გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.
„იმისათვის, რომ გაერო კვლავ ეფექტური გახდეს, უშიშროების საბჭოს რეფორმირება გვესაჭიროება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურა, რომელიც შვიდი მილიარდი ადამიანის ბედს ხუთი ქვეყნის გულმოწყალების იმედად ტოვებს, სამართლიანი და მდგრადი არ არის.
„ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ არ შეგვიძლია დღევანდელი გამოწვევების გადალახვა იმ სტრუქტურების მეშვეობით, რომელიც წინა საუკუნის საჭიროებების შესაბამისად შეიქმნა“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გაეროს სისტემას არ შეუძლია კონფლიქტების თავიდან აცილება და უკვე დაწყებული კონფლიქტების გადაჭრა.
„გაეროს უშიშროების საბჭოს აფრქიტექტურა, რომელიც დემოკრატიულ, გამჭვირვალე, პასუხისმგებლიან, ეფექტურ და სამართლიან წარმომადგენლობას ეფუძნება, კაცობრიობისთვის აუცილებლობა გახდა და არა არჩევანი“, - დასძინა მან.