ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის, - იუწყება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან სამხრეთკორეელ კოლეგას, მუნ ჯე ინს მისწერა, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო დამწუხრებულია.
სეულის მონაცემებით, 47 წლის კაცი 21 სექტემბერს, კუნძულ იონხიონდოსთან ინსპექციის ჩატარების დროს კატერის ბორტიდან გაუჩინარდა. სავარაუდოდ, მან ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა სცადა და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში გაცურა. მისი ცხედარი ჩრდილოეთ კორეის პატრულმა აღმოაჩინა. ექსპერტიზის შემდეგ სეულში ამტკიცებენ, რომ კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შემდეგ კი კუნძულზე მისი ცხედარი დაწვეს.
სამხრეთ კორეაში მიიჩნევენ, რომ ფხენიანის მთავრობა ასეთ „არაადამიანურ“ საქციელზე კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის საკუთარი ინსტრუქციების გამო წავიდა. ეს პირველი შემთხვევაა 2008 წლიდან, როცა ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის მოქალაქე მოკლეს.