ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ე.წ. შავ სიაში ალექსანდრ ლუკაშენკო არ იქნება.

განცხადება ორგანიზაციაში კონსენსუსის მიღწევის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სანქციების დასაწესებლად გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცედურები 2 ოქტომრიდან დაიწყება.

„ჩვენ ვიწყებთ იმ ზომების მიღებას, რაზეც რამდენიმე კვირის წინ ვიმსჯელეთ და დღეს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუსის მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენ ვიცავთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება. სანქციებს დაექვემდებარება 40 პირი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ ძალაში მომავალი კვირიდან შევა და შეზღუდვები ამოქმედდება იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალებებასა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება სანქციების დაწესებაზე. მე ვადასტურებ, რომ სიაში არ არის ლუკაშენკო. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას. ჩვენ ვართ დიალოგის დაწყების მომხრე. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ეუთოს როლი, რადგან ვფიქრობთ ეუთოს შეუძლია პოზიტიური და კონსტრუქციული როლის შესრულება. ევროკავშირი გმობს ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, პოლიტიკური ოპონენტების დევნას”, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ევროპული საბჭო მხარს უჭერს ბელორუსი ხალხის დემოკრატიულ უფლებას, ახალი სამათლიანი და თავისუფალი არჩევნებით და გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე აირჩიონ ბელარუსის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა პირი და პოლიტპატიმრები, პატივი სცეს მედიის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს დიალოგი.

ევროპული საბჭო მიმართავს ევროკომისიას, დემოკრატიული ბელარუსის ეკონომიკური დახმარების გეგმაზე მუშაობა დაიწყოს”, - წერია სამიტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში თითქმის ორი თვეა, გრძელდება.

19 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, ვინც არჩევნების გაყალბებასა და მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელია.