მიაღწია. ვფიქრობ, ბაქოს დღევანდელი პოზიცია მიმართულია იმისკენ, რომ არწახის ტერიტორიის ნაწილის მიღების შემდეგ და ამ ტერიტორიებზე გამაგრების შემთხვევაში ის აჩვენებს საკუთარ საზოგადოებას, რომ 25 წლის წინანდელ დაპირებას ასრულებს, ამ დროს კი ალიევი ახალ პროვოკაციაზე წავა და ახალ “ნაჭერს” მოითხოვს”, – აცხადებს რუბენ ელამირიანი.
მიმდინარე დაპირისპირებაში კრემლის პოზიციებზე საუბრისას ექსპერტი ამბობს – “მოსკოვს ღრმა და კომპლექსური ინტერესები აქვს როგორც აზერბაიჯანის, ისე – სომხეთის მიმართ. მეტიც, რუსეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ბაქოსა და ერევანს შორის შუამავლის როლს ასრულებს. ამიტომ, დღეს ვხედავთ მოსკოვის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მხარეებს შორის ბალანსის შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ამის პარალელურად, კრემლისთვის რთულია კომპრომისული გადაწყვეტილების შეთავაზება, როდესაც ეს ომი ხელისუფლების შენარჩუნებას ნიშნავს, ფაშინიანი კი დათმობაზე ვერ წავა”.
ექსპერტმა სომხეთის სოციალურ ქსელებში, მიმდინარე კვირას საქართველოს მიმართ წამოსულ ერთგვარ ნეგატივზეც ისაუბრა და განმარტა – “ერევანში კარგად ესმით საქართველოს ნეიტრალიტეტი. ამასთანავე, კონფლიქტის პირველ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ სომხეთისთვის რუსეთის ტვირთი საკუთარი ტერიტორიის გავლით არ გაატარა, მაგრამ აზერბაიჯანში თურქეთიდან – კი. სწორედ ამ ინფორმაციამ დატოვა არასასიამოვნო ნალექი, განსაკუთრებით ქვეყნებს შორის ბოლო 2-3 წლის მანძილზე ურთიერთობის მნიშვნელოვანი დათბობის ფონზე და სომხეთის ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით 2008 წლის ომის დროს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ საქართველო იკეტება ტვირთისთვის როგორც სომხეთისთვის, ისე – აზერბაიჯანისთვის, განწყობები შეიცვალა. თუმცა, აღნიშნული ჩვენს ვითარებას ართულებს და მხოლოდ ირანთან გვიტოვებს კავშირებს”.
რუბენ ელამირიანი ამბობს, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობას არ სურს, მიიღოს სამხრეთ კავკასიაში სირია ან ლიბია, მან თურქეთის შესაჩერებლად მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას. “კონფლიქტის დაწყების პირველ დღეებში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რეაქცია თითქმის არ არსებობდა. ეს გასაგებია იმიტომ, რომ ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ბაქო კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში ომს დაიწყებდა. მოგვიანებით, დავინახეთ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადება, ასევე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო რეზოლუცია. თუმცა, საერთაშორისო პოზიციის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის დამნაშავე მხარეებს არ ასახელებს და არც სანქციებს აწესებს. იქამდე კი, სანამ ომი გრძელდება და საერთაშორისო თანამეგობრობა უმოქმედოდ არის, სომხეთი და არწახი ოპერაციაში არიან ჩაბმული, რომელიც მიმართულია თურქეთისა და აზერბაიჯანის მშვიდობისკენ იძულება, რომ რეგიონი არ გახდეს ერდოღანის გეოპოლიტიკური ამბიციებისა და ავანტიურის ბასტიონი და სირიელი ტერორისტების გადაადგილების ადგილი”, – აღნიშნავს ექსპერტი.
ჰოოო...
და, რომ ვერ აიძულოთ, მაშინ რას შვრებით?