ამ ეტაპზე თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას პრემიერ-მინისტრობის თავისი კანდიდატი ჰყავს, ან ფიქრობს დასახელებაზე. პრემიერობის კანდიდატს ამომრჩეველს უახლოეს დღეებში წარუდგენს „ევროპული საქართველო“ და ეს დავით ბაქრაძე იქნება. დღეიდან პარტია მოსახლეობას დაურიგებს ვალდებულებათა ბარათებს, სადაც მოკლედ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რასაც პარტია იღებს. მეორე იქნება ხელშეკრულება ხალხთან, რომელზეც იქნება პარტიის ლიდერების ხელმოწერა, რაც ნიშნავს, რომ ლიდერები პირადად აგებენ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე იღებენ. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ამას ექნება პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა და ეს არ იქნება ჰაერში გასროლილი დაპირება.
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ე.წ. ვალდებულებათა ბარათის გარდა, ისინი ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც იღებენ, რომ არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. კაპანაძე პოლიტიკურ ძალებსაც ანალოგიური ვალდებულებების აღებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი კამპანია მდგომარეობს იმაში, რომ მოხალისეებთან, აქტივისტებთან, ისევე როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ვალდებულებათა ბარათი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ. გარდა ამისა, ორ სხვა ვალდებულებასაც ვიღებთ, ეს არის უკვე პოლიტიკური ვალდებულება. პირველი ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან“ და მას არ შევუქმნით მთავრობას.
მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, რომ იგივე ტიპის ვალდებულება აიღონ. ასევე, შემიძლია აქვე დავამატო, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს. ეს არის დამატებითი პოლიტიკური ვალდებულება. ყველაზე მთავარი არის ცვლილებების გეგმაში არსებული ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ „ნაცმოძრაობას“ დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა, რომ ყავდეთ საერთო პრემიერი, „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათ ვერავინ ვერაფერს აიძულებს. როგორც დავით ბაქრაძე ამბობს, ისინი მხარს არ უჭერენ ერთპიროვნულ მმართველობას, ამიტომ გამორიცხავენ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“ და არ უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს.
„როგორც ივანიშვილს, ისე სააკაშვილს, სურთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, სადაც ყველა იზიარებს ერთი პარტიის აზრს. ამიტომ, ჩვენ გამოვრიცხავთ შეთანხმებას „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან და ამავე მიზეზით არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს. ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, სისტემა, სადაც ერთი პარტია დომინირებს და აიძულებს სხვებს, რომ რაღაცაზე დაეთანხმოს, უნდა დასრულდეს. სწორედ ამას ჰქვია გარდამტეხი ცვლილებები ამ არჩევნებზე და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ამ არჩევნებზე“, - განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციას, რომელსაც გახსნილი აქვს ორი ფრონტი სააკაშვილის და ივანიშვილის წინააღმდეგ, მოუწევს არჩევა, ერთ-ერთი უნდა დახუროს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, საქართველოს ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას პოლიტიკური ცვლილებები სურს.
„ზოგადად, ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა საკმაოდ დაბალია. ეს კი ნიშნავს, რომ ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის ანდოს ქვეყანა. ოპოზიციას, რომელსაც ორი ფრონტი აქვს გახსნილი, ერთი მიხეილ სააკაშვილის და მეორე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მოუწევს არჩევა, ერთ-ერთი ფრონტი უნდა დახუროს და აირჩიოს, რომელია მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ერთი ფრონტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვისაც უნდა ჩვენთან ერთად ბრძოლა, ამ ფრონტზე ვეპატიჟებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი იწყება. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციას ერთიანობისაკენ მოუწოდებდა, რასაც ერთადერთი გამართლება ჰქონდა - თუ რევოლუციას აპირებდნენ, რევოლუციას სჭირდება პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, თუმცა აღმოჩნდა, რომ რევოლიცია არ გამოდის, ხალხი არ აჰყვა – შევიდნენ საარჩევნო პროცესში, მაგრამ შევიდნენ მოუმზადებლები.
„როგორც კი შევიდნენ საარჩევნო პროცესში, იმ მომენტიდან გააცნობიერეს, რომ დასაწყისში ნათქვამს - „გავერთიანდეთ“, თავისი ხარვეზები ჰქონდა. კერძოდ, რეიტინგით პატარა პარტიები რომ გაერთიანებულიყვნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე მიიღებდნენ ხმებს და გამოვიდოდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ამორჩევლის საშუალებით გაიყვანა ყველა სხვა. ამან გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ის აზრი, რაც ახლა მიშასთანაც გამოჩნდა, რომ ყველა პარტიამ თავის ხმებზე თვითონ უნდა იზრუნოს. პარტიულ ბრძოლას არ ახასიათებს ერთმანეთზე ზრუნვა, ისევე, როგორც ყველა ბრძოლას. ნაციონალებმა გადაწყვიტეს, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოიზიდონ თავისკენ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის შეფასებით, ნაციონალების შვილობილები „ევროპული საქართველოს“ თამადობით, იმ ამომრჩევლის ზურგზე დგაგან, ვინც თავის დროზე მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა. შესაბაბამისად, თუ ნაციონალები მოისურვებენ, რომ ყველა მისთვის ხმის მიმცემი მასთან დადგეს, მათ უნდა დაარტყან თავიანთ ყოფილ თანაგუნდელებს და შვილობილებს, რომ ის ხმებიც წამოიყვანონ, რომლებიც ახლა მათთან არის.
„ამიტომ დაარტყა კიდეც სააკაშვილმა და დანარჩენებმაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ძირითადად, ყოფილ ნაციონალებს და გაიმართა მათ შორის ბრძოლა. თან ყოფილ ნაციონალებსაც აწყობთ ახლა სააკაშვილთან დაპირისპირება, რადგან მათ ეძახდნენ ნაციონალებს და ხმებს არ აძლევდნენ იმიტომ, რომ სააკაშვილის გვერდით იდგნენ. ახლა შეეცდებიან სააკაშვილთან დაპირისპირება გამოიყენონ იმისათვის, რომ ეცადონ მოიზიდონ საკუთარი, სააკაშვილის ფაქტორის გარეშე ჩამოყალიბებული ამომრჩეველი. მე, მგონია რომ ასეთი მანევრისთვის უკვე გვიანია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე დარწმუნებულია, რომ დაპირისპირება ოპოზიციაში გამწვავდება. მისი თქმით, ცხადი იყო, რომ ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ოპოზიციის ერთიანობა ილუზორული იყო. ისინი გააერთიანა გარკვეულმა სიგნალებმა, რომ ხელისუფლება იცვლებოდა. შესაბამისად, ტორტის ნაჭრები ყველას მოუნდა.
„ისეთი ხალხი გაერთიანდა, რომელთაც წლების მანძილზე იმდენჯერ ჰყავდათ ერთმანეთი ნალანძღი, რომ მათი ერთად ყოფნით გაოცებული დარჩა მთელი საქართველო. მათ ასე ეგონათ, რომ ხელისუფლება იცვლეობდა, მაგრამ ეს სიგნალები აღმოჩნდა ცრუ და ყველა დაბრუნდა თავის საწყის მდგომარეობაში, ანუ თავისი ინტერესების ფარგლებში. გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალაზე მეტი რეიტინგი აქვს, თითოეულზე ორჯერ მეტი და აქედან გამომდინარე, მას არ სურს თავისი ელექტორალური რესურსის გაფლანგვა ვიღაცეებზე, დაუბრუნდა საკუთარ საქმეს და ცდილობს გახდეს ერთადერთი რადიკალური ოპოზიციური ცენტრი. ბუნებრივია, რომ ასეთი რამ არ აწყობს არც „ევროპულ საქართველოს“ და არც სხვა დანარჩენს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.
ანალიტიკოსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამას სულ ამომბოდა და ერთადერთი იყო, რომელიც ყოველთვის ეჭვს გამოთქვამდა ასეთი ტიპის გაერთიანების მიზანშეწონილობაზე და პოზიციონირებდა როგორც მომავალი მმართველი, რომელიც თურმე უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში.
„პარადოქსი ის არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა გამაერთიანებლის სტატუსი, ეტყობა სადღაც ვიღაცისთვის დასანახად სჭირდებათ. კერძოდ, მან შემოიერთა ისეთი „მრავალრიცხოვანი“ და „პოპულარული“ პარტიები როგორიც არის მაჭუტაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“; „რესპუბლიკური პარტია“; რომელიც გამოირჩევა თავისი „საოცარი პოპულარობით“ და ზაზა ოქრიაშვილის „პროგრესი და თავისუფლება“. ეს, რა თქმა უნდა, ანეგნოტურია, მაგრამ ეტყობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობა ჩადეს ამ ყველაფერში. ამიტომ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს დაპირისპირება მწვავდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.