სოზარ სუბარი - „დუმილს არ ვაპირებ!”

სოზარ სუბარი - „დუმილს არ ვაპირებ!”

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მალე ორასგვერდიანი საანგარიშო მოხსენებით პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს. როგორც თავად ამბობს, საუბარი თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ივლისის თვეში პარლამენტში აუცილებლად შედგება. მოსალოდნელია, ახალ მოხსენებას ახალი სკანდალი მოჰყვეს. ვის უმიზნებს ამჯერად სახალხო დამცველი, შევეცადეთ მასთან ინტერვიუთი გაგვერკვია.

სოზარ სუბარი: - საკითხები ძალზე ბევრია, მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ისტორია თუ შემთხვევა რატომღაც არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას. მაგალითად, საზანოს სკოლის მოსწავლის თვითმკვლელობის ფაქტი. ჩვენ ადგილზე შევისწავლეთ ვითარება და ძალზე მძიმე სიტუაციას შევეჩეხეთ. საზანოში ტრადიციისა და ახალი მსოფლმხედველობის დაპირისპირება მოხდა. როგორც გავარკვიეთ, გოგონას მასწავლებლებისაგან გამწარებული ჰქონია სიცოცხლე - როგორ თუ სკოლის მოსწავლეს თანატოლი გიყვარსო... ძველ თაობაში ეს მენტალიტეტი დარჩა. ახალგაზრდები ცოტა სხვანაირად ფიქრობენ და საზანოს ტრაგედიაც სწორედ მსოფლმხედველობრივი კონფლიქტის შედეგია. ეს რთული პრობლემაა და მის გამოსწორებას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით, ვთქვათ, ციხეებში არსებულ პრობლემებზე.

ეტყობა, ციხეების თემა მარადიულია. ჩანს, ამჯერადაც სიურპრიზს უმზადებთ ამ უწყების ხელმძღვანელს ბაჩო ახალაიას.

- რა შენიშვნებიც მაქვს, ახალაიამ აქამდეც იცოდა. ჩემთვის მიუღებელია ის მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც იგი მართავს ციხეებს.

ჩემთვის მიუღებელია ძალის ზედმეტი გამოყენება. უამრავი დარღვევაა ციხეებში. ყველა ოთახში, სადაც ადვოკატები პატიმრებს ხვდებიან, ვიდეოთვალი დააყენეს. თვალთვალი დასაშვებია კანონით, მაგრამ დაუშვებელია მოსმენა. სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ შეხვედრების მოსმენა არ ხდება.

ბაჩო ახალაიასთან თქვენი დაპირისპირება ე.წ. კანონიერი ქურდის მამარდაშვილის ჩვენების თაობაზე იმით დასრულდა, რომ მამარდაშვილმა ჩვენება შეცვალა და თქვა, ვიცრუეო.

- ველოდი, რომ ეს ასე იქნებოდა. აქ ორი ვარიანტია: მამარდაშვილი ციხეშია და იმას ათქმევინებენ, რაც ციხის ადმინისტრაციას ხელს აძლევს; ან ასე ჰქონდა თავიდანვე ჩაფიქრებული. ნაკლებად მაინტერესებს, მამარდაშვილმა რა თქვა ან რა გადათქვა. ეს სულ არ მიქარწყლებს ეჭვებს. კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა ვიბლიანი დახურულ ზონაში, პასუხი დღემდე არ მიმიღია. ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე ზონაში ვერ მოხვდებოდა. გამოდის, შეუშვეს. ეს რომ ვთქვი, არავინ მიაქცია ყურადღება, მხოლოდ ახალაიამ დამირეკა აღშფოთებულმა თუ შეშფოთებულმა, მაგრამ როცა მამარდაშვილმა თქვა, ბუნტისწინა ამბები ჩემი მოწყობილიაო, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მთელმა ციხემ იცოდა, კანონიერმა ქურდებმაც და სხვა კრიმინალურმა ავტორიტეტებმაც, რომ სინამდვილეში ის ვიდეოჩანაწერი მამარდაშვილის ხელშეწყობით გაკეთდა.

თუ ასეა, როგორ გადაურჩა დასჯას მამარდაშვილი. კრიმინალურ სამყაროს ხომ თავისი კანონები აქვს?

- ქურდები ამბობდნენ, რომ მამარდაშვილს ხელს არ ახლებდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, ოდესმე ის ადმინისტრაციაზე ყველაფერს იტყოდა.

ახალაია ამბობს, რომ თქვენს კრიმინალ ნათესავებს უფრო უსმენთ, ვიდრე მას.

- მართალია, ვიბლიანი ჩემი ნათესავია, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას მისი ზონაში შეღწევის საკითხთან, ვერ გამიგია. რას ვითხოვ ისეთს? გამოიძახონ და დასაჯონ ის პირი, ვინც ვიბლიანი იქ შეუშვა. გპირდებით, ეს სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. როცა ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიწყება, ეს საკითხები უფრო და უფრო მწვავედ დაისმება. მოსმენილი მაქვს გაშიფრული ჩანაწერი - იქ არ არის ლაპარაკი ამბოხის მოწყობაზე. ყველამ იცოდეს, დუმილს არ ვაპირებ.

ახალაია ამტკიცებს, რომ მამარდაშვილმა აღიარება თქვენი და ქურდების ზეწოლის გამო გააკეთა.

- სიცრუეა. რა სახის ზეწოლა უნდა მომეხდინა პატიმარზე, რომ ასეთი რაღაცები ელაპარაკა. აი, ქურდებმა კი ნამდვილად იცოდნენ, რომ მამარდაშვილის მოწყობილი იყო ყველაფერი. ქურდები ეჭვობდნენ, რომ ის ადმინისტრაციასთან, კოპაძესთანაც კი თანამშრომლობდა, მაგრამ ქურდის სტატუსით მაინც სარგებლობდა. მამარდაშვილი გამონაკლისი არ არის. ადმინისტრაციასთან ძალზე ბევრი ქურდი თანამშრომლობს და ამის შენიღბვას კარგადაც ახერხებენ. ეს სამყარო მიუღებელია ჩემთვის თავისი კანონებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქურდი ადამიანი არ არის და მას კანონით დადგენილი ადამიანური მოპყრობის უფლება წავართვათ. ვთქვათ, არ გამომექვეყნებინა მამარდაშვილის განცხადება და ციხის ადმინისტრაციაში ან პროკურატურაში მიგვეტანა, ერთიც ვნახოთ და, რაიმე დამართოდა მამარდაშვილს, ვინ გამოვდიოდი მე... რას იტყოდნენ ჩემზე? განცხადება რომ გავახმაურე, ოდნავადაც არ ვნანობ. გვერდს ვერ ავუვლით დეპუტატ ნანეტაშვილის ამბავსაც.

მაინცდამაინც თქვენ რატომ გაახმაურეთ ეს ამბავი?

- ჩემთან თერთმეტი ჟურნალისტი მოვიდა, განაცხადეს, რომ მათ უფლებებს ტელევიზიის მფლობელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბადრი ნანეტაშვილი არღვევდა... არაფერი მეთქვა და გავჩუმებულიყავი? გამოვიდოდა, რომ უმრავლესობის წევრს ხელს ვაფარებდი.

ნანეტაშვილი ამბობს, რომ თქვენ გიგა ბოკერიას დაკვეთა შეასრულეთ.

- ჟურნალისტები ჩემთან 17 მარტს მოვიდნენ. ვთხოვე, არაფერი ეთქვათ პრესკონფერენციის მოწყობამდე, მაგრამ მეორე დღეს მაინც გახმაურდა ყველაფერი. 18 მარტს, საღამოს 5 საათზე ნანეტაშვილი გაზეთ “თრიალეთის” რედაქტორთან ერთად მოვიდა და პრესკონფერენციის გამართვა მთხოვა. თემა ყველასთვის ცნობილია - საქმე გორის პროკურორის მიერ ამ ქალის გაუპატიურების მცდელობას ეხებოდა. ვუთხარი, რა დროს პრესკონფერენციაა, უკვე საღამოს 5 საათია-მეთქი, მაგრამ დაიჟინა, პრესკონფერენცია ახლავე უნდა ჩატარდესო. ერთი სიტყვით, ჩავატარეთ. გავიდა ორი კვირა, შევისწავლეთ ჟურნალისტების საჩივარი და დამირეკა ნანეტაშვილმა, თითქოს ჟურნალისტებმა ყველაფერი გადათქვეს და ამას მხოლოდ პოლიციის უფროსის ზეგავლენით აკეთებდნენ. გავაგზავნე ჩემი თანამშრომლები ადგილზე სიტუაციის გასარკვევად და ყველამ დაადასტურა ნანეტაშვილის მხრიდან ზეწოლის ფაქტი. აი, მაშინ გამოჩნდა ნანეტაშვილის ნამდვილი სახე. რომ გაიგო, ჟურნალისტები ადასტურებდნენ ზეწოლის ფაქტებს, დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი წარგზავნილი გოგონები თურმე ძალზე საეჭვოდ მეგობრობდნენ ბიჭ ჟურნალისტებთან. ერთი სიტყვით, ეს ნანეტაშვილის ჩვეული სტილია. პროკურორ აბულაძის შემთხვევაშიც ეს თემა იყო აქტუალური, ჩემი წარგზავნილებიც “ამ მახეში” გაებნენ. ჯონი ნანეტაშვილმა (ბადრი ნანეტაშვილის ძმა) მომჩივანი ქალი ჟურნალისტების სამსახურიდან გაყრაც ასეთ ისტორიებს დაუკავშირა და იმასაც კი მოჰყვა, როგორ ჩაიკეტა ერთ-ერთი ჟურნალისტი ვიღაცასთან ერთად ტუალეტში... ასეთი ამაზრზენი სისულელეებით აპირებდნენ თავის მართლებას ძმები, ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი მედიამფლობელები. მაშინ “თრიალეთის” ერთ-ერთმა შერისხულმა თანამშრომელმა თქვა, ნეტავ პარლამენტში არ კითხულობენ, ბადრი ნანეტაშვილი პარლამენტის სხდომებს რატომ არ ესწრებაო, როგორ დაესწრება, სულ აქ არის და თავის ბიზნესს აწყობსო. ეს ფაქტები რომ არ გამეხმაურებინა, არ შემეძლო და რა შუაშია გიგა ბოკერიას შეკვეთა? იმ ჟურნალისტებს ჩემთან მოსვლა ბოკერიამ შეუკვეთა?

სხვა პარლამენტარებს რომ აქვთ ბიზნესი, ამაზე რატომ არავინ იღებს ხმას?

- ეს და ზოგადად, კორუფციული საკითხები, ცხადია, შედის სახალხო დამცველის მოვალეობაში, მაგრამ პირადად მე თავს ვიკავებ, თუკი ეს საკითხი ადამიანის უფლებების შელახვასთან არ არის დაკავშირებული, ნანეტაშვილის საქმე კი სწორედ ასეთი იყო. მოძიებული მასალები პარლამენტში გავაგზავნე, მაგრამ სამი თვის განმავლობაში რეაგირება არ ყოფილა. ჟურნალისტებს შეტანილი ჰქონდათ განცხადება რეგიონის ფინანსურ პოლიციაშიც, იქაც წერილს წერილზე ვგზავნიდი, მაგრამ ამაოდ... ეს რომ ხელისუფლების შეკვეთა ყოფილიყო, ასე უყურადღებოდ დატოვებდნენ? ასე რომ ყოფილიყო, ნანეტაშვილი ფინანსურ პოლიციას ასჯერ ეყოლებოდა გაბაწრული. პასუხიც არ გვაღირსეს ფინანსური პოლიციიდან და როგორ არის ეს შეკვეთა? თუმცა ერთი კი ვიცი, რომ შარშან ნანეტაშვილმა დახურა ტელევიზია. განაცხადა, წართმევას მიპირებდნენო და ხელს მიხეილ ქარელსა და ირაკლი ოქრუაშვილს ადებდა. მაშინაც ჩვენ ჩავერიეთ და ეს ამბავი მოგვარდა...

თავის დროზე რომ ნანეტაშვილს ჩაგრავდნენ, ეს არ აძლევს მას უფლებას, ჟურნალისტები დაჩაგროს და თანაც ისე, რომ ხმის ამოღება ვერავინ გაბედოს. ჟურნალისტებმა ისიც მითხრეს, რომ ნანეტაშვილი თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენების დაშანტაჟებასა და მათთვის ფულის გამოძალვას აიძულებდა... თუ ეს დადასტურდა, ნანეტაშვილს პარლამენტიდან გარიცხვას არ აკმარებენ, მას სისხლის სამართლის წესით მოუწევს პასუხისგება.