Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზაფხულში დაუბრუნდება. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება.
„საუკეთესო შემთხვევაში, ეპიდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება. თუმცა, ვაქცინის შექმნის ტექნოლოგია არსებობდა, დაფინანსება გაჩნდა, კომპანიებმა თავიანთი საუკეთესო ხალხი ჩართეს ამ პროცესში. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება“, - განაცხადა ბილ გეითსმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბილ გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინების დამტკიცება 2021 წლის დასაწყისისთვისაა მოსალოდნელი.
„თუ ეს მოხდება, მაშინ გაისად ზაფხულში აშშ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას დაიწყებს. წლის ბოლოს კი ჩვენი საქმიანობა საკმაოდ ნორმალურ შეიძლება იყოს, თუ სხვა ქვეყნებსაც დავეხმარებით“, - დასძინა მან.