საფრანგეთში დაკავებულ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი იარაღით უკანონო ვაჭრობაში ამხელს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ მისი ადვოკატები. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით კეზერაშვილს ბრალად ედება იარაღით უკანონო ვაჭრობა, ჯერჯერობით არ არსებობს.
ჩვენ დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ ინფორმაციას, რა რაოდენობის და დასახელების იარაღი შეიძინა ქართულმა არმიამ დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, ის კი, რა დარჩა აქედან (2008 წლის აგვისტოს ომის დანაკარგების გათვალისწინებით), კომპეტენტური ორგანოების დასათვლელია.
ეს სტატისტიკური მონაცემები ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩვეულებრივი შეიარაღების რეესტრის რაპორტებს, რომლებსაც შეიარაღების ექსპორტიორ-იმპორტიორი ქვეყნები ყოველწლიურად აწვდიან გაეროს.
დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრად 2006 წლის 11 ნოემბერს დაინიშნა და ამ პოსტზე 2008 წლის 5 დეკემბრამდე დაჰყო. სწორედ ამ პერიოდში, 2007-2008 წლებში, გაიზარდა საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 1,5 მლრდ ლარამდე და საზღვარგარეთ შეიარაღების შესყიდვამ არნახულ მასშტაბს მიაღწია (ალბათ, ასეთი დიდი სამხედრო ხარჯი უახლოეს მომავალში აღარ იქნება).
2006 წლის რაპორტში, რომელიც ქართულმა მხარემ გაეროს ?ჩვეულებრივი შეიარაღების რეესტრს მიაწოდა, წერია, რომ საქართველომ ჩეხეთში შეისყიდა 35 ტანკი Т-72, 12 თვითმავალი საარტილერიო Dana, 30 ჰაუბიცა Д-30, ბოსნია და ჰერცეგოვინაში - 15 ნაღმსატყორცნი, უკრაინაში - ОСА-ს 48 საზენიტო რაკეტა და ОСА-АКМ-ის ერთი სისტემა, ყაზახეთში - 758 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა "შტურმი", 552 ცალი უმართავი საავიაციო რაკეტა С-5, ბულგარეთში კი - 450 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები "ფაგოტი" და "კონკურსი".
ამ შესყიდვებში წლის ბოლოს თავდაცვის მინისტრად დანიშნული დავით კეზერაშვილი, სავარაუდოდ, მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ეს ხელშეკრულებები მისი წინამორბედის, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაფორმდა.
სამაგიეროდ, 2007 წელს იარაღი უკვე დავით კეზერაშვილის მითითებით შეიძინეს. ამ წელს ქართულმა არმიამ უკრაინაში 74 ტანკი, 6 შეჯავშნული უნივერსალური გამწე, 5 მსხვილკალიბრიანი საარტილერიო "პიონი", 8 სასწავლო-საბრძოლო L-39 ტიპის თვითმფრინავი, საზენიტო <ერ-ვ1-ების ერთი დივიზიონი 48 საზMენიტო რაკეტით, 400 მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა "კომბატი" (რომელთაც ტანკის ლულიდან უშვებენ), ბულგარეთში კი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის 48 გასაშვები დანადგარი, მისთვის განკუთვნილი 150 რაკეტა "ფაგოტი" და 10 000 უმართავი საავიაციო რაკეტა ჩ-5 იყიდა. პოლონეთში შეიძინეს 30 ცალი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "გრომი" 100 საზენიტო რაკეტით, ხოლო ისრაელში - Lar-160 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 4 დანადგარი.
2007 წელსვე ქართულმა არმიამ უკრაინაში იყიდა ცეცხლსასროლი იარაღის დიდი პარტია: 10 000 ავტომატი АК-74, 5 100 АКС-74У, 2 304 АКС-74 და 60 ტყვიამფრქვევი ПКМС.
2008 კალენდარული წლის რაპორტი საქართველოს გაეროსთვის აღარ წარუდგენია, ისევე, როგორც შემდგომი წლების, თუმცა სხვა ქვეყნების რაპორტებიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდის დასრულებამდე (2008 წლის 5 დეკემბერი) ქართულ არმიას უკრაინამ მიჰყიდა ერთი Т-72, 15 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-1 ახალი შეიარაღებით (რომლებიც რუსებმა გორის სატანკო ბატალიონის ფარეხიდან დაუბრკოლებლად გაიტანეს) და 25 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-70.
ამასთან, 2007-2008 წლებში თურქეთმა საქართველოს 70 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი "ეჯდერი" მიჰყიდა.
გაეროს ჩვეულებრივი შეიარაღების რეესტრის მონაცემები ამომწურავი არ არის, რადგან იქ არ ჩანს ქართული არმიის მიერ 2007 წელს შეძენილი M4 ტიპის ავტომატური კარაბინები, ებრაული საზენიტო "სპაიდერები" და ზოგიერთი სხვა იარაღი.
შეიძლებოდა თუ არა, საზღვარგარეთ შესყიდული ამ შეიარაღების ნაწილი ქართული არმიის საწყობების ნაცვლად მესამე ქვეყნებში მოხვედრილიყო? გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალთან, კოდორის ხეობაში, სენაკსა და გორში დარჩა შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის დიდი მარაგი, რომლის ნაწილი რუსმა სამხედროებმა გაიტანეს, ნაწილი კი ადგილობრივმა მოსახლეობამ გადამალა (ძირითადად, გადაყრილი ავტომატები).
ასეთი ქაოსის პირობებში ძნელია იმის თქმა, რა განადგურდა ბრძოლის დროს და რა წაიღეს ალაფად, თუმცა ობიექტური გამოძიების შემთხვევაში სიმართლის დადგენა მაინც შეიძლება.