„წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვა ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს

„წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვა ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს

ურთიერთბარლდებები და ერთმანეთზე ხელის გაშვერა - ახლა შსს-მ უნდა არკვიოს მარნეულში ჩხუბი პირველად ვინ დაიწყო და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ 4 ჟურნალისტია ნაცემი და დაზიანებულები არიან, როგორც ოპოზიციის აქტივისტები ასევე ხელეისუფლების მხადაჭერები.

დაიძაბება თუ არა წინასაარჩევნოდ სიტუაცია და ვის აწყობს საარჩევნოდ დაძაბული გარემო?

For.ge-სთან ანალიტიკოსები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მარნეულის ინციდენტის სწრაფად გამოძიება მოხდეს, რადგანაც როგორი მართლებიც არ უნდა იყვნენ, ბრალდების ტვირთი მაინც მათზე გადავა. რაც შეეხება კითხვას - ვის ინტერესებში შედის, დაძაბული წინასაარჩევნო გარემო? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. ის ამით ცდილობს აჩვენოს, რომ სისტემა კრიმინალთან უძლურია და ხელისუფლება მათ დევნის. თუმცა ამ დაპირისპირებას ექსპერტების აზრით, ხელისუფლებაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს და იტყვის, რომ ოპოზიციას არა არჩევნების ჩატარება სურს, არამედ მისი ჩაშლა და ის მარგინალური ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობას გეგმავს.

პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი კი კიდევ ერთი თავდასხმა და ფიზიკური დაპირისპირება გახდა - „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას ადანაშაულებენ მმართველი პარტიის საარჩევნო სპეციალისტზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე. საუბარია თემურ შუბითიძეზე, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ იმ დროს, როდესაც თბილისიდან მარნეულში სამსახურში მიდიოდა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაისაჯონ ის პირები, ვინც პროვოკაციებს აწყობს და მათ შორის არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე. კობახიძის თქმით, ის, რომ რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციებს გეგმავდა, ამის შესახებ გაფრთხილებული ჰყავდათ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და აქტივისტებიც, თუმცა ბოლო ინციდენტების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.

„მძიმე პროვოკაციით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლა, რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად იქცა, ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა თავისუფალი, თანასწორი და მშვიდი არჩევნების ჩატარებაა. მოვუწოდებ ჩვენ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის უმძიმეს პროვოკაციებსაც კი, სამართალდამცავებს მოვუწოდებთ კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ყველა ზომა ინციდენტების აღსაკვეთად და მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებისათვის. არც ერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მიუხედავად იმისა, ვინ ჩაიდინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კი სამარცხვინოს უწოდებს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებას, რომლის თანახმადაც ისინი ამბობენ, რომ მარნეულში პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო მოწყობილი.

გოცირიძე ამბობს, რომ ხელწერა არ იცვლება და „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, ერთი და იმავე გეგმით მუშაობს, მათ შორის არის ძალადობა, სიების შედგენა, ამომრჩევლის დაშინება და ა.შ. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მუდმივად, ერთი და იმავე მეთოდებით ხორციელდება ძალადობა, რაც უნდა შეწყდეს.

„ხელწერა იგივეა - ზუსტად ამ მეთოდებით. ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე წინასაარჩევნოდ დამუშავება, სიების შედგენა, სხვადასხვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მასწავლებლების დაშინება, რომ მოხსნიან და ამას მასწავლებელი შეეწირა ზუგდიდში. ოჯახებში შესვლა და სხვადსხვა ფორმით ზემოქმედება, მერე მოსყიდვა. მერე იწყება წინასაარჩევნოდ ზონდერების ამოქმედება და, ბოლოს უკვე მთავრდება უბანთან მოკრიმინალო ელემენტების და კოორდინატორების თავმოყრა“, - ამბობს რომან გოცირიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებამ ეს საქმე დროზე არ გამოიძია, მაშინ ეს დაპირისპირება მას დაბრალდება. ჩაითვლება, რომ დაპირისპირების ხელშემწყობი ის არის, რეალურად მართალი რომც იყოს. ძაბირაძე ამბობს, რომ გარდა ამისა, მეორე ფაქტორიც არსებობს, რომ ყველა დაპირისპირება ოცნებასა და ნაციონალებს შორის ხდება. ეს კი იმის მცდელობაა, ქართული პოლიტიკის პოლარიზაცია მოხდეს და ოპონირების რეჟიმში მხოლოდ ეს ორი პარტია იყოს.

„ერთი აქ მნიშვნელოვანი რაც არის, ისაა, რომ მთლიანი საზოგადოება ამ დაპირისპირებას თვალს შორიდან ადევნებს და ეს აგრესია ფართო მასშტაბს არ იღებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კონფლიქტს მხოლოდ ორ პარტაქტივს შორის დაპირისპირებად აღიქვამს. მართალია, ეს პოლიტიკურ პროცესებზე ცუდ გავლენას ახდენს, მაგრამ ამას ჯერჯერობით საზოგადოების დიდი ნაწილი ინდეფერენტულად ხვდება.

თუმცა ეს დაპირისპირება, ჩვენდა სამწუხაროდ, ახალი არ არის და ყველა ხელისუფლების დროს ერთი და იგივე სცენარი თამაშდება. ხოლო რადგანაც საზოგადოებაში დაპირისპირების მასშტაბი დიდი არაა, არ ველოდები ამ ყველაფერმა არჩევნებზე გავლენა მოახდინოს“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

ჩვენს კითხვაზე ვის აწყობს წინასაარჩევნოდ დაძაბულობა და საზოგადოებაში იმის განცდა, რომ არჩევნები არც თუ მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, ძაბირაძე გვპასუხობს, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, როგორი მართალიც არ უნდა იყოს, გამოიძიოს მსგავსი ფაქტები, რადგანაც ბრალდების ტვირთი მასზეა და პასუხისმგებლობაც წაინასაარჩევნოდ მშვიდი გარემოს შექმნაზე მას ეკისრება. ამიტომაც ოპოზიცია ხელისუფლებას პროვოკაციასაც რომ უწყობდეს, მან ყველაფერი უნდა ქნას იმისთვის, რომ მათ ეს არ გამოუვიდეთ და თუკი პასუხისგებაა საჭირო, აგებინონ კიდეც.

„ყველა არჩევნებზე ასეთი დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც იგივე ხდებოდა. ამიტომ ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, გამოიძიოს და აჩვენოს საზოგადოებას ვინ დაიწყო ჩხუბი და ვისი პროვოცირებულია ეს ყველაფერი. მართვადი დაპირისპირება როგორც ერთს, ასევე მეორე პარტიას აწყობს. ხელისუფლება ოპოზიციის დემონიზაციას ცდილობს, ხოლო ოპოზიცია ცდილობს, რომ თავი დაჩაგრულად წარმოაჩინოს და მმართველი გუნდი ძალადობაში დაადანაშაულოს.

ორივეს მიზანი ერთია, ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ცდილობს, ხოლო ხელისუფლება წინასწარ აკეთებს იმის განცხადებას, რომ ასეთ პროვოცირებას ოპოზიციისგან ელის და სამომავლოდ მათ რადიკალიზაციაში ბრალს დასდებს. იგივე დასავლეთთან იტყვის, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარება კი არ სურს, არამედ მისი ჩაშლა უნდა“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბული ფონის შექმნა „ნაციონალურ მოძრაობას“ ყევლაზე მეტად აწყობს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამით პარტია სისტემის უსუსურობას აჩვენებს კრიმინალთან ბრძოლაში. ანალიტიკოსის აზრით, ამ ტიპის დაპირისპირებას პოლიტიკასთან საერთო არა აქვს და ვერც ექნება. ეს ორივე მხრიდან ჩვეულებრივი კრიმინალია და ამიტომაც ხელისუფლებამ განცხადებების მაგივრად საზოგადოებას ქმედება უნდა აჩვენოს.

„ყველა შემთხვევაში, ეს დაპირისპირება საიდანაც და ვისგანაც პროვოცირებული არ უნდა იყოს, ხელისუფლებას ძალადობაზე მონოპოლია აქვს, შესაბამისად მისი რეაქცია ოპერატიული და სამართლიანი უნდა იყოს. როდესაც ჩვენ ვუყურებთ, ჟურნალისტი როგორ სცემეს, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელია, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უფრო მეტი აქვს და ისრების გადატანაც მასზე ყველაზე ადვილად ხდება. ამის გამო კი, იმის გარჩევას აღარავინ იწყებს ამ კონფლიქტში მტყუანი და მართალი ვინ არის. თუ ოპოზიცია აშავებს, მაშინ ოპოზიციონერი უნდა დააკავონ. იმას, რომ არ იჭერს, ესეც მისი ბრალია“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ხელისუფლების წუწუნი და რიტორიკა, რომ ოქტომბერში ოპოზიცია რაღაცა პროვოკაციების მოწყობას გეგმავს, ეს კარგად მასვე არ წაადგება. მისი ვალდებულებაა საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას და თუ ვინმე ქვეყანაში რამე პროვოკაციას აპირებს, პასუხი აგებინოს. სხვაგვარად დარტყმის მთავარი ობიექტი ისევ ხელისუფლება გახდება.

„ხელისუფლებას ნუ ექნება ილუზია, რომ საზოგადოება ქაოსსა და განუკითხაობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს და მას არა. კი ბატონო, შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დააკისროს, მაგრამ ძირითადი ისრები ისევ მისკენ გადმოვა“,-ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli დემოკრატიის ყვავილები!
4 წლის უკან