ილჰამ ალიევი: საფრანგეთმა, აშშ-მა და რუსეთმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნონ

ილჰამ ალიევი: საფრანგეთმა, აშშ-მა და რუსეთმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნონ

ეუთოს მინსკის ჯგუფის 3 თანათავმჯდომარის ფორმატი, რომელშიც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი შედიან, უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ამ ქვეყნებმა ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვან, - ამის შესახებ Al Zazeera-სთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინტერვიუს სრული ტექსტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, ოფიციალური ბაქო კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ კონფლიქტმა რეგიონული მასშტაბები მიიღოს.

„ჩვენი აზრით, რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, თუ ისინი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ. რა თქმა უნდა, რუსეთს განსაკუთრებული მიდგომა აქვს, ვინაიდან ის ჩვენი მეზობელია და ისტორიულად აქვს კარგი ურთიერთობები როგორც ჩვენთან, ისე სომხეთთან. ამიტომ როდესაც საქმე შუამავლობას ეხება, რუსეთს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს რეგიონიდან მოშორებით მდებარე ქვეყნებთან შედარებით“, - განაცხადა ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.

ეუთოს მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა და მისი თანათავმჯდომარეები რუსეთი, საფრანგეთი და აშშ არიან.