პირველ აპრილს მთაწმინდის პანთეონში, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ზაქარია ჭიჭინაძის საფლავებს შორის დაკრძალეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
მისი ნეშტი სამშობლოში, დარიალის გამტარ პუნქტზე 28 მარტს, 01.05 საათზე რეანიმობილით ჩამოასვენეს და პირველად კოლხურ კოშკში დაასვენეს, სადაც ექსპრეზიდენტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
31 მარტს გამსახურდიას ნეშტი დილის 07.30 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც კოლხური კოშკის მსგავსად, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ჭირისუფალთა შორის იდგნენ მანანა არჩვაძე-გამსახურდია, გიორგი, ცოტნე, კონსტანტინე, დემეტრე და ზვიად გამსახურდიები, მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული ვასილ მაღლაფერიძე, თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი.
მცხეთაში, კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციაში, მთელი დღის განმავლობაში გამართული იყო ტრაპეზი ჭირისუფლებისთვის და უშუალოდ ცერემონიაში ჩართული ადამიანებისთვის.
თბილისიდან მცხეთის მიმართულებით სპეციალურად უფასოდ მოძრავ რამდენიმე ავტობუსს კი სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სვეტიცხოველში გადაჰყავდა. პირველ აპრილს დილით გამსახურდიას ნეშტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან თბილისში გადაასვენეს.
ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 68 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ საქართველოს მოქმედი და ყოფილი მთავრობისა და პარლამენტის წევრები. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
“საქართველოს საზოგადოება ვალდებულია, პატივით მიაბაროს მიწას პირველი პრეზიდენტი. მე ქედს ვიხრი ზვიად გამსახურდიას ვაჟკაცობისა და შემართების წინაშე”, - განაცხადა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პანაშვიდზე მისულმა მემარჯვენე დავით საგანელიძემ.
ზვიად გამსახურდიას ნეშტს უკანასკნელი პატივი მიაგო ედუარდ შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემაც. მისი თქმით, “ქართული საზოგადოება სრული კონსოლიდაციით და შემართებით დახვდა პირველ პრეზიდენტს და ყველა ქართველის ვალია, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას ღირსეული პატივი მიაგოს”.
ავთანდილ ჯორბენაძის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვასთან დაკავშირებით ოჯახმა და მთლიანად საზოგადოებამ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.
ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვამდე პარლამენტის შენობის წინ დაასვენეს, სადაც ექსპრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და მთავრობის სხვა წევრებმა.
ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი ვაჟის, გიორგის განცხადებით, უახლოეს პერიოდში თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით გამოცხადდება კონკურსი საფლავის მოსაპირკეთებლად. ჟიური საუკეთესო ვარიანტს შეარჩევს.