აშშ-ის საპრეზიდენტო დებატების კომისიამ დებატების წესების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა მოდერატორებს მონაწილეებისთვის მიკროფონების გამორთვის უფლება მიენიჭოთ, თუ ისინი ოპონენტს შეაწყვეტინებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა პირველი დებატების მსვლელობისას ერთმანეთის მიმართ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთეს და სიტყვას აწყვეტინებდნენ.
„ამ დისკუსიამ ნათლად აჩვენა, რომ დარჩენილი დებატების ფორმატს დამატებითი ელემენტები უნდა შევძინოთ, რათა საკითხების განხილვისას მეტი წესრიგი უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ცვლილებები პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დადებითად შეაფასა, ტრამპის საარჩევნო შტაბში კი ახალი წესების შემოღება დაგმეს.
„წესები თამაშის დაწყების შემდეგ არ უნდა შეცვალო. ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ჯო ბაიდენმა წააგო. პრეზიდენტი ტრამპი დომინირებდა. ახლა ბაიდენი მოდერატორების მუშაობაში ჩარევას ცდილობს“, - აღნიშნა ტრამპის კამპანიის პრეს-მდივანმა ტიმ მერტაუმ.
საპრეზიდენტო დებატების პირველი რაუნდი აშშ-ში 30 სექტემბერს გაიმართა. ქვეყენაში დისკუსიის ტონმა და ტაქტიკამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.