მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დამთავრებამდე ორი დღით ადრე, პოლიტიკურმა მოძრაობამ „ლელო საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, ლევან კობერიძე, აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ მმართველი პარტია, მხოლოდ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, ის პრაქტიკულად, არ იღებს მონაწილეობას არც ერთ სატელევიზიო დებატში, სადაც, რეალურად უნდა ხდებოდეს დისკუსია იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს სხვადასხვა პარტიების შეხედულებები, მათ შორის მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და რეალურად გააკეთოს თავისი არჩევანი.
„კანონპროექტი ეხება ვალდებულებას, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა მოვიდნენ საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში და იქ დაესწრონ დებატებს. არა მხოლოდ იყვნენ ცალკე ეთერში თავიანთ კომფორტულ ტელევიზიებში, არამედ მონაწილეობა მიიღონ დებატებში“, - განაცხადა კობერიძემ.
ოპოზიციის ამ ინიციატივას, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი for.ge-თან აფასებს.
გია ვოლსკი: - მათ შემოიტანეს აბსურდული კანონპროექტი, რომელიც იქნება განხილული თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვითომდა პოლიტიკურ ველზე ცდილობენ რაღაც პროგრესული იდეის შემოტანას, რომ თუკი კანდიდატი უარს იტყვის დებატებში მისვლაზე, მას უნდა მოეხსნას რეგისტრაცია და არავინ არ კითხულობს იმას, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამომრჩეველს ამ საკითხთან. იქნებ, ჩემს ამომრჩეველს არ სურს, რომ დებატებში დავჯდე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიასთან და მით უმეტეს რომელიც აღმოცენდა მევახშეობის რესურსზე, ან სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი? ან-და სხვა თაღლით პოლიტიკოსთან, რომელიც გუშინ ამბობდა სხვას და დღეს ამბობს აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას. ასე რომ, ამომრჩეველი განსაზღვრავს ჩემს საქციელს პოლიტიკურ ველზე.
დებატებში დაჯდომას ვისთან ისურვებდით?
- ვისთან ვისურვებდი დაჯდომას, ეს ცალკე საკითხია. დებატები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ყველა ნორმალური ქვეყნისთვის დამახასიათებელია, თუმცა, არანორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში, შეიძლება რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილებაც მიიღოს პოლიტიკოსმა. პოლიტიკოსის გარდა, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, რომლებიც ვიყურებით ამომრჩევლისაკენ და მის დაკვეთას ვასრულებთ. რა თქმა უნდა, ეს არის პოპულისტური განცხადება და მით უმეტეს, თავს რომ იურისტად მოიხსენიებს ადამიანი, მან უნდა იცოდეს, რომ იძულების შემცველი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანოს, თანაც ასეთ ვითარებაში, როდესაც პერსპექტივა არ გააჩნია რაიმე უპირატესობა მიიღოს. თანაც, პროცედურა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში ეს კანონი იქნეს მიღებული. რომელ პოლიტიკურ ნებაზეა ლაპარაკი, როდესაც თავად კანონპროექტი არის პროვოკაციული და აბსოლუტურად სცილდება იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
ოპოზიცია გადასახადების შემცირებასა და პენსიების მომატებაზე საუბრობს, რამდენად რეალურია ეს არსებულ ვითარებაში?
- მე არ მახსოვს, ეკონომიკურ თემებზე იყოს დავა და ოპოზიციამ არ წამოაყენოს აბსურდული ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის გადასახადებიდან განთავისუფლებას და ამავე დროს სოციალური პაკეტის ზრდას. რასაკვირველია, პოპულისტობის თვალსაზირისით ეს საყურადღებოა, მაგრამ პროფესიონალურად არ არსებობს ისეთი ხელისუფლება და არც „ქართული ოცნებაა“ გამონაკლისი, რომელიც არ ესწრაფვის საგადასახადო სისტემის დახვეწას, შეუმსუბუქოს ტვირთი ბიზნესს და გაზარდოს სოციალური პაკეტი. აქედან გამომდინარეობს ყველა თავდასხმა, რომელიც ამ სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროებს მოიცავს იმ ადამიანების მხრიდან, რომელმაც გაძარცვეს ეს ბიზნესები და მუხლებზე დააჩოქეს ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ რესურსი ბიუჯეტში შემოეტანათ თანხები. ასევე სოციალური პაკეტი დაიყვანეს ნულამდე, რამაც გამოიწვია არაერთი ადამიანის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი რომ მოვაცილოთ, წინასაარჩევნო პერიოდში აბსურდული განცხადებები არჩიეს.
როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის შანსები როგორია ამ არჩევნებზე?
- შანსები რაც უფრო ნაკლებია, უფრო მეტი იქნება დესტრუქცია. დესტრუქციის და ხარისხის ზრდის მიხედვით, შეგვიძლია ადვილად დავასკვნათ, თუ რა ხარისხის მხარდაჭერა აქვთ ოპონენტებს. მათ, სავალალო მდგომარეობა აქვთ პოლიტიკურ ველზე და რასაკვირველია, ყველა თავისი კონტროლირებადი მედიის გამოყენებით შეეცდებიან როგორმე, საზოგადოებაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ჩრდილი მიაყენონ იმ მიზანსწრაფულობას, რაც გააჩნია ხელისუფლებას, თუნდაც პანდემიის მძიმე პირობებში.
მსოფლიო ბანკის ყოველწლიური კვლევებით, „მთავრობის ეფექტურობის“ მიმართულებით, საქართველოს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს, 100 პროცენტიდან, 76.92 პროცენტი აქვს მინიჭებული, რაც ისტორიული მაქსიმუმია, კორუფციასთან ბრძოლაში არის 41-ე ადგილზე და ევროპაში იკავებს მე-19 ადგილს, ანუ საუკეთესო ოცეულშია შესული..
- საერთაშორისო კომპეტენტური სტრუქტურების, მათ შორის მსოფლიო ბანკის რეიტინგებში, საქართველო ყოველთვის არის მოწინავე ადგილებზე. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმ დესტრუქციისა, რომელსაც ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი სჩადის, რათა, როგორმე გადაფარული იქნეს ის მაჩვენებლები, რომლითაც არაერთ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაზე წინ ვართ, არა მარტო სამართლის დაცვის საკითხებში, არამედ ბიზნესის კეთების საკითხებში, დანაშაულებებთან ბრძოლის საკითხებში, კანონის უზენაესობის საკითხებში, მედიათავისუფლების საკითხებში, რასაც სამწუხაროდ, ბოროტად იყენებს არაერთი პოლიტიკური ძალა. ამასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შემოტევა საქართველოს ხელისუფლებაზე უნდა განვიხილოთ სწორედ ამ რაკურსით, გააფრთებული, ხავსმოჭიდებული ოპოზიცია, ხშირ შემთხვევაში ასეთი ინფორმაციის გადაფარვას ცდილობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს საქართველო, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის.
როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იმუშავა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა?
- მე ვფიქრობ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტს, მნიშვნელოვანი ისტორიული როლი აქვს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მიიღო საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის კონსტიტუცია. ოპოზიციის მცდელობა, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ არა მარტო კონსტიტუციის, საერთოდ სახელმწიფოსი, არის ის ხელწერა, რომელიც მათ ახასიათებთ და რამაც სერიოზული ჩრდილი მიაყენა პოლიტიკურ ველს. კონსტიტუცია არის უმაღლესი დონის და სამწუხაროა, რომ არც მის დამუშავებაში, არც მის მიღებაში, არც საარჩევნო კოდექსთან საბოლოო გადაწყვეტილებაში მონაწილეობა ოპოზიციას არ მიუღია და დღეს ამის გაპრავებას ცდილობს რაღაც უზნეო განცხადებებით. უარყოფითი იყო ის, რომ ძალიან ბევრი კანონები მივიღეთ და ხშირ შემთხვევაში გადაიფარებოდა, მე ვფიქრობ, ეთიკის მიღმა შეჯახებებით, რომელიც ახასიათებდა როგორც მეცხრე, ასევე მერვე მოწვევის პარლამენტს და საერთოდ, ეს მიმართულება ახასიათებს დამოუკიდებელი საქართველოს მთელ ისტორიას, როდესაც საინტერესო საკითხები, საინტერესო დებატები და თემები რატომღაც ფერმკრთალდება იმ საინფორმაციო ველის გამო, რომელიც ხშირ შემთხვევაში აშუქებს არა თემებს, არამედ ამ პიროვნულ დაპირისპირებებს, მათ შორის პოლიტიკური განცხადებების დროს, რომელიც უფრო საინტერესოა, ვიდრე ის დადებითი რაც იყო, მაგალითად, იგივე მიწის კანონის თემა, იგივე ტყის კოდექსის თემა, იგივე ბავშვთა უფლებების საკითხები და უამრავი სხვა საკითხები, რომელმაც დღევანდელობა შეცვალა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ფორმატში.