ხელისუფლების მისამართით უკვე ხშირად გაისმის, გაუთავებელი პიარით თავი მოგვაბეზრესო, არადა სულ უამისოდაც არ არსებობს პოლიტიკა. ამიტომაც იქცა ქართველი სტუდენტების აფხაზთა ტყვეობიდან გათავისუფლება კიდევ ერთ ხმაურიან სანახაობად. კარგია, რომ სამი ახალგაზრდა: ლევან ღაჭავა, ივერი ყორშია და კობა რიგვავა გათავისუფლდნენ. კარგია ისიც, რომ ამ, ცოტა არ იყოს, პოლიტიკურად ამტუტებულ პერიოდში პრეზიდენტს ოპტიმიზმი არ ღალატობს. არადა, კულუარებში ყველა რაღაცის მოლოდინშია. ამ «რაღაცაზე» საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ.
რაკი კონტროლის პალატა პარლამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურაა და მისი ხელმძღვანელის შერჩევაც პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობის ერთ-ერთი თემა კონტროლის პალატის მომავალი თავმჯდომარის ვინაობაა. ელოდნენ, რომ იქ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაახლოებულ რომელიმე დეპუტატს მიავლენდნენ, მაგრამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა უარი თქვა; თავი დაიძვრინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კოვზანაძემაც. ამბობენ, მომავალში კონტროლის პალატას მძიმე საქმეების ამოქექვა დაევალება და შავი სამუშაოს შესრულება არავის უნდაო. ითქვა, რომ ამ პოსტზე შესაძლოა დავით პატარაია დანიშნონ, რომელიც აქამდე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და პარალელურად უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს.
ჩვენმა წყარომ ასევე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა გენერალურ პროკურატურაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. ბოლო დროს საბრალდებო დასკვნებზე გენერალური პროკურორის ნაცვლად ხელს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლაცაბიძე აწერს, რომელიც აქამდე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო. როგორც გვაუწყეს, კარგა ხანია გენპროკურატურაში ვითარებას გიორგი ლაცაბიძე აკონტროლებს. ჩვენი წყაროს ვარაუდით, ზურაბ ადეიშვილი მალე ნოღაიდელივით სამკურნალოდ წავა (თუ უკვე არ არის წასული), ოღონდ აშშ-ის ნაცვლად ისრაელში. ლაცაბიძეს დიდხანს არ მოუწევს გენპროკურორის მოვალეობის შესრულება, სავარაუდოდ, ადეიშვილის სავარძელს მალე ნიკა გვარამია დაიკავებს.
გია ბარამიძის ნათქვამს, პრემიერ-მინისტრი მალე შეუდგება მუშაობასო, მავანთ ასეთი გაგრძელება მოუძებნეს: პრემიერი კი მართლაც მალე შეუდგება მუშაობას, მაგრამ ის ნოღაიდელი აღარ იქნება. ნოღაიდელის გული რას გაუძლებს უზარმაზარ დატვირთვასა და ნერვიულობას. ის ნებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვებს პოსტს და ეს მისი ყველაზე გონივრული პოლიტიკური მანევრი იქნებაო. თუ პრეზიდენტი მეგობარზე, ყველაზე ერთგულ კაცზე დადებს ფსონს, მაშინ ერთ აჭარელს მეორე ჩაენაცვლება და ლევან ვარშალომიძე გაპრემიერდება. ისე, ვარშალომიძის პრემიერ-მინისტრობა ოპოზიციისთვისაც სახეირო იქნება - არაერთი თემა გაუჩნდებათ ხელისუფლების გასაკრიტიკებლად. ისე, აქამდეც ამბობდნენ, გამოუცდელ ვარშალომიძეს მამა ეხმარება, ვარშალომიძეები კორუფციაში ღრმად არიან ჩაფლულებიო და... ბრალდებები აწი ნახეთ.
ამ გადაწყვეტილებით არც ლომაია და მისი გუნდი (თავისუფლების ინსტიტუტი) დარჩება გახარებული, ის ამ პოსტზე ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად სახელდებოდა. ქართულ პოლიტიკურ არენაზე ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნებასაც ელიან. როგორც ამბობენ, პრეზიდენტსა და ირაკლი ოქრუაშვილს საქმიანი შეხვედრა ჰქონიათ და პრეზიდენტთან მიღწეული შეთანხმების თანახმად მალე გამოჩნდება ახალი ოპოზიციური პარტია თავდაცვის ექსმინისტრის თავკაცობით. ვარაუდობენ, რომ ოქრუაშვილთან რესპუბლიკელები და კობა დავითაშვილის «ხალხის პარტია» ითანამშრომლებენ. ექსპერტების ვარაუდით, ოქრუაშვილი ისევე შეასრულებს მართული ოპოზიციის როლს, როგორც ამას პუტინის «ოპოზიციონერი» ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე მირონოვი ასრულებს. წინასწარი ინფორმაციით, «გაოპოზიციონერებული» ოქრუაშვილი დაუპირისპირდება პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს, ნაცმოძრაობის ზოგიერთ ფიგურას, ანუ ყველას, პრეზიდენტის გარდა... დაველოდოთ...