თურქეთმა აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლები 4 თვითმფრინავით, ყარაბაღში დაპირისპირების დაწყებამდე გადაისროლა და სომხეთის არმიის სიახლოვეს დააბინავა, რუსეთი კი კონფლიქტში ჩარევას არ ჩქარობს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სჯის. ამის შესახებ “2020NEWS“-ს აღმოსავლეთმცოდნემ დავით კობერიძემ ექსკლუზიურად განუცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირების დაწყებამდე სირიელი მებრძოლების გადასროლა ლიბიიდან მოხდა და ამჟამად აზერბაიჯანელების მხარეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, „ალ-კაიდასთან“ დაახლოებული შენაერთებიც იბრძვიან.
„აზერბაიჯანში რომ სირიელი მებრძოლები იბრძვიან, სიმართლეა. თურქეთმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 4 თვითმფრინავით გადაისროლა მებრძოლები ლიბიიდან პირდაპირ აზერბაიჯანში. მათ გარდა, აზერბაიჯანში იბრძვიან მებრძოლები, რომელთაც თურქეთის რესპუბლიკა ფულს უხდის ყოველთვიურად, საუბარია - 1000-დან 2500 აშშ დოლარამდე თანხაზე. ისინი არიან „ალ-კაიდასთან“ დაახლოებული შენაერთების წარმომადგენლები. ეს არის სირიაში მცხოვრები თურქული წარმოშობის ხალხი, რომელიც იქ საკმაოდ მრავლად სახლობს“, - აცხადებს კობერიძე.
მისი თქმით, თურქეთს აზიაში თავისი ინტერესები აქვს და აზერბაიჯანის გავლით, აზიისაკენ დერეფანის გაჭრას ცდილობს.
„ეს თურქეთიდან სრულიადაც არ იყო მოულოდნელი ნაბიჯი. თურქეთი ცდილობს, ახალი დერეფანი შექმნას შუა აზიის ნავთობისა და გაზის საბადოებისკენ. მისი უმთავრესი მიზანი ისლამური სუნიტური სამყაროს ლიდერობაა. არაბეთთან ამან არ გაამართლა, ამიტომ ის ცდილობს, აზერბაიჯანის გავლით, დერეფანი გაიკეთოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ისლამური რესპუბლიკებისკენ“, - განაცხადა კობერიძემ.
როგორც აღმოსავლეთმცოდნე აღნიშნავს, თურქეთს ამ რეგიონში ენობრივი ბარიერი პრაქტიკულად არ გააჩნია, თუმცა, მის ინტერესებს სამი ქვეყანა - რუსეთი, ჩინეთი და ირანი ეწინააღმდეგება.
„დიდი სახელმწიფოები თურქეთის ამ რეგიონში ზედმეტად გაძლიერებას ვერ დაუშვებენ. მათ შორის - რუსეთიც, რომლისთვისაც რეგიონში თურქეთის ზედმეტად გაძლიერება მიუღებელია, თუმცა, ჯერჯერობით, რუსეთი არ ჩქარობს, რითაც ის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის დასჯას ცდილობს“, - აცხადებს კობერიძე.
ექსპერტის განცხადებით, საქართველო, როგორც ყოველთვის, ახლაც რთულ პოზიციაშია, რადგან საქმე მის უშუალო მეზობლებს ეხება და ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე გვერდიგვერდ სახლობენ. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური დაპირისპ;ირება მოსალოდნელი არაა.
შეგახსენებთ, სამხედრო კონფლიქტი დე ფაქტო მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის, 27 სექტემბერს დაიწყო. ამ სამხედრო დაპირისპირების პროვოცირებაში ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ.