ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია.
„იყო განცხადებები, რომ ნახევარი არმია გადაისროლეს დასავლეთის მიმართულებით საზღვრის დასაცავად. თითქოს აქ რაღაც ემუქრებათ, ვინმე თავდასხმას აპირებს. ეს არაადეკვატური ადამიანის არაადეკვატური რეაქციაა“, განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
მისივე თქმით, როდესაც მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა გაკოტრების ზღვარზეა, მსგავსი ნაბიჯები აწონილად უნდა გადაიდგას.
17 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი იძულებულია პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვარი ჩაკეტოს, ხოლო უკრაინასთან კი სასაზღვრო რეჟიმი გაძლიერდება. ბელარუსის პრეზიდენტმა პოლონელ, ლიეტუველ და უკრაინელ ხალხს მოუწოდა, თავიანთი შეშლილი პოლიტიკოსები შეაჩერონ და ომის გაჩაღება არ დაუშვან.