შეიცვლება თუ არა აშშ-ს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
აშშ-ს საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს - ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადაგან ორივე კანდიდატი საქართველოს ღირსეულ, მნიშვნელოვან და სერიოზულ პარტნიორად აღიქვამს - აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრობს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ჯონ ბაიდენს არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.
მისივე თქმით, ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია.
„ჯონ ბაიდენსაც და დონალდ ტრამპსაც არჩევნებში გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ბაიდენის რეიტინგი მაღალი იყო, ბოლო დროს ტრამპის რეიტინგი აჭარბებს. თუმცა, ძალიან ადრეა ვთქვათ, რომ ამერიკაში არჩევნების ბედი გადაწყდა", - განაცხადა „რეზონანსთან" ფხალაძემ.
ფხალაძის თქმით, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვება საქართველოსთვის მისაღებია.
„ტრამპსა და ბაიდენს შიდა პოლიტიკის მიმართ სხვადასხვა ხედვა აქვთ. მათი აზრთა სხვადასხვაობა, ძირითადად ამერიკის შიდა საკითხებთან არის დაკავშირებული.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მათი ხედვა, მსოფლიო უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბაიდენიც და ტრამპიც საქართველოს მნიშვნელოვან, ღირსეულ და სერიოზულ პარტნიორად აღიქვამენ. აბსოლუტურად იზიარებს პრობლემებს, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციისგან.
ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვება ჩვენთვის მისაღებია. ორივე კანდიდატი აფასებს საქართველოს. ჩვენი და აშშ-ს მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა მოწმობს,რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც „დემოკრატების" გუნდიდან, ასევე "რესპუბლიკელების" გუნდიდან.
აშშ-ს არჩევნების შემდეგ, საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება არ შეიცვლება. მნიშვნელოვანია, ჩვენი შანსები სწორად გამოვიყენოთ.
„დემოკრატები" სხვანაირად უყურებენ სხვადასხვა საკითხებს, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი სხვანაირად აღიქვამს. „დემოკრატებს" ახასიათებთ მეტი ჩართულობა და მეტი გახსნილობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, დონალდ ტრამპი უფრო კონსერვატორულია", - განაცხადა ფხალაძემ.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.